რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვის საპატიმრო „მატროსსკაია ტიშინაში“ მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სახელდახელო პროცესზე 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა 44 წლის პოლიტიკოსს, რომელიც მოსკოვში გერმანიიდან დაბრუნდა 17 იანვარს.
კრემლის კრიტიკოსი შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრეს ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ. ნავალნი გერმანიაში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა აგვისტოში საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ. ნავალნის თქმით, ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით მოწამლეს.
როგორც უფლებადამცველმა ალექსეი მელნიკოვმა განაცხადა, მან ნავალნი „მატროსსკაია ტიშინაში“ მოინახულა. მისი თქმით, ნავალნი მარტო იმყოფება საკანში, ვინაიდან ორი კვირა კარანტინში უნდა გაატაროს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით.
2 თებერვალს სხვა სასამართლო გადაწყვეტს, ნავალნის რეალური პატიმრობით შეეცვალოს თუ არა 3,5 წლით პირობითი პატიმრობა, რაც მას თაღლითობის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქუჩებში გავიდნენ პროტესტის გამოსახატად.