ნინო ქოქოსაძის პროფესიით პედაგოგ შვილს, ლიკას, რომელიც წლებია ისრაელში ცხოვრობს, კოვიდის საწინააღმდეგი პირველი აცრა ამ კვირაში აქვს დანიშნული. განმეორებით ვაქცინა 14 დღის შემდეგ უნდა გაუკეთონ.
ისრაელში, კოვიდვაქცინას თავდაპირველად უკეთებენ სამედიცინო პერსონალს, შემდეგ მასწავლებლებს და 60+ ასაკის ხალხს.
ნინო, რომელიც თავად 60 წლისაა, ელის, რომ ჯერ შვილი აიცრება და შემდეგ თვითონ. მისთვის, როგორც მესამე კატეგორიაში მყოფი ადამიანისთვის, აცრა ნებაყოფლობითია. პირველი და მეორე კატეგორიის ხალხისთვის კი - სავალდებულო.
„აქ სხვანაირი ხალხია, ენდობიან თავის სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემას. ამიტომ აიცრის უმრავლესობა“, - ეუბნება ნინო ქოქოსაძე რადიო თავისუფლებას.
ისრაელმა COVID-19-ის წინააღმდეგ უკვე აცრა 1 მილიონი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის მეათედზე მეტია.
„ჩვენ ყველა რეკორდი მოვხსენით, მთელ მსოფლიოზე წინ ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
აცრების კამპანია ქვეყანაში 20 დეკემბერს დაიწყო Pfizer-BioNtech-ის ვაქცინით, რომელიც რამდენიმე კვირის ინტერვალით ორეტაპიან აცრას ითვალისწინებს.
ამ მისამართზე თავმოყრილ ჩარტებში ნათლად ჩანს ვაქცინაციის დოზები ყოველ 100 მოსახლეზე და ისრაელი მართლაც ჩარტის სათავეშია.
ქართველმა ექიმმა, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს (მან ამ ეტაპზე ღიად საუბრისგან თავი შეიკავა), გვითხრა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა 23 დეკემბერს გაიკეთა - ეს იყო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა. მეორე დოზა მას 14 იანვარს უნდა გაუკეთდეს.
„არანაირი გვერდითი ეფექტი არ მქონია, ნანემსარი იყო ცოტათი მგრძნობიარე ერთი დღე“, - მოგვითხრობს ის.
„აცრა აუცილებელია, სამწუხაროდ, ყველა ვერ იგებს აცრის მნიშვნელობას. პოლიომიელიტის აცრაზე რომ ხალხი მიეყვანათ, ელვის პრესლის გაუკეთეს აცრა ტელევიზორში და ხალხი ელვის პრესლის უფრო ენდო, ვიდრე მეცნიერებს და ექიმებს. დღეს პოლიომიელიტი (და ბევრი სხვა დაავადება) ლიკვიდირებულია სწორედ აცრის გამო. ჯერჯერობით არაა ყველასთვის საკმარისი ვაქცინა დამზადებული. ჩემს მეუღლეს ძალიან მინდა, რომ მალე გაუკეთდეს აცრა, მაგრამ ჯერ რიგი არ უწევს, იმედია, მალე აიცრება“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
საფრანგეთიც აჩქარდა
4 იანვრიდან, Covid-19-ის საწინააღმდეგო, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით აიცრებიან საფრანგეთში 50 წელს გადაცილებული ჯანდაცვის მუშაკებიც.
თავდაპირველად, ვაქცინაციის ამ ეტაპის დაგეგმვა საფრანგეთში იანვრის ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ვაქცინაციის ნელი ტემპის გამო“ საფრანგეთის მთავრობა კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა, პროცესი უფრო დაჩქარდა. თავდაპირველად ვაქცინაცია მოხუცთა თავშესაფრებში უნდა დაწყებულიყო.
საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პირველი ცენტრები საფრანგეთის ქალაქებში გაიხსნება თებერვლის დასაწყისამდე - 75 წელზე უფროსი ასაკის, შემდეგ კი, 65 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციის დასაწყებად.
საფრანგეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც საჭიროა წერილობითი თანხმობა ვაქცინაციის მიღებამდე.
დიდ ბრიტანეთში ვაქცინაციის პროცესში Pfizer/BioNTech-თან ერთად AstraZeneca-ც ჩაერთო და 4 იანვრიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პრეპარატითაც დაიწყო.
ასევე ნახეთ დიდი ბრიტანეთი პირველი იწყებს AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციასBBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის 530 000 დოზა მზად არის.
გაერთიანებული სამეფო პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ოფიციალურად გასცა ამ ვაქცინის გამოყენების ნებართვა და მისი გამოყენება დაიწყო.
დიდმა ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში პირველმა დაიწყო ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით.
ჯერჯერობით დიდ ბრიტანეთში აცრას უკეთებენ მხოლოდ რისკჯგუფების წარმომადგენლებს - ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, ხანდაზმულებს.
BBC-ის ინფორმაციით, მთავრობამ ვაქცინაციის გეგმა შეცვალა და პირველ და მეორე აცრას შორის ინტერვალი სამი კვირიდან სამ თვემდე გაზარდა, რადგან მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პირველი დოზით აიცრას რაც შეიძლება მეტი ადამიანი.
დღე-დღეზე ელიან მასობრივი აცრების დაწყებას იტალიაშიც.
ვაქცინის პირველ დოზებს იქაც ექიმები და ჯანდაცვის მუშაკები მიიღებენ - დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი.
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ექიმების შემდეგ აიცრებიან მზრუნველობას მოკლებულ ადამიანთა სახლების მცხოვრებლები - 570 000-ზე მეტი ადამიანი.
შემდეგ ხანდაზმულები, მასწავლებლებო, პოლიციელები, ციხის თანამშრომლები.
ბოლოს კი - მთელი მოსახლეობა. ვაქცინა უფასო იქნება და არასავალდებულო.
იტალიის მთავრობის განცხადებით, ქალაქებში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიდგმება ვაქცინაციისთვის სპეციალური ჯიხურები.
ესპანეთი - აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა
ესპანეთში საყოველთაო ვაქცინაცია 5 იანვარს აიღებს სტარტს. უკვე გამოქვეყნდა გეგმა, რომლის თანახმად, პირველ რიგში, იქაც აიცრებიან მოხუცები და მოხუცთა თავშესაფრებში დასაქმებული პირები, შემდეგ ჯანდაცვის მუშაკები, შემდეგ სხვა დაუცველი ადამიანები.
მერე ეტაპობრივად დაიწყება უფასო ვაქცინაცია მთელი მოსახლეობისთვის - პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით.
ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს, სალვადორ ილას თუ დავუჯერებთ, ესპანეთი COVID-19-ის იმუნიტეტს 2021 წლის ზაფხულის ბოლოს გამოიმუშავებს. მისივე პროგნოზით, ამ დროისთვის ესპანეთის 47-მილიონიანი მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი აცრილი უნდა იყოს.
ესპანეთს ასევე გადაწყვეტილი აქვს, შექმნას იმ ადამიანთა მონაცემთა ბაზა, რომლებიც უარს იტყვიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე - ამ მონაცემს კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებს გაუზიარებენ.
ერთ-ერთო ბოლო გამოკითხვის თანახმად, ესპანეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც თქვეს, რომ ვაქცინას არ მიიღებენ, 28%-მდე შემცირდა: ნოემბერში ეს მონაცემი 47% იყო.
გერმანიის მთავრობა იანვრის ბოლოსთვის ელის ვაქცინის დაახლოებით 3-4 მილიონი დოზის მიღებას, 2021 წლის მარტის ბოლოს კი ხელმისაწვდომი იქნება 11-13 მილიონი დოზა.
ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მხოლოდ პირველი ჯგუფის იმუნიზირებას დასჭირდება დრო - მარტამდე. გერმანიის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია.
ორი დღის წინ გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადა, რომ აფართოებს თავისი ვაქცინის წარმოებას იმ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რასაც სხვა დამტკიცებული ვაქცინების არარსებობა იწვევს.
