ბუკნარში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმების და ქრისტიანების მოლაპარაკება, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით წარიმართა, შეთანხმებით და თანასოფლელების შერიგებით დასრულდა.

შეხვედრა სოფლის კლუბის შენობაში შედგა. სადაც მხარეებმა ერთმანეთს შერიგების ნიშნად ხელი ჩამოართვეს.

„რა თქმა უნდა, შევრიგდით, იმთავითვე მივესალმებოდი ასეთ საქციელს, ამის ღრმად მწამს, რომ მშვიდობიანად და კოხტად გავაგრძელებთ ცხოვრებას. გაუგებრობაზე ლაპარაკი გადავდოთ გვერდზე, ამაზე საუბარი აღარ გვინდა“, - უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენელმა ნუგზარ ჭაღალიძემ.

იგივე განწყობა ჰქონდათ სოფლის ქრისტიან მკვიდრებსაც.

"გონიერებამ და იმ სიყვარულმა გაიმარჯვა, რაც გვქონდა ერთმანეთის მიმართ და მე ამ სიყვარულის იმედი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიყვარული ამ პროვოკაციაზე ბოლომდე გაიმარჯვებს", - აღნიშნა მარიამ ხელაძემ.

მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რომელიც ერთგვარი ფასილიტატორის როლს ასრულებდა, განაცხადა, რომ სოფელში მეგობრული თანაცხოვრება გაგრძელდება რამდენიმედღიანი პროვოცირებული გაუგებრობის შემდეგ.

„როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, მუსლიმები და მართლმადიდებელი ქრისტიანები აცხადებდნენ, ერთეული ადამიანების მიერ პროვოცირებულმა ფაქტმა მიიღო საკმაოდ მახინჯი განვრცობა და ეს დღეები იყო სამარცხვინო ფურცელი ჩვენი სოფლისთვის. დაპირისპირებულ მხარეებად წოდებულმა ადამიანებმა გაუცვალეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ მათ გასაყოფი არაფერი აქვთ და გრძელდება მეგობრული თანაცხოვრება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კლუბში გამართულ შეხვედრამდე სოფლის ქრისტიანულ ტაძარსა და მუსლიმი თემის მიერ სალოცავად შეძენილ სახლში რელიგიური რიტუალები შესრულდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის წარმომადგენელთა საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 12 იანვარს, სოფელ ბუკნარის მცხოვრებმა ქრისტიანმა ახალგაზრდა კაცმა თავის არეში ქვით მიაყენა დაზიანებები ორ თანასოფლელ მუსლიმ ახალგაზრდას. ეს პირი დაკავებულია.

ბუკნარში მცხოვრებმა მუსლიმებმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სოფელში შეიძინეს კერძო სახლი, რომელსაც საკულტო ნაგებობად და სალოცავად იყენებენ. ორ თემს შორის უთანხმოება ცოტა ხნის წინ წარმოიშვა, როცა სოფელში გავრცელდა ხმები მინარეთის შესაძლო მშენებლობის შესახებ. მუსლიმები მინარეთის მშენებლობის განზრახვას უარყოფენ.