ქუჩები იმახსოვრებენ თავიანთ ძველ სახელებს და ძნელად ელევიან მათ. თბილისში დღემდე გაიგონებთ „პეროვსკაიას ქუჩას“, „ჩელუსკინელების ხიდს“, „ვორონცოვის მოედანს“, „პავლოვს“ და ა.შ. მართალია, აღარავინ ამბობს „ლენინის მოედანს“ ან „სტალინის სანაპიროს“, მაგრამ, გამოყენების სიხშირის თვალსაზრისით, ზოგიერთი ძველი სახელი დღემდე უწევს კონკურენციას ახალს, მაგალითად, „ელბაქიძის დაღმართი“ - „მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას“, რომელიც „სულ ადრე“ ვერის დაღმართის სახელით იყო ცნობილი.

კაცობრიობამ ქუჩებისა და მოედნებისათვის სახელის შერქმევა დაიწყო უხსოვარი დროიდან, როდესაც ფუნქციური დანიშნულებით მოიხსენიებდნენ ამა თუ იმ ადგილს. „ძველი და ახალი თბილისის ქუჩების ცნობარის“ ავტორის, ც. ოდიკაძის, თქმით, ასე გაჩნდა საუკუნეების წინ თბილისში მტკვრის ქუჩა, ღვინის აღმართი, რომლებსაც მოჰყვა „სასამართლოს“, „ძღომის“ (ობჟორნაია), „საქეიფო“ (კუტილოვკა) და სხვა ქუჩები, მათ შორის „ვერის დაღმართიც“, რომელმაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია შეიძინა XIX საუკუნის ბოლოს, როცა ერთიორად გაფართოვდა თბილისი და მტკვრის სანაპიროების დასაკავშირებლად საჭირო გახდა ახალი ხიდის აშენება.

ვერის დაღმართი

ელბაქიძემდე იყვნენ ნიკოლაძე, ქურდიანი...

ვერის დაღმართს არკადი ელბაქიძის სახელი 1923 წელს ეწოდა. არადა, თუ ვინმეს სახელს იმსახურებდა ეს ქუჩა, პირველ რიგში, ნიკო ნიკოლაძისას, რადგან სწორედ ნიკო ნიკოლაძის დაჟინებული მოთხოვნით აშენდა 1883 წელს ვერის ხიდი, რომლის აუცილებლობას მაშინ ვერავინ ხედავდა და რომელმაც ახალი სიცოცხლე შთაბერა ვერის დაღმართს.

საქმე ის არის, რომ თბილისის თვითმმართველობამ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში განიზრახა მტკვარზე ხიდების აგება იქ, სადაც ბორნები მუშაობდა. შეირჩა მუხრანისა და ვერის საბორნე გადასასვლელები, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საჭირო იყო არჩევანის შეჩერება ერთ ხიდზე. მეტის საშუალება ქალაქს არ ჰქონდა. ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა ვერის ხიდს, რადგან ხიდისთვის გამოყოფილი ადგილი ქალაქის განაპირას მდებარეობდა და ამის გამო შიშობდნენ, რომ დიდი მოძრაობა არ იქნებოდა.

ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე

მუხრანის ხიდის აშენების მომხრეთა მთავარი არგუმენტი მუხრანის ქუჩის ბორნის წლიური შემოსავალი (6 000 მანეთი) იყო, მაშინ როცა ვერის ხიდის ადგილზე მოქმედი ბორანი მხოლოდ რვა თუმანს (80 მანეთი) იძლეოდა.

„ვერის ხიდი თავის ხარჯებს ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ ზარალს მოგვცემსო“, - შიშობდნენ ქალაქის თავები.

ვახტანგ ბერიძე „თბილისის ხუროთმოძღვრების“ მეორე ტომში წერს: „ქალაქის სათათბიროში გააფთრებით დავობდნენ, სად უფრო ადრე უნდა აშენდეს ხიდი, ვერაზე თუ მუხრანის ქუჩასთანო. ბურჟუაზიის ბევრი წარმომადგენელი მუხრანის ხიდის უპირატესობას ამტკიცებდა, ვერის ხიდის აქტიური დამცველი იყო ნიკო ნიკოლაძე: მას ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ქალაქის განვითარების ერთადერთი რეალური მიმართულება აქეთ იყო და რომ სულ მალე ამ ხიდის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება“.

