აშშ აჩქარებს ვაქცინაციის პროგრამას, ქვეყანაში იზრდება კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი

აშშ დააჩქარებს თავის ვაქცინაციის კამპანიას და თითქმის ყველა მგზავრს მოსთხოვს საზღვარზე COVID-19-ის უარყოფითი ტესტის წარდგენას, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში აღირიცხა ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით სიკვდილიანობის სარეკორდო მაჩვენებელი, 4,500-მდე ადამიანი.

ვაქცინაციის პროგრამის ნელი ტემპის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას კრიტიკა შეხვდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ აცრები ჩაუტარდებათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. ამ განცხადებამდე ბევრ შტატში რთული წესები მოქმედებდა იმაზე, თუ ვის გაუკეთდებოდა ვაქცინა. ფედერალური ხელისუფლება ასევე მოხმარებაში გაუშვებს ყველა სარეზერვო დოზას, რომლებსაც ინახავდა მეორე ინექციისთვის მათთვის, ვისაც პირველი აცრა უკვე გაუკეთდა.