რატომ იგვიანებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია?

თუკი მთავრობის მიერ გავრცელებულ უკანასკნელ ცნობებს დავეყრდნობით, „რეალისტურია ის, რომ თებერვალში ქვეყანას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდეს და ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს“. ეს განცხადება 18 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

შევიტყვეთ ისიც (ზოგადად და არა დეტალურად), რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან:

  • ჯანდაცვის სექტორის მუშაკები და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი;
  • 75 წელს ზემოთ პირები;
  • 65-დან 74 წლამდე პირები;

მეორე ფაზა:

  • სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები;

მესამე ფაზა:

  • 55-დან 64 წლის ასაკობრივი ჯგუფი;
  • 18-დან 54 წლის ასაკობრივი ჯგუფი ქრონიკული დაავადებებით;
  • მოსახლეობის სხვა ჯგუფები (წლის ბოლომდე).

ჯამში, ეს რაოდენობა შეადგენს 1 მილიონ 700 ათასამდე ბენეფიციარს. მათგან 79 ათასი სამედიცინო მუშაკია, 3000-მდე პირი ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარები, 220 ათასი კი 75 წელს გადაცილებული მოქალაქეები.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ მოზრდილი მოსახლეობის (18 წელს ზემოთ) 60% უნდა აცრას. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მოსახლეობის 20%-ისათვის, 700 ათასი პირისთვის განკუთვნილ ვაქცინას ქვეყანა „კოვაქს პლატფორმის“ გავლით მიიღებს, რაც შეეხება დანარჩენ 40%-ს, ამასთან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

როდის გვეცოდინება ვაქცინაციის ზუსტი გეგმა?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომელზეც 82-მა სპეციალისტმა იმუშავა, მზადაა. თამარ გაბუნიამ გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, იუნისეფს, მსოფლიო ბანკსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს.

მისივე განცხადებით, 18 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს გეგმის საბოლოო ვერსიას, რომელიც გაიგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში დასამტკიცებლად და რომელიც მიმდინარე კვირის მიწურულს უნდა დამტკიცდეს.

პირველადი და ზოგადი ინფორმაციით, რომლის შესახებაც ერთი კვირაა წერს რადიო თავისუფლება, ვაქცინაციის გეგმაში, გარდა სამიზნე ჯგუფებისა თუ ასაკობრივი კატეგორიების განსაზღვრისა, გაწერილი უნდა იყოს არაერთი ლოგისტიკური საკითხი, მათ შორის, როგორ აეწყობა საინფორმაციო სისტემა, როგორ მოხდება ვაქცინაციის ტრანსპორტირება ვაქცინაციის ცენტრებში, სად მოეწყობა ცენტრები, ვინ გაივლის ტრენინგებს, როგორი იქნება ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების მონიტორინგი და ა.შ. მიუხედავად მოლოდინისა, ეს დეტალები 18 იანვარსაც არ დაკონკრეტებულა.

არადა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სავსებით რეალისტურია, რომ „კოვაქს პლატფორმის“ გავლით, საქართველომ ვაქცინის პირველი, 20 ათასი დოზა „ფაიზერი“ (ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა), რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი, უკვე თებერვალში მიიღოს და რომელსაც მალევე მოჰყვება სხვა სამიზნე თუ ასაკობრივი ჯგუფებისათვის განკუთვნილი ვაქცინა. მთავრობის გათვლებით, ეს შესაძლოა ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneсa-ს მიერ შექმნილი ვაქცინა იყოს.

რას აჩვენებს გამოკითხვები - გამოკითხულთა რამდენი პროცენტი ამბობს ვაქცინაციაზე უარს?

ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც, დარგის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ იმისათვის, რათა ქვეყნები, ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის სისტემაა გასამართი. ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი რგოლი კი სწორი საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა გამოკვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების თითქმის ნახევარი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს. არადა, იმისთვის, რომ ქვეყანამ COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტი გამოიმუშაოს, მოსახლეობის 60%-ზე მეტი მაინც უნდა იყოს აცრილი.