ვახტანგ ბერიძის თქმით, ოთხმოციანი წლების დასაწყისში ორივე ხიდის პროექტი შეუკვეთეს ინჟინერ უმანსკის, მაგრამ მაშინ (1881 წლის ოქტომბერში) მხოლოდ ვერის ხიდის მშენებლობა დაიწყო (დასრულდა 1884 წლის დეკემბერში. საზეიმოდ გაიხსნა 1885 წლის 10 თებერვალს).

გაზეთ „დროების“ მიხედვით, ხიდის გახსნის დღეს ზეიმის აღსანიშნავად ხიდზე მოგზაურობა უფასო იყო: „ეკიპაჟებს ნება ჰქონდათ უფასოდ სიარულისა და მეორე დღიდან კი თითო შაური გამოერთმევათ. ქალაქის გამგეობას იმედი აქვს, რომ წელიწადში 12 000 მანეთი შემოვა ამ ხიდიდან“.

გრიგოლ (გიგო) ქურდიანი

ხიდის გახსნის მეორე დღიდან დაწესდა 5-კაპიკიანი გადასახადი ყველა სახის - როგორც ბორბლიანი, ისე საპალნე - ტრანსპორტისათვის.

გადასახადი, რომელიც შემოღებულ იქნა ხიდზე დახარჯული თანხის ასანაზღაურებლად, გააუქმა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ.

ნიკო ნიკოლაძის გარდა, „ვერის დაღმართი“ ასევე „ვალშია“ ცნობილ არქიტექტორ გრიგოლ (გიგო) ქურდიანთან, რომელიც აწარმოებდა დაღმართის გაფართოების სამუშაოებს, რადგან ძველი ქუჩა და ხიდი ვეღარ აუდიოდნენ გაზრდილი ქალაქის მოთხოვნილებას. XIX საუკუნეში ვერავინ იფიქრებდა, რომ ოდესმე თბილისში ივლიდა ელექტროტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტომობილი და მძიმე წონის სხვა ტრანსპორტი.

1952 წელს ვერის ხიდის ადგილზე აშენებული "გალაკტიონის ხიდი"

ახალ, 147,5 მეტრი სიგრძისა და 25,5 მეტრი სიგანის ხიდს, რომელიც 1952 წელს აშენდა, ეწოდა ჯერ სტალინის, შემდეგ კი ელბაქიძის სახელი.

გალაკტიონიც, მიხეილ ჯავახიშვილიც...

საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახება გალაკტიონ ტაბიძის დეპეშის ასლი, რომლის ადრესატი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილია:

„ხუთშაბათი, 14 აპრილი, 1927 წელი.
ტფილისი, ვერის დაღმართი, #21, მიხეილ ჯავახიშვილს.
მხურვალე სალამი. ვარ თქვენთან. მოაწერეთ ჩემს მაგიერ. მალე ჩამოვალ.
გალაკტიონ

გალაკტიონი მიხ. ჯავახიშვილს

დეპეშა 1927 წლით არის დათარიღებული. ამ დროს ვერის დაღმართი უკვე ელბაქიძის სახელს ატარებს, მაგრამ გალაკტიონი მომდევნო წლების განმავლობაშიც კი ამ ადგილს ვერის დაღმართად, ხოლო ხიდს „ვერის ხიდად“ მოიხსენიებს. ერთგან, რომანისათვის შედგენილ „პლანში“, პოეტი წერს:

„ტფილისი - ფანტასტიურად მწყურვალეა ქარისა ზაფხულში, მის სიც­ხე-პა­პანაქებაში. განსაკუთრებით ვერის დაღმართი; ვერის ხიდზე იცის ისეთი ქარი, როგორიც არსად მთელ ტფილისში, გარ­­და მა­ხათის მთისა“.

ელბაქიძის ქუჩასა და ხიდს სახელები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეეცვალათ: 1995 წელს ქუჩას ეწოდა მიხელ ჯავახიშვილის სახელი, ხოლო ხიდი „გალაკტიონის ხიდად“ 1999 წელს გადაკეთდა.

აბრა გალაკტიონის ხიდზე

გალაკტიონი ხიდს გადაღმა, მარჯანიშვილის თეატრის გვერდით, ცხოვრობდა და ყველაზე ხშირად სწორედ ამ ხიდზე უწევდა გავლა. დიდი პოეტის დღიურებში ასეთ ჩანაწერსაც კი ნახავთ: „დაერქვას ახალ ხიდს „გალაკტიონის ხიდის“ სახელწოდება“.

ეგ კი არადა, სერგი ჭილაიას მოგონების თანახმად, გალაკტიონი ერთხელ ამ ხიდიდან მტკვარშიც კი „გადავარდნილა“...

