საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დარღვევების შესახებ თებერვლის თვეში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დააანონსა და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტის გამო პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, გამოიყენონ სადეპუტატო მანდატები. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება "ევროპელი სოციალისტები", საქართველოს პარლამენტი უკვე აღარ არის "ერთპარტიული პარლამენტი" და ოპოზიციის "საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რადიონალური საფუძველი დაკარგა".
"როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება - „ევროპელი სოციალისტები“, რამაც საბოლოოდ ჩამოშალა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილი „ერთპარტიული პარლამენტის“ სცენარი. ამ ვითარებაში პარლამენტის საბოტაჟის გაგრძელებამ ყოველგვარი რაციონალური საფუძველი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ შედარებით ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებსაც კი, შანტაჟის, შიშის გამო, ჯერ კიდევ უჭირთ ნაბიჯის გადადგმა და დემოკრატიულ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა.
კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, რათა ნათელი მოვფინოთ სიმართლეს არჩევნებთან დაკავშირებით - გადავამოწმოთ იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება ამ სიმართლის დასადგენად. საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის, ეუთო/ოდირს, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიის მუშაობის მაქსიმალური ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.
ამასთან, ბუნებრივია, ძალაში რჩება ჩვენი პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, მმართველი პარტია დაუყოვნებლივ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, პირადად მე კი, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჩამოვშორდები პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე თქვა, რომ დღის წესრიგში დგას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და მისთვის პარლამენტში სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა "ოპოზიციისთვის არის ბოლო შანსი" და თუკი ამაზე უარს იტყვიან, ყველა შანსს დაკარგავენ. კობახიძე ამ დრომდე ამბობს, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული და ეს ოპოზიციამაც კარგად იცის.
"ევროპელი სოციალისტების" პარტია, რომელიც მანამდე ერთპარტიულ პარლამენტში შევიდა, 2020 წლის იანვარში დაფუძნდა - მისი წევრები "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში მოხვედრილი დეპუტატები არიან და პარტიის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიაა.
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მანდატები მოიპოვეს, არჩევნების დარღვევით ჩატარებისა და საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების განხილვის გარეშე დატოვების გამო ბოიკოტის რეჟიმში არიან - მათ პროტესტი გამოაცხადეს არჩევნების მეორე ტურზე და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით გამართული შეხვედრები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე არ აღმოჩნდა შედეგის მომტანი.