"1935 წლის 27 სექტემბერი კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი დღეა, რომლის შესახებაც აბსოლუტურად ყველაფერია ცნობილი", - ასე აფასებდა საბჭოთა პროპაგანდა მწერლების, მაქსიმ გორკისა და მიხაილ კოლცოვის მიერ შერჩეულ ერთ კალენდარულ დღეს, რომლის აღწერასაც მიეძღვნა უზარმაზარი ტომი სათაურით „მსოფლიოს დღე“ („День мира“), სადაც თავი მოიყარა რამდენიმე ათასმა კორესპონდენციამ, სტატიამ, ფოტომ და ილუსტრაციამ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან იმის საჩვენებლად, თუ რა არსებითი განსხვავებაა საბჭოურ და კაპიტალისტურ დღეებს შორის ბრმად შერჩეული ერთი დღის - 1935 წლის 27 სექტემბრის - მაგალითზე, თუ როგორ ყვავის საბჭოთა საზოგადოება და როგორ იხრწნება დასავლეთი, როგორ შიმშილობენ ბავშვები ევროპაში და როგორ ხარობენ ისინი სსრკ-ში, როგორი ჩაგვრაა ამერიკაში და როგორი თანასწორობა სოციალისტურ რესპუბლიკებში... „მსოფლიოს დღე“ - ეს არის ტყუილ-მართალით შეზავებული 3 კგ-იანი პროპაგანდისტული წიგნი, რომელშიც მოკრძალებული ადგილი - ორიოდე გვერდი - საქართველოსაც ეთმობა.
თვითონ მაქსიმ გორკი, რომელიც 1936 წლის 18 ივნისს გარდაიცვალა, წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო. სატიტულო გვერდზე მისი სახელი და გვარი შავ ჩარჩოშია ჩასმული, თუმცა წიგნი იხსნება სწორედ მაქსიმ გორკის წერილით „ჩვენი წიგნის ამოცანები“, რომლიდანაც თვალსაჩინო ხდება ამ უზარმაზარი ტომის დანიშნულება:
„წიგნი „მსოფლიოს დღე“ იმისთვის ჩავიფიქრეთ, რომ ვაჩვენო მკითხველს რითია გაჯერებული მეშჩანის დღე და შევადაროთ მიღებულ სურათს ჩვენი საბჭოთა დღის შინაარსი. იკითხავთ, რა საჭიროა? ჩვენ ვამბობთ, რომ ბურჟუაზია იხრწნება, ლპება და ა.შ. ეს ყველაფერი ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ფაქტებით გამყარებული არ არის. ჩვენს პრესაში არ რჩება ადგილი ყოფითი მასალებისთვის, რომლებიც ნათელ წარმოდგენას შექმნიდა იმაზე, თუ კერძოდ როგორ იხრწნება მეშჩანთა ძირგამომპალი, დრომოჭმული სამყარო. ჩვენი ჟურნალისტები და ლიტერატორები თუთიყუშებივით იმეორებენ სიტყვებს „ლპება, სულს ღაფავს“ და ა.შ. მაგრამ ვერ (ან არ) უჩვენებენ რა ლპება, როგორ ლპება. არადა, უცხოელმა ლიტერატორებმა ათეულობით წიგნი გამოსცეს იმაზე, თუ როგორ იხრწნება მათი საზოგადოებები... „მსოფლიოს დღე“ - ეს არის კრებსი ყოველივე იმისა, რაც ხდება მეშჩანურ ევროპაში“.
წიგნში შევიდა რამდენიმე ათასი კორესპონდენცია, რომელთა ავტორები არიან როგორც პრესის რიგითი მუშაკები, ასევე მსოფლიოში საქვეყნოდ ცნობილი მწერლები. „ერთი დღის“ რედაქტორი მიხეილ კოლცოვი წინასიტყვაობაში ამბობს, რომ რედაქციას ზღვა მასალის გადამუშავება მოუხდა, მარტო დიდი ბრიტანეთიდან მიღებული კორესპონდენციის წონამ 95 კგ შეადგინაო.
„დამწიფდა იაპონური ხურმა“
ძნელი გამოსაცნობი არაა, თუ რა პრინციპით შეირჩა დაბეჭდილი, წიგნში შესული მასალა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან მიღებული აუარება კორესპონდენციიდან.
ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა საბჭოთა კავშირში თითქმის 40 წელი იცხოვრა და კარგად იცის, როგორ დაუღალავად ზემოქმედებდა საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა როგორც ბავშვებზე, ასევე ზრდასრულ მოქალაქეებზე.
