კონსპირაციული ანტისემიტიზმი - „ჩვეულებრივი ამბავი“ ქართულ ეკლესიაში

ქუთაისის ეპარქიაში მღვდელმსახურების ბოლოდროინდელი ქადაგებები, მათი ანტიებრაული შინაარსის გამო, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა. კრიტიკოსების თქმით, ეს არაა ტაძრების ამბიონებიდან ანტისემიტური რიტორიკის გაჟღერების პირველი შემთხვევა და კიდევ ერთხელ ააშკარავებს ღრმა პრობლემას - კონსპირაციულ ანტისემიტიზმს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

„ეს არაა უბრალოდ განცხადებები, ეს არის ქადაგება. უმაღლესი ლიტურგიკული, უმაღლესი ეკლესიური საუბარი. ეს არის ეკლესიის ხმა“, - ამბობს თეოლოგი ბასილ კობახიძე.

ანტისემიტიზმი არის ებრაელთა იმგვარი აღქმა, რომელიც შესაძლოა მათ მიმართ სიძულვილში გამოიხატოს. ანტისემიტიზმის ვერბალური და ფიზიკური გამოვლინებები მიემართება ებრაელებს, მათ ქონებას, ებრაულ ორგანიზაციებსა და რელიგიურ დაწესებულებებს. ანტისემიტიზმი მოიცავს შეთქმულების თეორიებს ებრაელების შესახებ და ადანაშაულებს ებრაელებს, როდესაც მსოფლიოში რაიმე უარყოფითი მოვლენა ხდება. - ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსი.

არსი და გამოცდილება

თეოლოგების განმარტებით, საუკუნეების განმავლობაში, საეკლესიო ანტისემიტიზმი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოვლენაა ყველა ქრისტიანულ მიმართულებაში. ებრაელების წინააღმდეგ ინსტიტუციონალიზებულ დისკრიმინაციას საფუძვლად ედო მტკიცება, რომ ებრაელი ერი დამნაშავეა ქრისტეს მკვლელობაში. ის, ასევე, უკავშირდება აპოკალიპტური კონსპიროლოგიის ნარატივს, რომლის თანახმად, ანტიქრისტე სამყაროს მოევლინება ებრაული წიაღიდან და სიონისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყნიერებას მოევლინოს ანტიქრისტე, რომელიც მათი მესია იქნება.

„ამ საეკლესიო ცნობიერებაში მასონებიც აღიქმება ებრაულ ძალად“, - ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და განაგრძობს: „საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა გაერო, ევროკავშირი, და ა.შ., ანტიქრისტეს სტრუქტურებია და ყველაფერს მართავენ ფარულ შეთქმულებაში მყოფი სიონისტები“.

საქართველოში ებრაელების 26-საუკუნოვანი ცხოვრების პერიოდში, ანტისემიტური ინციდენტები თითქმის არ ყოფილა, თუმცა ანტიებრაული განწყობების გავრცელება ქვეყანაში მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო და ის რუსეთის იმპერიიდან შემოვიდა. ამ პერიოდში ვრცელდება „სიონის ბრძენთა“ მიერ შემუშავებული თეორია, დოკუმენტი, რომლის თანახმად, ებრაელები მთელ მსოფლიოს დაიპყრობენ. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ეს დოკუმენტი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურებმა შეადგინეს.

იმდროინდელ ქართულ პრესაში უამრავი პუბლიკაციაა, თითქოს, საჩხერეში, ქუთაისში, გორში ებრაელები ქრისტიან ბავშვებს იტაცებდნენ და რიტუალურად კლავდნენ. თეოლოგების თქმით, 1980-იანი წლების ბოლოდან, სასულიერო პრესასა თუ ქადაგებებში მასონებთან დაკავშირებული ანტიებრაული მითები აქტუალურდება.

„მეც ვიყავი ანტისემიტი. სანამ ეკლესიაში მივედი, ანტისემიტიზმი რა იყო, იჭმეოდა თუ ისმეოდა, არც ვიცოდი. იქ ვისწავლე“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი სასულიერო პირი ბასილ კობახიძე, რომელსაც მღვდელმსახურის სტატუსი 2004 წელს შეუჩერდა.

