რატომ არის საშიში საბავშვო ბაღების შეშის ღუმლით  გათბობა

ეიძლება ფიქრობთ, რომ შეშის ღუმელი გათბობის ყველაზე ჯანსაღი გზაა ზამთარში, თუმცა კვლევები რადიკალურად საპირისპიროზე ეტყველებ. შეშის ღუმლების გამო საბავშვო ბაღებში მტვრის მყარი ნაწილაკების დასაშვებზე მეტი რაოდენობა გროვდება, რაც ბავშვების ჯანმრთელობაზე საგანგაშოდ მოქმედებს.

WECF Georgia-მ (women in Europa for common future) და დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ბაღებში, რომლებსაც შეშის ღუმლით ათბობენ, ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებით 2,4-ჯერ მეტადაა დაბინძურებული, ვიდრე იქ, სადაც გასათბობად დენს ან გაზს იყენებენ.

ჰაერი შემოწმდა 59 საბავშვო ბაღში (9 მუნიციპალიტეტსა და 3 რეგიონში), აქედან 20-ში - ჰაერმზომის მეშვეობით. იმ ბაღებში, სადაც მყარ საწვავს (ძირითადად შეშას) წვავდნენ, ჰაერის დაბინძურების ხარისხი იყო მაღალი ან ძალიან მაღალი. ამასთან, გამოირკვა, რომ იმ რეგიონებში, სადაც კვლევა ჩატარდა, გასათბობად შეშას იყენებს ქალაქად მდებარე საბავშვო ბაღების 54%, სოფლად კი - 70%.

სხვა რეგიონებშიც იგივე სურათი იქნება. პირველ რიგში, ეს ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს, ასთმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და ეს მხოლოდ ბავშვებს არ ეხებათ, არამედ იმ პერსონალსაც, რომელიც ბაღებში მუშაობს“, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ექსპერტი ნია გიუაშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს ევროპის რეგიონში შენობისშიდა ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს - 3,8%. შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: გულის დაავადებები, პნევმონია, ინსულტი, დიაბეტი, ფილტვის კიბო.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ბაღებში ჰაერის დაბინძურებას არ უჩივიან, ჰაერმზომების მონაცემებმა ცხადყო, რომ ბავშვები და პერსონალი მთელი დღე მტვრის მყარი ნაწილაკების საშიში კონცენტრაციის პირობებში იმყოფებიან.

ჩაის ასადუღებლად დახარჯული მილიონები

შეშის ღუმლებთან დაკავშირებულ პრობლემაზე, დიდი ხანია, ლაპარაკობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

„არსებობდა მითი, რომ ბავშვი შეშის ღუმელთან უნდა იზრდებოდეს და მაშინ არის ჯანმრთელი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საექსპერტო დასკვნა დაიდო და ეს მითიც დაიმსხვ, შეშა მაინც გათბობის უკონკურენტო საშუალებად რჩება, თუნდაც იმის გამო, რომ საბავშვო ბაღების ნაწილს ცენტრალური გათბობის სისტემა ან საერთოდ არ აქვს, ან მწყობრიდან არის გამოსული. ქალაქებშიც კი, თბილისის, რუსთავის და ბათუმის გარდა, მოსახლეობის ნაწილი ისევ შეშით თბება. მშობელსაც აღარა აქვს რეაქცია იმაზე, რომ ბაღში შეშის ღუმელი დგას, სახლშიც იგივე ხდება“, - ამბობს CENN-ის პროგრამების მენეჯერი რეზო გეთიაშვილი.

საქართველოს გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013-2021 წლებში, ჯამში, 659 მილიონამდე ლარი იხარჯება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნაწილი ბუნებრივ აირს გასათბობად მაინც არ იყენებს. მიზეზი ტარიფი და ძველი შენობებია, რომელთა გაზით გათბობა ძვირი დაჯდება, თუ მანამდე მთელი რიგი ენერგოეფექტური ღონისძიებები არ გაატარე, რაც, თავის მხრივ, ხარჯს მოითხოვს.

გაზიფიცირების პროგრამა არ არის ეფექტური, გაზი შედარებით ძვირია, შენობების ინფრასტრუქტურა - გაუმართავი. ერთადერთი, რისთვისაც გაზს იყენებენ, უხეშად რომ ვთქვათ, ჩაის ადუღებაა. ჩაის ასადუღებლად ვიხდით მილიონებს“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

ბავშვების დაავადების რისკს ზრდის ისიც, რომ კვლევაში ჩართული საბავშვო ბაღების მხოლოდ ნახევარი იყენებს ვენტილაციას ოთახების გასანიავებლად. ოთახებში იშვიათად აღებენ ფანჯრებს, ხოლო ბაღების 60 %-ში ზამთრობით ბავშვები გარეთ საერთოდ არ გაჰყავთ, მიუხედავად იმისა, რომ, NCDC-ის რეკომენდაციით, აუცილებელია, ყოველდღე, ზამთარშიც კი, ბავშვებმა 1-2 საათი სუფთა ჰაერზე გაატარონ.