„ყველა საშუალებას იყენებდნენ, იქნებოდა ეს წიგნები, გაზეთები, რადიო, ტელევიზია... ბაღიდან მოყოლებული ხდებოდა ბავშვის ცნობიერებაზე ზეწოლა. მახსოვს, როგორ არ მიყიდა მამამ საბავშვო წიგნი „ლენინი და მეღუმელე“. ყველანაირ წიგნს ყიდულობდნენ მშობლები, მაგრამ ამისთანებს, როგორც ჩანს, - არა. რა თქმა უნდა, არ მიხსნიდნენ მიზეზს. ასევე იყო ლექსი „ლენინი სოკოლნიკში“... მილიონობით ტირაჟით გამოდიოდა ასეთი წიგნები, რაც საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაზე ახდენდა გავლენას. შეიძლება მწერალს დავალებას არავინ აძლევდა, მაგრამ ისეთი ვითარება იყო, რომ თავს ვალდებულად თვლიდნენ დაეწერათ ლექსი ან მოთხრობა ასეთი იდეოლოგიური შინაარსისა: „რა ცუდია იქ“ და „რა კარგია აქ“, - უთხრა ანა ჭაბაშვილმა რადიო თავისუფლებას.
წიგნი „მსოფლიოს დღე“, რომელიც სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი („რა ცუდია იქ და რა კარგია აქ“), წლების წინ ანა ჭაბაშვილმა მაჩუქა. წიგნიდან მკითხველი შეიტყობს, რომ იმ დროს, როცა ესპანელ გლეხებს ტყავს აძრობდა აგრარული რეფორმა, პოტსდამელ მოხუცს ჩამწარებული ჰქონდა სიბერე, კანადელი ბავშვები კი შიმშილობნენ, ბათუმში დაწყებულა მსხლის, ვაშლისა და ქლიავის მეორე ყვავილობა, რომ დამწიფებულა იაპონური ხურმა.
საბჭოთა საქართველო. 1935 წ. 27 სექტემბერი
„თბილისი. დღეს შემოდგომის ნათელი დღეა. რუსთაველის გამზირზე ჩვეული ხარლხმრავლობაა. თბილა. სჭარბობს თეთრი ფერის ტანისამოსი. 27.IX“ – აი, ასეთი შინაარსის ცნობით იწყება საქართველოსათვის დათმობილი ორიოდე გვერდი, სადაც ასევე შეხვდებით თბილისის ფეხსაცმლის ქარხნის პანორამულ სურათს, კოლხეთის ჭაობის დაშრობისა და ბათუმის სანაპიროს ამსახველ ფოტოებს.
თბილისიდან მიღებული კიდევ ერთი კორესპონდენცია იტყობინება, რომ დახურულ საკოლმეურნეო ბაზარში გაიხსნა ახალი სადგომი, რომელმაც სწორედ 27 სექტემბერს უმასპინძლა პირველ 100 ურემს და კიდევ:
„მთავრდება ბაზრის სამედიცინო პუნქტის შენობის მშენებლობა. ოქტომბრის პირველ რიცხვებში საძირკველი ჩაეყრება რაიონებიდან ჩამოსული კოლმეურნეებისათვის 100-ადგილიან სასტუმრო სახლს. ბაზარი გამწვანებული და რადიოფიცირებულია. ბაზრის დირექციამ ორგანიზება გაუკეთა გაზეთების ყოველდღიურ კითხვას რადიოთი“.
„მსოფლიოს დღეში“ მოხვდა მწერალ მიქელ პატარიძის რეპორტაჟი ახალსოფლიდან, რომელშიც პოეტურად არის აღწერილი სოფლისთვის მიწის გადაცემის საზეიმო ცერემონია. ტექსტის ნახევარი ეთმობა ქალ-ვაჟის ცეკვის („ლეკურის პოეზიის“) აღწერას.
აქვეა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დინამიურად ვითარდება ბევრი მიმართულებით:
თუ 1912 წელს საქართველო 28 მილიონი მანეთის პროდუქციას აწარმოებდა, 1935 წელს ეს მაჩვენებელი 1,5 მილიარდ მანეთამდეა გაზრდილი; თუ 1916 წელს სკოლაში 90 ათასი ბავშვი დადიოდა, 1935 წელს ცოდნას უკვე 600 ათასი „ბედნიერი მოწაფე“ ეუფლება.
თუმცა ყოველივე ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველომ კაცობრიობას მისცა:
„ქართველმა ხალხმა მსოფლიოს მისცა კაცობრიობის ბედნიერებისათვის მებრძოლი გენიალური ამხანაგი სტალინი. ამ ქვეყანაში მდებარეობს პატარა ქალაქი - გორი, რომლის არსებობა იცის ყველა საბჭოთა მოქალაქემ. აქ დაიბადა დიდი სტალინი“.
