საინფორმაციო პორტალ „სოვასთან“ საუბარში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ამბობს, რომ ხანძრის ქრობაში თბილისის მხრიდან დახმარებას არ საჭიროებენ.
„ასეთი საჭიროება არ არსებობს, ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან“, - ეუბნება შამბა „სოვას“.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა.
ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ქრობაში დაეხმაროს„არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი სრული მზაობა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ ჰყავს ვერტმფრენი, რომლითაც რთულად მისადგომ ადგილებში ხანძრის კერებს გაუმკლავდებოდნენ. დახმარების თხოვნით დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას არ მიუმართავს არც რუსეთის ფედერაციისთვის.
ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში რეგიონში გაჩენილი ტყის ხანძრების ლოკალიზებაზე საუბრობენ და ირწმუნებიან, რომ მოახერხეს 7 იანვრის საღამოდან ხანძრის ყველა კერის ლოკალიზება.
დე ფაქტო უწყების თანახმად, 8 იანვრის დილით გაგრის რაიონში არსებული ხანძრის კერაც ფრაგმენტირებულია, ალმა მთებში გადაინაცვლა. ტყის განაპირას დაბალი ინტენსივობის ხანძრის კერები შეინიშნება.
მანამდე გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან იყო მოახლოებული და ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადებოდა. სოციალურ ქსელებში ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებთან მოახლოებული ხანძრის ფოტოებს ავრცელებდნენ.