მოლაპარაკების შედეგი - მუფთი: „ხელისუფლება დაგვპირდა, მეჩეთში ლოცვა არ გაჩერდება“

სოფელი ბუკნარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მუსლიმ თემსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ქობულეთისა და გურიის მუფთმა ასლან ბერიძემ უთხრა, რომელიც დღეს გურიაში სპეციალურად ჩავიდა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ჩოხატაურის მერი, სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმი თემის 5-წევრიანი წარმომადგენლობა და ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელი.

ქობულეთისა და გურიის მუფთი ამბობს, რომ კმაყოფილია მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმებას შეასრულებს:

„შეხვედრაზე ჩვენ ვითხოვდით, რომ განიმუხტოს სიტუაცია მეჩეთსა და სოფელში. არ გაგრძელდეს ინციდენტი. ამისთვის ჩვენ დავდეთ პირობა რომ ვიმუშავებთ ჩვენი მხრივ და ხელისუფლება იმუშავებს სახელმწიფოს მხრიდან. მთავარია, ერთი პირობა, რომელიც ხელისუფლებამ მოგვცა - რომ მეჩეთში ლოცვა არ გაჩერდება - ეს არის მრევლის ძირითადი მოთხოვნა“, - ამბობს მუფთი ასლან ბერიძე.

მუფთის ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები კარგ ურთიერთობაში ცხოვრობენ. ხოლო, რის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი, მისთვის უცნობია. ის იმედოვნებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები სიმართლეს დაადგენენ და სათანადო რეაგირება ექნებათ.

ინციდენტის შესახებ მედიიდან გაიგო მოლაპარაკებაში მონაწილე კიდევ ერთმა მხარემ - ქართველ მუსლიმთა კავშირმა. ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი როლანდ შავაძე დღეს სპეციალურად ჩავიდა გურიაში. ის ამბობს, რომ ტელევიზიით გაიგო, რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ორ მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა:

„ადგილზე შევისწავლეთ ვითარება, რომელიც არც ისე სახარბიელოა. უკვე შვიდი თვეა სოფლის ერთ-ერთ კერძო სახლში სამლოცველო მოაწყვეს მუსლიმებმა და ღვთის მსახურება მიდის. ბოლო ერთი კვირაა შეიქმნა პრობლემები მუსლიმ და ქრიასტიან თემებს შორის. რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ამის მიზეზი არ ვიცი, თუმცა მეორე მხარის არგუმენტი ისაა, რომ ეს ქართული მიწააო და ეს არაა ისლამის ადგილიო. მუსლიმი თემი კი ამბობს, რომ ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და მისი რეალიზება უნდა მოხდეს, იმ შენობაში ღვთისმსახურება შევასრულეთო“, - ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლის ინფორმაცით, დაპირისპირება გასულ კვირას პარასკევის ლოცვაზე შეკრებისას მოხდა. რამდენიმე მუსლიმს ქრისტიანები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოლაპარაკებაში ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ადგილობრივ, ქრისტიანულ თემსაც შეხვდა და შეთანხმებას მიაღწიაო, გვეუბნება ქობულეთისა და გურიის მუფთი. რადიო თავისუფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან ირაკლი კუჭავასთან დაკავშირებას ცდილობს.

ვითარება სოფელ ბუკნარში დღეს, 13 იანვარს, ისევ დაიძაბა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2"-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალის მობილიზება გახდა საჭირო. სოფელში შეკრებილმა მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა პოლიციის ცოცხალი კორდონი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გადადგილება სცადეს, იქ სადაც ქრისტიანები იყვნენ შეკრებილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბუკნარში მომხდარი ინციდენტის გამო ერთი პირი, 1985 წელს დაბადებული გ.ს. არის დაკავებული. მას ბრალი ძალადობაში ედება.

გამოძიების ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, შელაპარაკების დროს, თანასოფლელებს - 2003 დაბადებულ ნ.ი.-სა და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს და 6 თვიდან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.