ნამდვილი 1935 წელი...
1935 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან გასულია 14 წელი, ჩავლილია უზარმაზარი ტერორის რამდენიმე კამპანია, ჩახშობილია აჯანყებები, დამთავრებულია პირველი ტალღა ძალდატანებითი კოლექტივიზაციისა. როგორც ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, ამ დროის საქართველოში გავრცელებული იყო ხალხური სიმღერა:
ცაზე მთვარე ამოსულა,
ნიშანია დარისა,
კოლექტივი დაიშალა,
ვენაცვალე სტალინსა.
„ასე იმღერებოდა, რადგან 1929-30 წლის კოლექტივიზაციის პირველმა ტალღამ კატასტროფამდე, ლამის სამოქალაქო ომამდე მიიყვანა მთელი ქვეყანა, რის გამოც რეჟიმი იძულებული გახდა უკან დაეხია. შეაჩერა მასობრივი კოლექტივიზაციის პროცესი ცენტრალური დირექტივით. როცა გამოცხადდა, თუ ვინმეს უნდა გასვლა კოლექტივიდან, გავიდესო, უმრავლესობა გავიდა, მაგრამ 1935 წლიდან ერთ წელიწადში დაიწყო არნახული კამპანია მასობრივი ტერორისა, რომელმაც თავისი მასშტაბით გადააჭარბა ერთად აღებულ მთელ წინა პერიოდს. ამის შემდეგ კოლექტივიზაციაც სრულმასშტაბიანად ჩატარდა და ის ძველი სიმღერაც სულ სხვანაირად იმღერებოდა:
ცაზე მთვარე ამოსულა,
ნიშანია დარისა,
კოლექტივი გაძლიერდა,
ვენაცვალე სტალინსა", - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
1935 წელი მთლიანად დაეთმო ე.წ. „მოსამზადებელ სამუშაოებს“, რასაც მოჰყვა 1936-37 წლების ტერორის ტალღა.
1935 წლის ივლისში ლავრენტი ბერიამ თბილისის პარტიული უჯრედების კონფერენციაზე წაიკითხა ვრცელი მოხსენება ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის შესახებ, რომელიც, ირაკლი ხვადაგიანის თქმით, საფუძვლად დაედო ახალ ბოლშევიკურ სახარებას - პარტიის ისტორიას, რომლის მთავარ ფიგურად, ღმერთად გამოყვანილი იქნა სტალინი.
რაც შეეხება წიგნ „მსოფლიოს დღის“ სულისკვეთებას („აქ ყველაფერი კარგადაა“, „იქ ყველაფერი ცუდად არის“), ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ამგვარმა „შედარებებმა“ მასობრივი ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც დამკვიდრდა დოქტრინა სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში.
„აქედან იწყება მუდმივი შეპირისპირება, რომ „ჩვენთან ასეა“, „იქ კი ისეა“; ჩვენთან ყვავის ეკონომიკა, იქ კი ლპება; ჩვენთან თანასწორობაა, იქ კი ჩაგვრაა; ჩვენთან სიმაძღრეა, იქ კი - შიმშილი... პროპაგანდა ამახინჯებს სინამდვილეს, იღებს რეალობის რაღაც ელემენტებს და ატრიალებს ისე, როგორც აწყობს. ასე მუშაობდა საბჭოთა პროპაგანდა. ერთ მხარეს იყო ჩაკეტილი, ძალადობრივი რეჟიმი საბჭოთა კავშირის სახით, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს და მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს და რომელიც დახურული იყო გარესამყაროსთვის, მაშინ როცა სხვა ქვეყნები გახსნილი იყვნენ და მათ შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. საბჭოთა რეჟიმი იყენებდა ამას და ნებისმიერ პრობლემას, კრიზისს, შიდაპოლიტიკურ ბრძოლას, უთანხმოებას, რაზეც თავისუფლად ვრცელდებოდა ინფორმაცია, წარმოაჩენდა მარცხად, კატასტროფად“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
„მსოფლიოს დღე“ სწორედ ასეთი წიგნია, თავისი მასშტაბით ისეთივე გრანდიოზული და არასწორი, როგორიც საბჭოთა კავშირი, უაღრესად საინტერესო უამრავი დოკუმენტური მასალით, მაგრამ ისეთივე ამბივალენტური, როგორიც თვითონ ამ წიგნის - უკანასკნელი პროპაგანდისტული ტყუილის - იდეის ავტორი, მაქსიმ გორკი.