წყაროს ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ ხურჩაში დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურჩასთან

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში გადასულ სამ ახალგაზრდას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაკავებისას რუსმა მესაზღვრეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ორმა წყარომ სოფელ ხურჩიდან.

18 იანვარს, საღამოს 9 საათისთვის, საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან ხურჩაში გადასვლის მცდელობისას სამი ახალგაზრდა შენიშნეს საოკუპაციო ხაზთან მყოფმა რუსმა მესაზღვრებმა და უკან დაედევნენ.

„ესენი დამალვას ადგილობრივების სახლებში შეეცადნენ ხურჩაში გადმოსვლის შემდეგ, მაგრამ ძაღლთან ერთად გადმოვიდნენ რუსები ჩვენს ტერიტორიაზე. იყო ცემა, ერთი ამბავი და ძალით წაათრიეს უკან“, - უამბო რადიო თავისუფლებას ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ხურჩაში ბადრი ხუნჯგურუა ადასტურებს, რომ 2 ახალგაზრდა ქალი და 1 მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხურჩაში გადასვლის შემდეგ დააკავეს. ამასთან, მერის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ცემის ფაქტს ვერ დაადასტურებს. ბადრი ხუნჯგურუას ინფორმაციით, სამივე დაკავებული გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მცხოვრებია: „როგორც მე ვიცი, დაკავებისთანავე წაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მერე რა მოხდა, არაფერი ვიცი“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 იანვარს, გვიან საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხურჩაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს სამი მოქალაქე, „ცხელი ხაზის“ დაუყოვნებლივ ამოქმედების შემდეგ კი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს პირები პატიმრობაში აღარ იმყოფებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მომხდარი ფაქტი მიზანმიმართულ პროვოკაციად შეაფასა.

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე 2017 წლამდე არსებობდა ოთხი ე.წ. გამშვები პუნქტი - ენგურის ხიდი, ხურჩა-ნაბაკევი, ოტობაია-ორსანტია და საბერიო-ფახულანი. მათ ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვეთდა. 2017 წლიდან დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეთა გადაადგილების „უკეთ გაკონტროლების მიზნით“ მხოლოდ ორი „გამშვები პუნქტი“ დატოვა - ენგურის ხიდის და საბერიო-ფახულანის.

ამჟამად, კორონავირუსის ეპიდემიის მოტივით, დე ფაქტო ხელისუფლებას ყველა პუნქტი დაკეტილი აქვს და პერიოდულად, "ჰუმანიტარული მიზნებით" დროებით ხსნის მხოლოდ ენგურის "გამშვებ პუნქტს".

ოკუპირებულ აფხაზეთში, ძირითადად, გალის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, სხვადასხვა საჭიროებისთვის ე.წ. საზღვრის ფარულად გადაკვეთას და დანარჩენ საქართველოში გადასვლას სხვადასხვა ადგილას ცდილობენ, მათ შორის, მდინარე ენგურის გადაცურვით, რასაც არაერთი უბედური შემთხვევაც მოჰყვა.