ივანიშვილი: ვტოვებ შემდგარ სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „პირველ არხთან" ინტერვიუში გამორიცხავს პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნებას და განმარტავს, რით განსხვავდება ამჟამინდელი ვითარება. როგორც ივანიშვილი ამბობს, დღეს „ქართული ოცნება" გაცილებით ჩამოყალიბებული პარტიაა. ის აღნიშნავს, რომ, რაც შეეძლო უკვე გააკეთა.

„ჩვენ მოვკრიბეთ ყველა საღი ძალა 2011 წელს, თუ გაიხსენებთ, ვისაც კი ხელი მოეკიდებოდათ, ასე რომ ვთქვათ. ბევრი წარმატებული იყო, ბევრი ნაკლებად წარმატებული. [მაშინ] ასეთი პარტია დარჩა. რა თქმა უნდა, პარტიის შექმნას და ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა, რომ დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო. ობიექტურად გაჩნდა ხიფათი, რომ პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა ის დაშლილიყო და ეს ხიფათი იყო ძალიან რეალური. მე მიზეზებზე ვსაუბრობ, რომ მიზეზები ჰქონდა, რომ პარტია არ იყო შემდგარი. მე შემოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით, გუნდთან ერთად მე ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და დღეს აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია „ქართული ოცნება“. მე, რაც შემეძლო ჩემი ჩვევებით, გამოცდილებით, რაც შემეძლო უკვე გავაკეთე, გუნდთან ერთად, რა თქმა უნდა. აი, ვტოვებ, შემდგარ სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გამოცდილს უკვე და არა ერთი წლის შემდგომს, რაც მე დავტოვე. რაც კი ჩემგან შეიძლებოდა მიეღო გუნდს, მიიღო. ახლა, როდესაც გუნდს გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, გაუგებარია, რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რაღაზე მოვდივარ. ე.ი. თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა ვიქაჩო, მარტივი თემაა", - განმარტა „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.