კობახიძე იხსენებს საეკლესიო ანტისემიტიზმის რამდენიმე ნიმუშს და ამბობს, რომ, მაგალითად, „დაჩიპვის“ საწინააღმდეგო მოძრაობაც ეფუძნება ანტისემიტიზმს - თითქოს შეიკვრნენ ებრაელები და მასონები და ერთად ცდილობენ გააკონტროლონ ხალხი მთელ მსოფლიოში. ის, ასევე, მიუთითებს მღვდელი ბასილ ახვლედიანის საჯარო განცხადებაზე, რომლის თანახმად: „მთავარ გლობალისტებს და გარკვეულ სიონისტ ძალებს მსოფლიოში მართლმადიდებლობა და მათ შორის საქართველოს ურყევი სამოციქულო ეკლესია ყელში ჰყავთ გაჩხერილი“.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტისემიტური ინციდენტი „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მონაწილეობით მოხდა 2013 წელს, როცა მათ გააპროტესტეს ებრაული დღესასწაულის, ხანუქის აღნიშვნა თბილისის ცენტრში. მმკ - რომელიც 30-მდე მღვდელს აერთიანებს - ხანუქას ანტიქრისტიანულ დღესასწაულად მიიჩნევს. „არა, არა! არ აანთო, არა! არა!“ - მოუწოდებდნენ ისინი მაშინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ხანუქის სანთლის ანთების ცერემონიაში იღებდა მონაწილეობას. ორმა მოქალაქემ კი პლაკატები ჩამოხია, საგანგებოდ დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა და კონცერტის ჩაშლა სცადა.

ასევე ნახეთ ანტისემიტიზმიც!

საქართველოში დაფიქსირებულა ებრაული საფლავების შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, ერთ-ერთი უკანასკნელი ბათუმში, სადაც საფლავის ქვაზე ბოროტმოქმედებმა ნაცისტური სიმბოლიკა, სვასტიკა დახატეს.

2018 წელს თბილისში მოკლეს 25 წლის ვიტალი საფაროვი. ებრაელი უფლებადამცველის ოჯახის ადვოკატის მტკიცებით, მკვლელებმა დანაშაული სიძულვილის მოტივით ჩაიდინეს. ამასთან, სასამართლომ ეთნიკური შეუწყნარებლობა არ დაადგინა.

ანტისემიტიზმი ამბიონებიდან

2020 წლის 20 დეკემბერს ქუთაისი-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ისტორიული ანტისემიტური ფაქტი გაიხსენა და გამოიყენა ისეთი ფრაზები, როგორიცაა „ქრისტიანთა მდევნელი“ და „ურწმუნო მოდგმა“.

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

გამრეკელი მართლმადებელი ეკლესიის წმინდანის ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ ქადაგებაში ჰყვება ამბავს, როდესაც ქრისტიანებსა და იუდაურ თემს შორის დაპირისპირებისას, ქრისტიანებმა ებრაელებს სინაგოგა დაუნგრიეს. მმართველი კი სალოცავის აღდგენას მხოლოდ მაშინ დასთანხმდებოდა, თუ ებრაელები საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანების წამების ფასს გადაიხდიდნენ.

„მიხვდნენ, რომ ეს თანხა ისეთია, რომ ვერ გადაიხდიდნენ. უდანაშაულოთა სისხლის ფასი არის, რომ გადაიხადო? რამდენი აწამეს?! მათი ცილისწამებით, ბრალდებით, დასმენით, სანამ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა რელიგია, რამდენზე ძალადობდნენ?!“, - ჰყვება გამრეკელი.

ასევე ნახეთ ქუთათელ-გაენათელის უსაზღვრო რუსოფილია

თეოლოგების ნაწილი იოანე გამრეკელის ქადაგებას აფასებს როგორც უკიდურესად სახიფათოს და ებრაელთა დისკრიმინაციის გამართლებას.

„ის საუბრობს ისტორიულ ანტისემიტურ ფაქტზე, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ამართლებს იმას, რომ ქრისტიანებმა რომ დაუნგრიეს სინაგოგა, ეს სინაგოგა არ უნდა აღდგეს. ასეთი კონტექსტი აქვს ქადაგებას“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

იოანე გამრეკელი 15-წუთიან ქადაგებაში ახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კონსპირაციულ, ანტისემიტურ მითს, თითქოს ებრაელები განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ „მეფის კარზე“ ყოველთვის, მათ შორის - დღეს.

