ქუთაისის ეპარქიაში მოღვაწე მღვდელი ილია კარკაძე, ანტისემიტური ქადაგების შემდეგ, ტაძრის ამბიონიდან ვაქცინების საწინააღმდეგო კონსპირაციას ავრცელებს.
16 იანვრის ქადაგებაში დეკანოზი კარკაძე ამტკიცებს, რომ ტელეეთერებსა და ინტერნეტში რეკლამას უკეთებენ „ჩიპებს“.
„ნეოტექნოლოგიებით ხარობენ და ეს არის მიღწევები. არ ესმით მათ არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი“, - მიმართავს მრევლს მღვდელი და განაგრძობს: „კი, ჩიპი ჩიპია, 90-იან წლებში გამოგონილი, დიდი სახისაა, მაგრამ ეს პატარა ნეოტექნოლოგიები ისეთია, რომ კარგი დაკვირვება და სპეციალური ის უნდა, რომ დაინახო, რაა შიგნით ჩადებული. და აცრების შედეგად თუ შეიძლება ეს შემოგვეპაროსო? არ არისო გამორიცხულიო“.
დეკანოზი კარკაძე, ასევე, საუბრობს ცნობილ კონსპირაციაზე, თითქოს მსოფლიოში ადამიანების რიცხვის შემცირება უნდათ და „უნდა გამოგვხშირონ და გეუბნება, რომ ამ ვირუსის შემდეგ ეს ვაქცინა მიიღო“.
დეკანოზი კარკაძე ამტკიცებს, რომ სამედიცინო დარგის მეშვეობით ცდილობს, „ერთგვარი აგიტაცია-პროპაგანდა გაწიოს ბოროტმა სულმა და ადამიანები მოტყუებული დატოვოს“.
არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დეკანოზ ილია კარკაძის მოსაზრებებს დაადასტურებს.
ილია კარკაძე ყურადღების ქვეშ მოექცა რამდენიმე კვირის წინ, ანტისემიტური ქადაგების გამო. ეპარქიის ხელმძღვანელმა მას „ანტისემიტური პათოსით“ გამსჭვალული ქადაგების გამო შენიშვნა მისცა.
2020 წლის გაზაფხულზე ილია კარკაძემ მრევლს ჟურნალისტზე ძალადობისკენ, მისი ეკლესიიდან გაძევებისა და გაკოჭვისკენ მოუწოდა.