თუკი უფრო დეტალურად გავყვებით და საქართველოს მონაცემებს მოვიშველიებთ, NDI-ის 2020 წლის ივნისის გამოკითხვის თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის 46 % არ აიცრებოდა. გამოკითხულთა 38 % აცრაზე თანახმა იყო, ხოლო 15 %-ს უჭირდა პასუხის გაცემა.

ანალოგიური შედეგი განმეორდა გასული წლის ოქტომბერში, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევით - იმ შემთხვევაში, თუ COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, გამოკითხულთა 46% მის გაკეთებაზე უარს იტყვის. 17% ამბობს, რომ "ალბათ არ მიიღებს"; 22% აცრას ალბათ გაიკეთებს. გამოკითხულთა მხოლოდ 15%-მა განაცხადა, რომ ვაქცინას ნამდვილად გაიკეთებდა.

ვინ უნდა ითამაშოს ფლაგმანის როლი ვაქცინაციის პოპულარიზაციაში

მოსახლეობის ინფორმირება, სწორი გზავნილების გავრცელება და ამ მიმართულებით, სამედიცინო პერსონალის აქტიურობა - ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, სწორედ ამ სამ კომპონენტზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც მოსახლეობის სრულფასოვან ვაქცინაციაზე გვესაუბრება.

„მიმაჩნია, რომ ექიმებმა უნდა შეასრულონ ფლაგმანის როლი. თუკი ექიმებს შორის არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მაშინ საზოგადოების დანარჩენი ნაწილი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სკეპტიკურად განეწყობა ვაქცინის მიმართ. ვიცით, რომ პირველები სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უნდა აიცრან. ამიტომ, მათი აქტიურობა უმნიშვნელოვანესია“.

ამ კონტექსტში, ბიძინა კულუმბეგოვს სხვადასხვა სეზონური ვირუსის ვაქცინაციის პროცესში ექიმების ჩართულობის სტატისტიკა მოჰყავს და ამბობს:

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, თუკი წინა წლებში სამედიცინო პერსონალის მხოლოდ 30% იკეთებდა გრიპის ვაქცინას, წელს ეს მაჩვენებელი 70%-მდეა გაზრდილი. რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ თავად ექიმების ცნობიერებაა ამ მიმართულებით გაზრდილი“.

ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ახლა მთავარია, საზოგადოებას მაქსიმალურად ზუსტი და გაფილტრული ინფორმაცია მიეწოდოს მის შესახებ, რომ ვაქცინისგან მიყენებული „ზიანი“ ვერაფრით შეედრება თავად დაავადებისგან გამოწვეულ ზიანს:

„საინფორმაციო პოლიტიკა გასააქტიურებელია და ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ ნებისმიერ წამალს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენა, იქნება ეს ალერგიული ტიპის რეაქცია, თავისა თუ ნანემსრის წამოტკიება. უბრალოდ, უნდა, გავაცნობიეროთ, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული გავლენა ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და ფსიქიკაზე, აბსოლუტურად ვერ შეედრება იმას, რაც შეიძლება ადამიანს „დაუშავოს“ ვაქცინამ. გვესმის მოსაზრებები, რომ ასე მოკლე დროში როგორ შეიქმნა ვაქცინა, როდესაც მის შექმნას წლები სჭირდება. ამ თვალსაზრისით, დღეს სულ სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ვაქცინის დასამუშავებლად მსოფლიოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის თანხები გამოიყო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, მოკლე დროში დამუშავდა ვაქცინა. თუმცა, ამას გარდა, პანდემიამ მოიტანა ისიც, რომ ვაქცინის კვლევებში ჩართული ადამიანების მოძიება გაცილებით მარტივად და გაცილებით მოკლე დროში მოხდა. სხვა შემთხვევაში, ეს ასე არ ხდებოდა. გარდა ამისა, mRNA-ზე დაფუძნებული ვაქცინა გუშინ და ერთი წლის წინ არ შექმნილა, ამ ტიპის ვაქცინა 15 წლის განმავლობაში იქმნებოდა. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ - ვაქცინის შექმნისას, კომპრომისი უსაფრთხოებაზე არ ყოფილა. თითოეულმა ვაქცინამ, რომელიც დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა დამტკიცებული, ყველა ის ფაზა გაიარა, რაც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შესაქმნელადაა საჭირო. აი, ეს უნდა გავაგებინოთ ჩვენს მოქალაქეებს. ვაქცინაცია, წყალთან და ანტიბიოტიკებთან ერთად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველაზე დიდი სიკეთეა, ეს უნდა გავაცნობიეროთ. ამ პროცესში კი ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს მედია, რომელმაც სწორი გზავნილებითა და კომპეტენტური რესპონდენტებით გაჯერებული პროდუქტი უნდა შესთავაზოს მომხმარებელს“.