„თვითონვე ამბობს, რომ ებრაელები, საუკუნეებია, დევნიან ქრისტიანებს და ეს ქმნის საფუძველს მათი დამცირების, შეურაცხყოფის და, ვთქვათ, სინაგოგის დანგრევისა. ასევე, ამბობს, რომ სამეფო კარზე აქვთ გავლენა, რაც ისტორიული უზუსტობაა - იმ დროს, თეოდოსის კანონებით, არ შეიძლებოდა ებრაელების წინააღმდეგ ანგარიშსწორება, რადგან მაშინ ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო“, - განმარტავს ბექა მინდიაშვილი.

მიტროპოლიტ იოანეს კრიტიკას მკაფიო კონსპირაციული ანტისემიტური ქადაგებით გამოექომაგა ქუთაისი-გაენათის ეპარქიის მღვდელი ილია კარკაძე, რომლის მტკიცებით, საბჭოთა პერიოდში ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ და, მათ შორის, ებრაელები იყვნენ ლენინი და ტროცკი. შემდეგ კი კარკაძე ფინანსურ გავლენებზე განაგრძობს ლაპარაკს:

დეკანოზი ილია კარკაძე

„დღევანდელი მთელი ბანკური [საბანკო] სისტემა ვის ხელშია ჩაპყრობილი? მე არ დავიწყებ ამ საუბარს, გადახედეთ და მიხვდებით“. მისივე მტკიცებით, ყველაფრის სათავეში ადვილი მისახვედრია „რა ძალები არიან“ და „მთელი მსოფლიო მათია ფაქტიურად“.

იოანე გამრეკელმა საკუთარ ქადაგებაზე კრიტიკას ცილისწამებას უწოდა, ხოლო ილია კარკაძეს „ანტისემიტური პათოსით“ გამსჭვალული ქადაგების გამო შენიშვნა მისცა.

რას ამბობს საპატრიარქო და ილია მეორე?

ამბიონებიდან გაჟღერებულ ანტისემიტიზმს საქართველოში ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენელი რან გიდორი გამოეხმაურა და იოანე გამრეკელის ქადაგებას „ძალზედ სადავო და პრობლემური“ უწოდა, რომლის ნაწილიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ანტისემიტური. ელჩმა მწვავედ შეაფასა ილია კარკაძის ქადაგებაში გაჟღერებული „ანტისემიტური შეთქმულების რამდენიმე თეორია, რომელთა ნაწილიც ევროპაში 1930 წლებში გავრცელებულ ყველაზე სისხლიან ბრალდებებსა და ანტიებრაული სიძულვილის პროპაგანდას მოგვაგონებს“.

რან გიდორმა იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქი ილია მეორე დაგმობდა ნებისმიერი სახის ანტისემიტიზმს, თუმცა ილია მეორეს განცხადება არ გაუკეთებია. საპატრიარქოს გამრეკელისა თუ კარკაძის ქადაგებაზე პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გააზიარა მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადება, რომელშიც ის საკუთარ კრიტიკას ცილისწამებას უწოდებს, ხოლო ილია კარკაძეს შენიშვნა აძლევს.

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს პოზიციით, ქართველებსა და ებრაელებს შორის სისხლით ნათესაობა არსებობს, ქართული სამეფო დინასტია, ბაგრატიონები კი ებრაული წარმოშობის არიან. ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ილია მეორეს არასოდეს გამოუვლენია ანტისემიტური დამოკიდებულება.

„პირიქით, დაახლოებით 10 წლის წინ, მან საქართველოს ერთ-ერთ მთავარ რაბინთან ერთად ილოცა, ფსალმუნი წარმოთქვა და სანთელი დაანთეს ერთად. რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ სხვა რამდენიმე პატრიარქთან ერთად, ერთობლივი განცხადებით დაგმო ანტისემიტიზმი, მათ შორის, საეკლესიო ანტისემიტიზმი“.

ხელისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი და მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ანტისემიტური რიტორიკა აჩვენებს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული - ჰოლოკოსტი და მისი გამომწვევი წინაპირობები სათანადოდ არ არის გააზრებული და აუცილებელია ხელისუფლებამ მკაფიოდ დაგმოს ანტისემიტიზმი.

საქართველოს პირველი პირებიდან ანტისემიტიზმს საგარეო საქმეთა მინისტრი დაუპირისპირდა და ტვიტერზე დაწერა: „ქართველი და ებრაელი ხალხის ისტორია ძმობის, მეგობრობის, გვერდში დგომის ისტორიაა, ყველა ქვეყნისა თუ ერისთვის მისაბაძი. ანტისემიტიზმის უმცირესი გამოვლინებაც კი ვერასოდეს იპოვის ადგილს ქართველის გულსა და ცნობიერებაში“.