აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს

უშიშროების ძალები აშშ-ის კაპიტოლიუმის წინ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას. პრეზიდენტისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების მომხრე იყო 231, წინააღმდეგი - 197. ამასთან, იმპიჩმენტის მხარდამჭერთა შორის არის 10 რესპუბლიკელი. წინააღმდეგი არცერთი დემოკრატი არ ყოფილა.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენამ, რომელიც დემოკრატების ინიცირებული იყო, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომების პირობებში ჩაიარა. კონგრესის შენობაში და მის გარშემო ასობით ეროვნული გვარდიელი იყო განლაგებული.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის უფლებამოსილებებს 20 იანვარს გასდის ვადა. მაგრამ წარმომადგენელთა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, მოითხოვს, რომ ტრამპი ახლავე იქნეს ჩამოშორებული თანამდებობას. ის ბრალდებულია 6 იანვარს ვაშინგტონში ამბოხებისკენ წაქეზებაში.

მაშინ ტრამპი ქალაქის ცენტრში გამოვიდა და განაცხადა, რომ არ ცნობს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას. ამის შემდეგ მისი მომხრეების ნაწილი შეიჭრა კონგრესში, სადაც მიმდინარეობდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა.

წარმომადგენელთა პალატამ 223-ით 205-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისადმი მოთხოვნით, რომ მას გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და თანამდებობიდან გადაეყენებინა ტრამპი.

პენსმა განაცხადა, რომ არ გააკეთებს ამას. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიმართ მიწერილ წერილში ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო შესწორება გამოგონილია ავადმყოფი ადამიანის შესაცვლელად და არა პოლიტიკოსის დასასჯელად ან ხელისუფლების უზურპაციისთვის. მან თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი „საშინელი პრეცედენტი“ იქნებოდა.

ნენსი პელოსი

ტრამპი ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომლის მიმართაც ორჯერ გამოიყენეს ხელისუფლებიდან გადაყენების პროცედურა.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტის ბედს კონგრესის ზედა პალატა, სენატი გადაწყვეტს. ასეთ შემთხვევაში მისი სხდომა სასამართლოს ფორმით ჩატარდება. ამ საქმეში სენატორები გამოვლენ ნაფიც მსაჯულთა, კონგრესმენები კი - ბრალმდებელთა როლში. ხოლო სასამართლოს თავმჯდომარე იქნება აშშ-ის მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი. ბრალდების დებულებები სენატორთა ორმა მესამედმა უნდა აღიაროს.

ტრამპი კატეგორიულად უარყოფს თავის დანაშაულს. მან დემოკრატების იდეა „კუდიანებზე ნადირობას“ შეადარა.