მიხეილ ჯავახიშვილი კი, საერთოდაც, ამ ქუჩაზე, ვერის დაღმართის N 21-ში ცხოვრობდა მთელი 24 წლის განმავლობაში, რასაც ადასტურებს როგორც შენობაზე მიმაგრებული მემორიალური დაფა, ასევე დიდი მწერლის მეუღლის, ლუბა ჯაჭვაძის, ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, მიხეილ ჯავახიშვილმა ვერის დაღმართზე ბინა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ შეარჩია.

სახლი, რომელშიც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა

რუსეთიდან თბილისში ჩასული ცოლ-ქმარი ჯერ სასტუმროში, შემდეგ კი ეკატერინე გაბაშვილის სახლში, ავეჯით გაწყობილ ორ ოთახში ცხოვრობდა, თუმცა მალევე გადაუწყვეტიათ ცალკე ბინის დაქირავება. ლუბა ჯაჭვაძე წერს:

„ბევრი ძებნის შემდეგ ელბაქიძის დაღმართზე, 21-ე ნომერში, ოთხოთახიანი ბინა ვიშოვეთ. გადავიტანეთ ბარგი, რაც ვლადიკავკავიდან ჩამოტანილი გვქონდა, და ახალი ცხოვრება დავიწყეთ“.

ლუბა ჯაჭვაძე, მიხეილ ჯავახიშვილის მეუღლე

ლუბა ჯაჭვაძემ 90 წელი იცოცხლა და 1981 წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, მოგონებებიც გვიან დაიწერა, როცა უკვე მყარად იყო დამკვიდრებული „ელბაქიძის დაღმართი“ ნაცვლად „ვერის დაღმართისა“...

ვინ ელბაქიძის ქუჩა?

ვინ იყო არკადი ელბაქიძე?

1879 წელს რაჭის მაზრის სოფელ წესში დაბადებული არკადი ელბაქიძე, პროფესიით მზარეული, 19 წლიდან ჩართული იყო რევოლუციურ მოძრაობაში. 25 წლისა აქტიური ბოლშევიკია და მონაწილეობას იღებს გახმაურებულ საბრძოლო ოპერაციებში. აი, როგორ ახასიათებს 20-იანი წლების ქართული საბჭოთა პრესა არკადი ელბაქიძეს:

არკადი ელბაქიძე

„ის არ იყო პარტიის უბრალო წევრი, მას პარტია ავალებდა ფრიად საპასუხისმგებლო ორგანიზაციული საქმეების შესრულებას. 1907 წელს ელბაქიძე მონაწილეობას იღებს ერევნის მოედანზე ფოსტაზე მოწყობილ თავდასხმაში, საიდანაც გაიტაცეს ფული (250 ათასი მან.). 1912 წელს მდინარე დონზე მოაწყო პარამონოვის გემზე თავდასხმა ფულის გატაცების მიზნით, მაგრამ გასცეს და ამიტომ მთელი ორგანიზაცია ჩავარდა. ის შეიპყრეს და გაასამართლეს ნოვოჩერკასკში, სადაც გადაუწყვიტეს სამუდამო კატორღა, მაგრამ მას მოუსწრო რევოლუციამ და გაათავისუფლეს, საიდანაც მალე დაბრუნდა საქართველოში. 1918 წელს, საქართველოს „დამოუკიდებლობის“ გამოცხადებისას, ელბაქიძე ტოვებს სამსახურს და მიდის პარტიის განკარგულებაში... მალე ბრუნდება საქართველოში, სადაც მას აპატიმრებენ და ოთხი თვე ბრალის წაუყენებლად ამყოფებენ ციხეში. მაგრამ არკადიმ გამოაცხადა შიმშილობა და მას ისევ ასახლებენ კავკავში. მარტის დამლევს ინგუშეთის მთებიდან ის ისევ ბრუნდება თბილისში, დიაკვნის სახით. ის ამგვარად კარგა ხანს ატყუებს მენშეკიკებს. 13 სექტემბერს აწყობს თავდასხმას გენერალ ბარათოვზე და ოდიშელიძეზე. მას დაედევნენ ფაჩულია-სულაქველიძის აგენტები და როდესაც ის მტკვარში გადახტა, ესროლეს და მოკლეს“.

