გერბები საბჭოთა კავშირში და ახლა

მას შემდეგ, რაც ბელორუსმა თავის გერბი ოდნავ შეცვალა, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სიმბოლოებსაც გადავხედეთ. როგორ შეიცვალა ისინი დამოუკიდებლობის შემდეგ?

უზბეკეთის სსრ

საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანას მოეთხოვებოდა მის გერბზე გამოსახული ყოფილიყო ნამგალი, ურო, ხორბალი, ამომავალი მზე და წითელი ვარსკვლავი. ასევე აუცილებელი იყო გერბზე დაეტანათ მარქსის ფრაზა: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“. ამ ყველაფერთან ერთად, უზბეკეთის გერბი ბამბის ყლორტებითაც იყო შემკული.

უზბეკეთი

დამოუკიდებელი უზბეკეთის ემბლემაზე გამოსახულია მითიური ფრინველი სიმურგი, მის უკან უზბეკეთის პეიზაჟი მოჩანს, რომელსაც ორი მდინარე სირდარია და ამურდარია კვეთენ. ფრთებგაშლილი სიმურგი სპარსული ფოლკლორის პოპულარული სახეა, ის ასევე დატანილია ირანის ვალუტაზე. გერბის თავში ნახევარმთვარე ჩანს.

სომხეთის სსრ

საბჭოთა სომხეთის გერბზე არარატის ორი მწვერვალია დატანილი. არარატი 1921 წლიდან თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, მაგრამ მისი დიდებული ხედი კარგად მოჩანს სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან. ყურძნის მტევანი გამოხატავს, რომ ქვეყანას მევენახეობის დიდი კულტურა აქვს.

სომხეთი

ახლანდელ გერბზე არწივი და ლომია გამოსახული, რაც სომხეთის ქრისტიანობამდელ იმპერიას განასახიერებს. ფარზე სომხეთის ოთხი ძველი დინასტიის გერბებია, ფარის შუაგულში კი არარატის მთაზე შეჩერებული ნოეს კიდობანი.

ბელარუსის სსრ

საბჭოთა ემბლემა გაფორმებულია ლურჯი ყვავილების წნულით (მარჯვნივ) და ვარდისფერი სამყურებით (მარცხნივ). ბელორუსს სელის წარმოების დიდი კულტურა აქვს.

ბელარუსი

განახლებულ გერბში კომუნისტური ურო და ნამგალი ბელორუსის რუკამ ჩაანაცვლა, თუმცა დარჩა ვარსკვლავი. ბელორუსი ერთადერთი აღიარებული პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომლის ეროვნულ სიმბოლოზეც წითელი ვარსკვლავი ჩანს. მიიჩნევა, რომ წითელი ვარსკვლავი კომუნისტურ დიქტატურასთან 1908 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის „წითელი ვარსკვლავის“ გამოისობით ასოცირდება. წიგნი მარსზე არსებული სოციალური უტოპიის შესახებ მოგვითხრობს.

ლატვიის სსრ

ზღვის ტალღების მონახაზი ლატვიის გერბზე სოციალიზმის აისთან მიმართებით დილემას ქმნიდა. აისი გამოსახული უნდა ყოფილიყო ყველა საბჭოთა გერბზე. ლატვიის ზღვის ნაპირები დასავლეთისკენ იყურება, რაც ნიშნავს, რომ იქ მხოლოდ დაისის დანახვაა შესაძლებელი. დიზაინის შეცდომის გამო გავრცელდა ხუმრობა, რომ ევროპა სოციალიზმის დაისი იყო.

ლატვია

ვარსკვლავები გერბის თავზე დამოუკიდებელი ლატვიის სამ ისტორიულ რეგიონს განასახიერებს. ლომი და გრიფონი ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიის სიმბოლოა, ამომავალი მზე კი (ბალტიის ზღვის გარეშე) თავისუფლებაზე მიანიშნებს. გერბი გაფორმებულია მუხის ფოთლებით, რაც ასევე ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს.

უკრაინის სსრ

ემბლემაზე დომინირებს ხორბლის თავთუხები, რაც მიანიშნებს უკრაინის, როგორც პურის ქვეყნის რეპუტაციაზე საბჭოთა კავშირში.

უკრაინა

გერბი განთავსებულია სამკაპზე, რაც კიევის რუსეთის მმართველის ვოლოდიმირ დიდის სიმბოლოა.

2020 წლის ბოლოს გამოცხადდა კონკურსი უკრაინის გაუმჯობესებული გერბის შესაქმნელად. სამკაპი გერბის ცენტრში უნდა ყოფილიყო. გამარჯვებულმა დიზაინმა პოპულარობა ვერ მოიპოვა. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ: „დრო, როცა [მნიშვნელოვანი სახელმწიფო სიმბოლოები უმტკივნეულოდ მტკიცდებოდა] დასრულდა“. განახლებული გერბი 2021 წელს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა, მოსალოდნელია, გერბის ამ ვარიანტზე კანონმდებლებმა უარი თქვან.

ტაჯიკეთის სსრ

გერბს იყენებდნენ 1930-იან წლებში, შემდეგ კი ის სხვა ვერსიით შეიცვალა. გარდა იმისა, რომ გერბი გამოსახავს ტაჯიკეთის ხედებს, ჰიდროელექტრო სადგურებს, სოფლის მეურნეობის სფეროს, მასზე ასევე ჩანს აბრეშუმის ჭიების პარკები (ნამგალთან და უროსთან), რაც მიანიშნებს ოდესღაც აბრეშუმის გზაზე მდებარე ქალაქებსა და მათ აბრეშუმის ფაბრიკებზე.

ტაჯიკეთი

ამჟამინდელ გერბზე გამოსახულია ბამბისა და ხორბლის ღეროები, ასევე მთები. გერბის ძირში გაშლილი წიგნი ჩანს. სხვადასხვა მოსაზრებაა გვირგვინთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვერსიით, ამ გვირგვინით პატივი მიაგეს ტაჯიკეთის პრე-ისლამურ პერიოდში გავცელებულ ცეცხლთაყვანისმცემლობის ტრადიციას (ამაზე მიანიშნებს სამი ალი გვირგვინში).