შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 7 იანვარს, დღის განმავლობაში საქართველოში ხანძრის სამი ახალი კერა გაჩნდა (ორი სამეგრელოში და ერთი იმერეთში).
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია.
სოფელ საკაოში, ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში ტყის ხანძრები ჩააქრეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთში მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ.
ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის - ჯვარში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ხოლო, სოფელ ლემატუეში, სადაც კერა დღის განმავლობაში დაემატა, ლოკალოზებულია.
იმერეთში დღის განმავლობაში დაემატა კერა ბაღდადში. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ხანძარი ლოკალიზებულია.
შიდა ქართლში ვერტმფრენის ჩართვა საჭირო აღარ გახდა. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი ლოკალიზებულია. კერები დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის.
4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღრიცხულია 261 შეტყობინება მინდვრის და ტყის ხანძრის კერის შესახებ, მათგან 252 - ჩამქრალია, ოთხი - ლოკალიზებული.
სამსახურის ცნობით, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების ჩაქრობაში.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, მეხანძრე-მაშველთა 350-კაციანი შემადგენლობა, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ხანძარს ერთდროულად ებრძოდა.
ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის 9 კერიდან 4 ლიკვიდრებულია, 3 ლოკალიზებული, 2-ზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.