ხანძრები ზამთარში: „გალში ვედროებით მოტანილი წყლით ცდილობდნენ სახლების გადარჩენას“

„ცეცხლი ერთხელ უკვე დამწვარ ჩემს ეზოსთან. იქ ჩვენი თხილი და თივა იწვის“, - ასე აღწერდა ჟურნალისტი პაატა შამუგია რამდენიმეწამიან ვიდეოს, რომელიც 5 იანვარს ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

აი, ეს კადრებია - გულგრილად რომ ვერ შეხედავ:

Your browser doesn’t support HTML5

ხანძარი პაატა შამუგიას ეზოსთან, გალი, ზემო ბარღები

ეს გალის რაიონია, სოფელი ზემო ბარღები. ადგილი, სადაც დღესაც ცხოვრობენ პაატას მშობლები.

ხანძარი ბოლო დღეებში გალის რაიონის დაახლოებით ცხრა სოფელს მოედო, მათ შორის, სიდას, რეფს, ოტობაიას, თაგილონს, ხუმუშკურსა და სხვებს - ცეცხლს ქარიც აძლიერებდა.

„ჩალა დაეწვათ, კადრშიც ჩანს. დედაჩემი თხილზე მეტად მაგას განიცდის. ზამთარში რით უნდა გამოკვებონ საქონელი? თხილის ბაღებიც დაიწვა. მათთვის ეს, იცით, რამხელა ამბავია?“.

პაატა შამუგია, ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში უყურებდა, როგორ იწვოდა მისი ეზო. მისი სახლი აფხაზეთში ერთხელ უკვე დაიწვა, როცა ის 12 წლისა იყო. მაშინ, პაატას დედ-მამა, მათთვის ამ მტკივნეულ სანახაობას, შორიახლოს, დამალულები უყურებდნენ. მაინც დარჩნენ და ახალი, პატარა სახლი აიშენეს.

„შოკისმომგვრელი იყო იმის გაცნობიერება, რომ რამდენიმე ათეულ ჰექტარზე მძვინვარე ცეცხლი მათ ეზოს, სახლს უახლოვდებოდა. მართალია, სახლი გადარჩა, თუმცა, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის თხილნარის, ჩალის და ბაღების დაწვა, ფაქტობრივად, შიმშილთან დარჩენის ტოლფასია. სახე აქვს ხალხს, თურმე, დამწვარი ცეცხლთან სიახლოვის გამო. შიშველი ხელებით, ვედროებით მოტანილი წყლით ცდილობდნენ ერთმანეთის სახლების გადარჩენას“.

ასევე ნახეთ ხანძარმა ოკუპირებული გალის რაიონის ათამდე სოფელი დააზარალა

პაატა ამბობს, რომ გალში მცხოვრები ქართველების ისედაც ძალიან მძიმე ყოფისთვის (მუდმივი შიში, დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლის პრობლემა, ბავშვებისთვის სკოლა მხოლოდ რუსულ ენაზე, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა), ეს ხანძარი კიდევ ერთი დარტყმა იყო. თან, როცა არავის იმედი არ გაქვს - არც საქართველოს მთავრობის და არც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების.

გალი არ იყო ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც ბოლო დღეებში ხანძრებს ებრძოდნენ.

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო- და ვიდეომასალა, როგორ იწვის ტყე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

„აპსნიპრესის“ ცნობით, ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია. გალსა და ოჩამჩირეში რამდენიმე ადგილას ისევ არის ცალკეული ხანძრის კერები - იწვის ძირითადად ბალახი. ხანძარია ასევე ძნელად მისადგომ მთიან ადგილებში გაგრის შემოგარენში. თუმცა მისმა ინტენსივობამ იკლო.

8 იანვარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხანძრის ქრობაში რამდენიმე მიმართულებით დახმარება შესთავაზა.

მისი სიტყვებით, 5 იანვრიდან რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი, ოკუპირებულ გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვაში მზადყოფნის დადასტურების მიზნით.

ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძრის ქრობაში დაეხმაროს

თუმცა, შეთავაზებაზე პასუხი მალე მოვიდა - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფზახეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ხანძრის ქრობაში, თბილისის მხრიდან დახმარებას არ საჭიროებენ.