1919 წლის 13 სექტემბრის თავდასხმის შესახებ მეორე დღეს გამოსული გაზეთი „ერთობა“ წერდა:

„გუშინ, დაახლოებით პირველის ნახევარზე, მთელს ქალაქში ხმა გაისმა. გამოირკვა შემდეგი: რუსთაველის პროსპექტისაკენ ვერის დაღმართით მთავრობის ავტომობილით მიდიოდნენ რუსეთის მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი გენერალი ბარათოვი და ქართული ლაშქრის გენერალი ოდიშელიძე. როცა ავტომობილს ჯერ კიდევ არ გაევლო ის ადგილი, რომელიც ყოფილი ბირჟის მოედანს აკრავს, მას ორი ყუმბარა ესროლეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომახლო შუშები დაილეწა. მოკლულ იქნა შოფერი და მისი თანაშემწე, თავში დაიჭრა გენ. ბარათოვი და მძიმედ დაიჭრა გენ. ოდიშელიძე. მსროლელი ხიდის მიმართულებით გაიქცა, რომელსაც მილიციელები დაედევნენ და რა შეამჩნია მდევნელები, მტკვარში გადავარდა და დაიხრჩო. ნაპირზე გამოტანისას მას აღმოაჩნდა დოკუმენტები, რომლებითაც გამოირკვა, რომ ის არის რაჭის მაზრაში მცხოვრები ელბაქიძე. შემთხვევის ადგილს სწრაფად მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, ქალაქის თავი და მთავრობის თავმჯდომარე. დაჭრილნი მიხეილის საავადმყოფოში გაგზავნეს. სწარმოებს კვლევა ძიება“.

გენერალი ილია ოდიშელიძე

ათი წლის შემდეგ, 1929 წელს, ამ საგაზეთო ცნობის კომენტირებისას ჟურნალი „დროშა“ წერდა:

„ცნობაში „ერთობამ“ გვერდი აუხვია იმის გამომჟღავნებას, რომ ელბაქიძე კომუნისტია და რომ ის კი არ დაიხრჩო, არამედ მოკლულ იქნა მილიციელების მიერ“.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ცნობის მიხედვით, გენერალი ბარათოვი დაიჭრა ორივე ფეხში (მოგვიანებით საჭირო გახდება მარჯვენა, მოტეხილი ფეხის ამპუტაცია), გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე კი - ნიკაპსა და ყურში.

„ბოროტგამზრახველი გაიქცა ვერის მოედნით ყორღანოვის ქუჩისკენ, მიირბინა რა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიასთან, მტკვრისკენ დაეშვა. მას დაედევნენ მილიციონერები. როდესაც შენიშნა, რომ მას დაედევნენ, მაშინვე გადავარდა მდინარეში (ხიდის მახლობლად). როდესაც ბოროტგამზრახველი გამოჩნდა წყლის ზედაპირზე, ერთ-ერთი მილიციელის მიერ სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი თავში. იგი მენავემ წყლიდან ამოიყვანა გონებადაკარგული. მაშინვე გარდაიცვალა“.

ქართული საბჭოთა პრესა ბრაზით წერდა, მენშევიკების „სოციალისტურმა მთავრობამ“ [შს მინისტრმა ნოე რამიშვილმა] დიდი მადლობა გამოუცხადა სისხლის სამართლის მილიციას „გმირული“ საქციელისთვის, რაც გამოიხატა ელბაქიძის მკვლელობაშიო.


პუბლიკაცია ნიშნის მოგებით მთავრდება:

„...მაგრამ დიდად ვერ იპარპაშეს არკადის მტრებმა, მათაც მალე მოეღოთ ბოლო, ხოლო პარტიის რიგები არკადის ნაცვლად შეივსო ახალი წევრებით, რომლებიც განაგრძობენ მის მიერ დაწყებულ საქმეს“.

მიხ. ჯავახიშვილის ქუჩა, ყოფილი ა. ელბაქიძის ქუჩა, ყოფილი ვერის დაღმართი

...თანაც, როგორც ჩანს, განაგრძობენ უცნაური ფორმით, რადგან არკადი ელბაქიძე 1919 წელს მოკლეს, საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. ქუჩას, რომელთანაც ელბაქიძეს შემთხვევითი კავშირი ჰქონდა, 25 წლის წინ შეუცვალეს სახელი, მაგრამ ბევრი დღესაც მექანიკურად ამბობს „ელბაქიძის დაღმართს“ და არა მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას, რაც, ალბათ, საზოგადოების გულგრილობისა და უგულისყურობის ბრალი უფრო უნდა იყოს, ვიდრე ელბაქიძისა და მისი თანამებრძოლების დამსახურებისა.

სად დიდი მწერლის ღვაწლი სამშობლოს, თბილისისა და, თუნდაც, „ვერის დაღმართის“ მიმართ (სადაც 24 წელი იცხოვრა) და სად სამშობლოს დამოუკიდებლობის მტრისა?!