ვაქცინაციაზე საპატრიარქოს პოზიციას სინოდი დაადგენს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია სინოდის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, თუმცა არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდის ჩატარდება სინოდის სხდომა.

ჯერჯერობით უცნობია, აიცრებიან თუ არა სასულიერო პირები კორონავირუსზე და მოუწოდებს თუ არა საპატრიარქო იმავეს მრევლს.

„ამაზე ჯერ არ უმსჯელია სინოდს და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული“, - უპასუხა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას.

მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ სანდოობის გაზრდაში საპატრიარქოს სთხოვა დახმარება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ.

„[...] დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა. ამიტომ მე დიდი მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა მან.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დასაწყებად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გულისხმობს.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი.

კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელ ვაქცინაზე მიუწვდება ხელი საქართველოს, დამოკიდებულია კოვაქსის პლატფორმის არჩევანზე.

საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი - 4 მილიონი აშშ დოლარი.

კორონაპანდემიის პირობებში რეგულაციებისადმი თავის დამოკიდებულებაზე საპატრიარომ სინოდის სხდომაზე ერთხელ უკვე იმსჯელა გასული წლის 20 მარტს, როცა ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენება განიხილა. მაშინ სინოდმა დაადგინა, რომ ზიარების საერთო კოვზზე, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, უარის თქმა „სრულიად მიუღებელია”.

საქართველოს წმინდა სინოდი შედგება საქართველოს პატრიარქისა და ეპარქიის 44 მმართველისგან. სინოდზე გადაწყვეტილებების მიღება ხმების უმრავლესობით ხდება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მიღებული იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც ემხრობა კრების თავმჯდომარე.