რატომ არ მიმდინარეობს საქართველოში ვაქცინაციის აქტიური საინფორმაციო კამპანია?

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჯერჯერობით არ მიმდინარეობს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის აზრით, ეს არის ის, რომ ქვეყანა ვაქცინაციისათვის სათანადოდ არ არის მზად. მისი თქმით, ვაქცინაციის პოპულარიზაცია ვაქცინაზე მოთხოვნას გააჩენს, მოთხოვნის დაკმაყოფილებას კი საქართველოს ხელისუფლება, ამ ეტაპზე, ვერ შეძლებს:

„საინფორმაციო კამპანია გულისხმობს მოლოდინის გაზრდას. გაზრდილი მოლოდინის დაკმაყოფილება კი ეფექტური მენეჯმენტის ხარჯზეა შესაძლებელი. მთავრობამ იცის, რომ ამ მოლოდინს ვერ დააკმაყოფილებს და, შესაბამისად, არც მოლოდინის გაზრდაზე არიან ორიენტირებულნი. ხელისუფლებას ეს კარგად აქვს გააზრებული. ერთი წელია თამბაქოს მოხმარების საწინააღმდეგო რეკლამა არ ჩამოსულა ტელევიზიებიდან. კი, ეს თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ როგორ დავიჯერო, რომ დღეს, 2021 წელს, თამბაქოს საწინააღმდეგო რეკლამა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ყველაფერი და ამ დრომდე ერთი კლიპიც კი ვერ მომზადდა?“

ვინ და როგორ უწევს პოპულარიზაციას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის კამპანია უპრეცედენტოდ დიდ მასშტაბს აღწევს ამერიკასა და ევროპაში. კამპანიაში ჩართულები არიან როგორც ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ისე საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, სპორტსმენები თუ სხვადასხვა სოციალური ქსელის პოპულარული მომხმარებლები, ე.წ. ინფლუენსერები.

ცნობილი სახეებისა და ინფლუენსერების პოზიტიურ როლზე იმუნიზაციის პოპულარიზაციის პროცესში, განცხადებები კეთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაშიც: „ინფლუენსერებს შეუძლიათ დახმარება გაგვიწიონ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და იმუნიზაციის ადვოკატირებაში“, - აცხადებს WHO-ს სპიკერი, ტარიკ იაზარევიჩი.

ცოტა ხნის წინ კი ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩისა და ათობით ინფლუენსერის Zoom-შეხვედრა შედგა. მათ ფაუჩისგან მიიღეს რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ელაპარაკონ გამომწერებს, ე.წ. ფოლოუერებს ვაქცინაციის შესახებ.

ვაქცინაციის პოპულარიზაციის პროცესში ცნობილი, პოპულარული სახეების ჩართვა, სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 1956 წელს, ცნობილმა მომღერალმა ელვის პრესლიმ, პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა სატელევიზიო შოუში გაიკეთა. მომღერალმა ასე დაარწმუნა ათასობით მოზარდი და ახალგაზრდა, რომ ვაქცინას მათი სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. გასული საუკუნის 40-იან წლებში, პოლიომიელიტს აშშ-ში ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ათობით ათასს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

18 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოს 16 ქვეყანაში 40 მილიონი ადამიანია აცრილი. მათგან ყველაზე ბევრი, 12 მილიონზე მეტი, აშშ-ში. ამერიკას 10 მილიონით მოსდევს ჩინეთი. შემდეგ ადგილებს კი ინაწილებენ დიდი ბრიტანეთი და ისრაელი.