ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ორშაბათს ინგლისის მასშტაბით ახალი "ლოკდაუნი" გამოაცხადა სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე, რათა შენელდეს კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტით ინფიცირება. ახალი ზომების გამოცხადების ფონია ბრიტანეთში ინტენსიურად მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამა - ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც დაუშვა ოქსფორდის უნივერსიტეტის და კომპანია AstraZeneca-ის პრეპარატით აცრა.
ჯონსონის თქმით, მოსახლეობა კვლავ სახლებში უნდა დარჩეს, როგორც ეს პანდემიის პირველი ტალღის დროს, მარტში იყო - ამჯერად იმიტომ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი "იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელი" ფორმით ვრცელდება.
"ახლა, როცა მოგმართავთ, ჩვენი საავადმყოფოები უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ არიან COVID-ის გამო, ვიდრე ნებისმიერ დროს პანდემიის დაწყების შემდეგ" - თქვა ჯონსონმა.
ახალი წესებით, რომლებიც რაც შეიძლება მალე ამოქმედდება, დახურული დარჩება დაწყებითი და საშუალო სკოლები, კოლეჯები. უნივერსიტეტებში სტუდენტები სულ მცირე თებერვლის შუა რიცხვებამდე არ დაბრუნდებიან.
დახურული იქნება ყველა არააუცილებელი ნივთების მაღაზია და ასევე თავის მოვლის სერვისები, მათ შორის საპარიკმახეროები. რესტორნებს მხოლოდ საკვების გარეთ გაცემა შეეძლებათ.
ორშაბათს ინგლისის საავადმყოფოებში COVID-ით დაავადებული 26,626 პაციენტი იყო - რაც 30 პროცენტით აჭარბებს წინა კვირის მონაცემს.