სად ჩაქრა ცეცხლი და სად ისევ ანთია

დღესაც, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 500 მეხანძრე-მაშველი 7 ადგილას ისევ ებრძვის ხანძარს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბოლო ინფორმაციით, ამ 7 კერიდან ვითარება არსად გართულებულა, თუმცა მეხანძრეებმა გათენებისთანავე განაახლეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. მოსახლეობა უსაფრთხოდაა.

ხანძრის კერებიდან სამ ადგილას ცეცხლი ჩამქრალია და სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ხოლო სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა.

შვიდი კერიდან 4 სამეგრელოშია. მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხოლო სამზე ისევ გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები, 2 კერაა წალენჯიხაში: სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთიც მარტვილში, სოფელ დობარაზენში.

2 კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, მათ შორის ერთგან ხანძარი ჩამქრალია. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და ქრობის სამუშაოებში ისიც ჩაერთვება, თუ საჭირო გახდება.

ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელ აბარში, გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ჩააქრეს ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში. იქაც მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მინდვრის და ტყის ხანძრის შესახებ 257 შეტყობინება შვიდა - მათგან 248 ლიკვიდირებულია.

ასევე ნახეთ 4 იანვრის შემდეგ საქართველოში მინდვრის და ტყის ხანძრის 252 კერა ჩააქრეს

ვისი ბრალია ხანძარი - ადამიანის თუ ბუნების?

ტყისა და ველის ხანძრების კვალი, როგორც წესი, ადამიანამდე მიდის და ცეცხლის გაჩენის ძირითად მიზეზადაც, როგორც წესი, დაუდევრობა სახელდება.

თუმცა დაუდევრობა არ ნიშნავს მხოლოდ ანთებულ კოცონს, რომელიც აღარ ჩააქრეს. ცეცხლი შეიძლება გამოიწვიოს:

  • ტყეში დატოვებულმა ნარჩენებმა, რომლებიც მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება ადვილად აალდეს მზის სხივების ზემოქმედებით;
  • მინდვრების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვამ;
  • საკარმიდამო ნაკვეთების დასუფთავებამ;
  • ერთი სიგარეტის ნამწვმა და ა.შ.

თუმცა, ეს ყველაფერი არ გამორიცხავს იმას, გვიხსნის სატყეო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია იარდანიშვილი, რომ ამ პროცესზე კლიმატის ცვლილება მოქმედებს - ტყის ხანძრები კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და ამ ცვლილების შედეგი უკვე ძალიან მკაფიოა საქართველოშიც.

„კლასიკური გაგებით გვალვები ჩვენთან ჯერ არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით თუნდაც ბოლო 2-3 წელს, ხშირია ხანგრძლივად მშრალი პერიოდები და მაღალი ტემპერატურა, განსაკუთრებით ზამთარსა და გაზაფხულზე. ეს ყველაფერი კი, თუ არ წარმოქმნის ხანძარს, ხელს უწყობს მის გავრცელებას“, - უთხრა ნათია იორდანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

შემოდგომა-ზამთარსა და გაზაფხულზე, ცეცხლი, როგორც წესი, მინდვრიდან ვრცელდება, მაშინ როცა ქვედა საფარი გამომშრალია. შემდეგ უკვე ტყეში გადადის.

კლიმატის ცვლილების ბოლო ეროვნულ შეტყობინებებში, რომლებიც რეგულარულად მზადდება, ასევე წერია, რომ ისეთ რეგიონებშიც კი, სადაც ტყის ხანძრები ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგალითად, გურიაში, შემთხვევებმა იმატა.

სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში დღეს მილიონ რვაასიათას ჰექტარზე ოდნავ მეტი ტყის მასივია (ეს არ მოიცავს აჭარის ტერიტორიას). ამ ტერიტორიაზე ტყის ხანძრების რიცხვმა განსაკუთრებით მოიმატა 2012 წლიდან.

