შაქარაშვილის საქმის მოწმე, იაკობ ბრეგვაძე სასამართლოში იკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმის, დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძეს სასამართლოში კითხავენ. აღნიშნულ საქმეზე იაკობ ბრეგვაძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გასულ სხდომაზე დაიწყო, თუმცა, ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი გადაიდო.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ბრეგვაძის ადვოკატი ადასტურებს, დაკითხვის წინა დღეს ის პროკურატურაში იმყოფებოდა.

"ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში პროკურატურაში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება", - უთხრა ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ. მას ეჭვი აქვს, რომ იაკობ ბრეგვაძეს პროკურატურა არიგებს, თუ როგორი ჩვენება მისცეს. ამასთან, ფოფხაძის თქმით, ფოტოგრაფის ჩვენებები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსაც არ ემთხვევა და სასამართლოშიც განსხვავებულად საუბრობს.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ პროკურატურა ცდილობს საზოგადოების დაკვეთა შეასრულოს, თუმცა, ეშლებათ, საზოგადოების დაკვეთა არ არის ვინმე დაისაჯოს, საზოგადოების დაკვეთა პირველ რიგში ისაა, რომ სიმართლე დადგინდეს. ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი პროკურატურაში და ბუნებრივია, დღეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან კითხვები მექნება. მე ადვოკატი ვარ და ეჭვის შეტანის უფლება მაქვს, მეორე დღეს, ადვოკატებმა ჯვარედინი წესით უნდა დაკითხონ და პროკურატურაში ადის, მაინც და მაინც ახლა მოუნდა ვიზიტი პროკურატურაში, ხომ შეიძლებოდა დღეს მიეყვანათ?

სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოყალიბებული სტრატეგია ყოფილიყო. დარიგებული რომ არის, ეს ნათელია.

ის ერთ-ერთ ძირითად მოწმედ ითვლება სხვა მოწმეებთან ერთად, მათ შორის, სხვა ძირითად მოწმეებში, რომლებიც ცრუობენ, ეს ერთ-ერთი ამომავალი წერტილია. ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ არ ემთხვევა, ვინაიდან პროცესზე რაც ისაუბრა, გამოკითხვის ოქმებში საერთოდ არ იყო, ყველაფერს ცვლის. რას, როგორ აკეთებს, თავად არ იცის, მაგრამ პროკურატურის სტრატეგიაა ასეთი. იაკობ ბრეგვაძე რა ინფორმაციის მატარებელია, ჩემთვის უცნობია, მაგრამ პროკურატურა მას იყენებს, ცდილობს, რომ წარმატებით გამოიყენოს, ეს აშკარაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

სასამართლოში დაკითხვის წინა დღეს ბრეგვაძის მისვლა განსხვავებულად ახსნა მისმა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურაში ყოფნისას არ ახლდა.

„რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, თუ რატომ არ ვიყავი მასთან ერთად პროკურატურაში, ის არ იკითხებოდა. მას ფოტოაპარატის განათება სჭირდებოდა, რადგან ეს მისი პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მას ავუხსენი, სანამ სასამართლო არ დასრულდებოდა, არ დაუბრუნებდნენ, მან მაინც თხოვა უწყებას და მათგან უარი მიიღო“, - ამბობს ჭკადუა.

იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის საქმის ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეა, რომელმაც ჩხუბის შესახებ 112-ში შეტყობინება გააკეთა და იმყოფებოდა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც საბედისწერო კონფლიქტი დაიწყო. აგვისტოს თვეში მის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში განცხადება შეიტანეს გიორგი შაქარაშვილის საქმეში განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა. ისინი თვლიან რომ იაკობ ბრეგვაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

შეგახსენებთ, 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ გაეშურნენ.

გამოძიების ვერსიით, 19 ივნისის ღამეს, სწორედ „ტოიოტა კამრის“ მგზავრებმა სდიეს გიორგი შაქარაშვილის მდინარე არაგვის ნაპირამდე, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატების თქმით კი, საქმის მასალებში, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას დაადასტურებს.