"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში მნიშვნელოვან ადგილს უთმობს მედიაგარემოზე საუბარს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება "სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა". მისი შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ცრუ ამბების პრობლემა მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, საქართველოში "მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია".
"აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.
შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება".
"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე პროპაგანდას წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკად მიიჩნევს და იმ დროს იხსენებს, როცა მედიის ნაწილი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იყო. ივანიშვილი თვლის, რომ არ არხებზე (საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი ორი და იმედი) ახლა სამართლიანობა აღდგენილია, თუმცა გავრცელებული ცრუ ამბების სათავეში და პროპაგანდის განმახორციელებლად კვლავ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციურად განწყობილ მედიას მიიჩნევს.
"პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით - შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა", - წერს ბიძინა ივანიშვილი.
გასული ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ფეისბუკის ადმინისტრაციამ არაერთი პროსახელისუფლებო გვერდი წაშალა საქართველოდან, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ხელს უწყობდნენ პოლარიზაციასა და სიძულვილის ენის გამოყენებას. ფეისბუკზე კონკრეტული პარტიების საწინააღმდეგოდ მოქმედი გვერდები გამოვლინდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყალბი გვერდების ქსელი, რომელიც საქართველოში გამოვლინდა, დაკავშირებული აღმოჩნდა "ქართული ოცნების" ყოფილ პიარ-ტექნოლოგთან, კოკა ყანდიაშვილთან, რომლის პირადი გვერდიც ასევე გააუქმა ფეისბუკმა.
2020 წლის ოქტომბერში კი ცენზურის არსებობა დაადგინა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიაჰოლდინგ "იმედში".
საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.
2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.