ჩინური Sinovac-ის ვაქცინამ ბრაზილიაში აჩვენა თავდაპირველად გამოცხადებულზე ნაკლები ეფექტი

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ჩინურმა კომპანია Sinovac Biotech-მა შექმნა, თავდაპირველად გამოცხადებულზე 30%-ით ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ბრაზილიაში ჩატარებული გამოცდის შედეგებზე დაყრდნობით.

ვაქცინის ტესტირებამ, რომელშიც 12 ათასი მოხალისე მონაწილეობდა, 50.4%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ბრაზილია ჩინეთის საზღვრებს გარეთ პირველი ქვეყანაა, რომელმაც ამ ვაქცინის გამოცდა მთლიანად დაასრულა.

გასულ კვირაში ბრაზილიის კვლევითმა ინსტიტუმა Butantan-მა გამოაცხადა, რომ Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტიანობა 78%-ია. ბრაზილიელმა მეცნიერებმა ინსტიტუტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ინსტიტუტმა დააზუსტა, რომ თავდაპირველი მონაცემებიდან გამორიცხეს COVID-19-ით დაავადების მსუბუქი შემთხვევები.

მიუხედავად ამისა, Sinovac-ის ვაქცინა ჯერჯერობით შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს - 50%-ზე მეტ ეფექტიანობას.

ბრაზილიამ ჩინურ კომპანიას ვაქცინის 100 მილიონი დოზა შეუკვეთა. 5 მილიონი დოზის შესაძენად Sinovac-თან კონტრაქტი გააფორმა უკრაინამაც. ჩინური ვაქცინის შეძენას აპირებს თურქეთიც, სადაც წინასწარმა კვლევამ 91%-იანი ეფექტურობა აჩვენა. გამოცდა მიმდინარეობს ინდონეზიაშიც, სადაც წინასწარი შედეგებით, ვაქცინის ეფექტი 78%-ს აღწევს.

ბრაზილიაში მიმდინარე კვლევის შედეგები 15 დეკემბრისთვის უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა Sinovac-ის თხოვნით გადაიდო. ბრაზილიელი სპეციალისტების თანახმად, ჩინურ კომპანიას სურდა შედეგები შეედარებინა თურქეთსა და ინდონეზიაში მიმდინარე გამოცდების შედეგებთან. მსგავს თხოვნას საკმაოდ უცნაურს უწოდებენ ვაქცინის ამერიკელი მწარმოებლები. ჩინური კომპანია დეტალურად აკონტროლებს საკუთარ ვაქცინაზე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.

რამდენიმე დღის წინ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ არ გამორიცხა, რომ ჩინურ ვაქცინას საქართველოც შეიძენს. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჩინური წარმოების ვაქცინის შეძენის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება.

მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობა, რომელმაც მოსახლეობის აცრა უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე უპირატესობას ანიჭებს ამერიკული და გერმანული კომპანიების, Pfizer-ის და BioNTech-ის, ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneсa-​ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის და ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილ ვაქცინებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით ვაქცინაციას აპირებენ Pfizer/BioNTech-ის და AstraZeneсa-​ს პრეპარატებით.​