სომხეთის ოპოზიცია ფაშინიანს ადანაშაულებს, რომ ვერ შეძლო მოსკოვის შეხვედრაზე „სომხეთის დღის წესრიგის“ გატანა

სომხეთის საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს მორიგ ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ვერ შეძლო იმ მთავარი მოთხოვნის გატანა, რასაც მისგან სომხეთში მოითხოვდნენ.
საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია „გაბრწყინებული სომხეთის“ ლიდერის ედმონ მარუკიანის განცხადებით, მოსკოვში გამართული შეხვედრიდან სომხეთში მოელოდნენ მხოლოდ ერთ რამეს - უმოკლეს დროში სამხედრო ტყვეების დაბრუნებაზე შეთანხმების მიღწევას, რაც არ მოხდა.
„დღეს მტრის დღის წესრიგი ზუსტად შესრულდა. სომხეთის დღის წესრიგი კი არ სრულდება. რატომ? იმიტომ, რომ დამარცხების სიმბოლო აგრძელებს მოლაპარაკებებს“, - განაცხადა ედმონ მარუკიანმა.

11 იანვარს მოსკოვში აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა გაიმართა მას შემდეგ, რაც სამეულმა 9 ნოემბერს სასწრაფო წესით მოაწერა ხელი სამმხრივ განცხადებას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებათა შეწყვეტის პირობებისა და სამშვიდობო მისიით რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის განლაგების შესახებ.
ოთხსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ 11 იანვარს ხელი მოეწერა ახალ განცხადებას, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება საომარი კონფლიქტის შედეგად ბლოკირებული სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედებაზე.

ნიკოლ ფაშინიანის მოსკოვში გამგზავრების წინ ერევანში კვლავ გაიმართა ოპოზიციის აქცია. გავრცელებული ცნობით, ყარაბაღის გარშემო მიღწეული შეთანხმებით უკმაყოფილო აქტივისტები შეეცადნენ, აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ ნიკოლ ფაშინიანის კორტეჟისთვის.

9 ნოემბრიდან მოყოლებული, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან „კაპიტულანტურ შეთანხმებაზე“ ხელმოწერაში და მის გადადგომას ითხოვს.

რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი ერთობლივი განცხადების თანახმად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა მთიანი ყარაბაღის გარშემო ეთნიკური სომხების მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში ოკუპირებული შვიდი რაიონი და შეინარჩუნა კონტროლი 44-დღიანი ომის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე.