ლადო კახაძე: მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე მზადაა, კოვიდის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა საჯაროდ გაიკეთოს. დეპუტატი მოსახლეობაში ვაქცინის მიმართ სანდოობის გაზრდაში საპატრიარქოს სთხოვს დახმარებას. განცხადებები ამ თემაზე მან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ვაქცინაციის პროცესის დაწყების წინ საკანონმდებლო ბაზის გამართვაზე მსჯელობდნენ.

„იქნებ, პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკითა და როგორც დარგის სპეციალისტმა, საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელმა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო. ვთხოვ, ვინც არის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და არასამთავრობო სექტორიდან... დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა. ამიტომ მე დიდი მადლობელი ვიქნები“, - განაცხადა ლადო კახაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

„ჩვენი კომუნიკაციის ფორმა ყოველთვის იმოქმედებს დადებითად, თუ ეს იქნება რწმენაზე დაყრდნობილი“, - თქვა ლადო კახაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც აღნიშნა, რომ ექიმებს დაღლის უფლება არ აქვთ და მუდამ უნდა შეახსენონ მოსახლეობას საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საჭირო მოქმედებების შესახებ.

„უამრავ სივერაგეს აცდა კაცობრიობა აცრის საშუალებით“, - აღნიშნა ამ სხდომაზე ლადო კახაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს იმსჯელა და მხარი დაუჭირა ბიუროზე გასატანად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დასაწყებად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას გულისხმობს. ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღების ვალდებულებაზე საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, ცვლილებები დაარეგულირებს.

ასევე ნახეთ საქართველოს მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი - ეკატერინე ტიკარაძე