თუმცა, როგორც ნათია იორდანიშვილი ამბობს, ბოლო ათწლეულში არ მომხდარა ბევრი მასშტაბური ხანძარი, რომელმაც ტყე შეიწირა. თუ არ ჩავთვლით 2008 და 2017 წლების ხანძრებს ბორჯომში, 2006 წლის ხანძარს აბასთუმანში და 2010 წლის ხანძარს რაჭაში.

შარშან ამ დროს, 2020 წლის იანვარში, ტყის ხანძრების 111 შემთხვევა დაფიქსირდა. ცეცხლი 811 ჰექტარზე გავრცელდა.

წელს, ბოლო კვირაში, ორასზე მეტი ხანძრიდან ტყის ხანძრის 13 შემთხვევა დათვალეს: „ვფიქრობთ, სულ 200 ჰექტარზეა საუბარი“, - ამბობს ნათია იორდანიშვილი.

იწვის წამებში, აღდგენას კი წლები სჭირდება

ტყის აღდგენა ყოველთვის ახალი ნერგების დარგვას არ გულისხმობს. მაგრამ სადაც ეს აუცილებელია, იქ ამას დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება. და ცხადია, დრო.

თავის დროზე, ასეთი დახმარება დასჭირდა ბორჯომის ხეობას, როცა ჯერ 2008 და შემდეგ 2017 წელს, სრულად განადგურდა 250 ჰექტარი ტყე. ახლა იქ ახალი ნერგები აღარ შეაქვთ, მხოლოდ დარგულს უვლიან და აკვირდებიან.

ცნობისათვის:

  • ერთი ნერგი ბაზარზე 3-დან 10 ლარამდე ღირს.
  • ერთი ხის დარგვა შეიძლება ღირდეს 1 ლარი (გააჩნია რელიეფს).
  • მერე იწყება ამ ნერგების სულ მცირე 5-წლიანი მოვლის პროცესი, რაც ასევე ხარჯებს მოითხოვს.
  • უხეში დათვლით, ერთი ჰექტარი ტყის გაშენება - 30-40 ათასი ლარი ჯდება.

იქნებ მეტი კონტროლია საჭირო?

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოს ისედაც დეგრადირებული ტყეები ადვილად ემორჩილება ხანძრის გავრცელებას.

მისი თქმით, ვითარება ყოველწლიურად უფრო მძიმდება და არც პროგნოზია დამაიმედებელი. ამიტომ, რეზო გეთიაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, გამოსავალი უფრო რადიკალურ ზომებში უნდა ვეძებოთ - მოსაფიქრებელია, რა სისტემა უნდა დაუპირისპირდეს თუნდაც ადამიანურ დაუდევრობას, რომელიც ხანძრების ყველაზე ხშირ მიზეზად სახელდება.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ კონტროლის გამკაცრებაა საჭირო. ვიცით, რომ ხანძრები უფრო ხშირად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე ჩნდება, საიდანაც შემდეგ ტყის ტერიტორიაზე გადადის. ხოლო როცა ქვეყანაში ტერიტორიის 40% ტყეა და ათასობით დასახლებული პუნქტია გარშემო, ეს შეხება გარდაუვალია. ჯერჯერობით ჩვენში ძალიან არის გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო მიწის დალაგებისას ნარჩენების გადაწვა. ესეც აკრძალულია თითქოს, მაგრამ მაინც აკეთებენ და რეაგირება არ ჩანს. არადა - კვამლი ამოდის, დანაშაულის დაფიქსირება არ არის რთული“.

რეზო გეთიაშვილი ფიქრობს, რომ გამოსავალი შესაძლოა იყოს ის, რომ კონტროლი საპატრულო პოლიციას დაევალოს. დასაწყისში მოსახლეობა შეიძლება უბრალოდ გააფრთხილონ, შემდეგ კი, შესაძლოა, დაწესდეს ჯარიმაც.

„სხვანაირად ხალხი არ ეცდება, შეცვალოს ტრადიცია. ამ გზით კი, იქნებ ცნობიერებაც ამაღლდეს და მოსახლეობამ უარი თქვას საკუთარი თავის, ოჯახის და მთელი სოფლის მოწამვლაზე“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. მათი განცხადებით:

  • დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
  • მინდორსა და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

რადიო თავისუფლებას შსს-ში უთხრეს, რომ ყველა საქმეზე დაწყებულია გამოძიება.