საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი, „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად.

როგორც ცენტრი იტყობინება, სულ გამოკვლევაში იყო სამი საეჭვო შემთხვევა. ორ შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბერში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი, „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი აცხადებს, რომ პაციენტი 50 წელს გადაცილებული კაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მისი კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთ-ერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში. ტარდება მისი ნიმუშის „სეკვენირებაც“.

ცენტრის განმარტებით, ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.