ასევე ნახეთ "ბიონტექი" ცდილობს გაზარდოს კორონავირუსის ვაქცინის წარმოებააქვე გავიხსენოთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 31 დეკემბერს გასცა ნებართვა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სასწრაფო წესით გამოყენებაზე, რაც ვაქცინის პირველი ამგვარი დამტკიცებაა მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ კორონავირუსის პანდემია დაიწყო.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 14 დეკემბერს დაიწყო და ნიუიორკელი მედდა, სანდრა ლინდსი გახდა პირველი ადამიანი ამერიკაში, რომელსაც გაუკეთეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა, რაც ტელევიზიით ცოცხალ ეთერში გადაიცემოდა.
იმ დროისათვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 300 000-ს აჭარბებდა.
CDC-ის თანახმად, 2 იანვრის მონაცემებით აშშ-ში მხოლოდ 4.2 მილიონ ადამიანს აქვს მიღებული ვაქცინის პირველი დოზა.
მასობრივი ვაქცინაციის მზაობა გამოთქვა რუმინეთმაც. ისინი ვაქცინის 1 მილიონ დოზას ელიან და მათი სტრატეგიის მიხედვით, პირველ რიგში აიცრება ქვეყნის 10 მთავარი კოვიდსაავადმყოფოს მედპერსონალი. შემდეგ უკვე მოწყვლადი ჯგუფების წევრები და მასწავლებლები.
რით იცრებიან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში?
Covid-ის უფასო ვაქცინაცია პრიორიტეტული ჯგუფებისთვის დაიწყო დუბაიშიც, სადაც იმედოვნებენ, რომ 2021 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 70 პროცენტი იქნება აცრილი.
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბისგან განსხვავებით, რომელმაც ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფის (სინოფარმი) მიერ გაკეთებული ვაქცინა აირჩია, დუბაი - საუდის არაბეთის გზას დაადგა, რომელიც ამ თვის დასაწყისში გახდა პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც გამოიყენა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა.
ახლოს - აზერბაიჯანში
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით (რომელიც ბაქოში ცხოვრობს და რომელმაც ამ ეტაპზე ანონიმურად ამჯობინა დარჩენა), ე.წ. ჩინური ვაქცინა იყიდა აზერბაიჯანმაც. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე აცრილია მედიკოსების ნაწილი და მალე დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაციაც. თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია ამის თაობაზე არ გავრცელებულა.
„სინოფარმის“ (ჩინური წარმოების) ვაქცინას ჩინეთის გარდა გამოიყენებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროები და ბაჰრეინი.
ჩვენ რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურსაც ვკითხეთ, რა არის მათთვის ცნობილი და რომელ ვაქცინას ყიდულობს აზერბაიჯანი - მათ გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ვაქცინის შესყიდვაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი წარმომადგენლის სიტყვებით, ბაქო აპირებს ვაქცინის 4 მილიონი დოზის ყიდვას თურქული კომპანია „Keymen İlaç“-ისგან, რომელიც, თავის მხრივ, ვაქცინას ჩინეთისა და გერმანიისგან იყიდის.
რუსეთში აცრა ე.წ. რუსული ვაქცინით „სპუტნიკ V“-ით ჩატარდება. „სპუტნიკ V“-ით იმუნიზაციის ნებაყოფლობითი კამპანია რუსეთში დეკემბერში დაიწყო და პირველ რიგში ხანდაზმული მოქალაქეები აიცრებიან.
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული პრეპარატით აიცრება.
ვაქცინებსა და იმის თაობაზე, თუ რომელი ვაქცინა რა ეტაპზეა დღეს, ამომწურავი ინფორმაციის პოვნა შეგიძლიათ „ნიუ იორკ ტაიმსის“ კორონავირუსის ვაქცინაციის მაძიებელ ამ პლატფორმაზე.
ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში, ადამიანების პნევმონიით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა: „დაწყებულია გამოძიება ამ დაავადების გამომწვები მიზეზების დასადგენად“, - წერდა მაშინ WHO.
ერთი წლის შემდეგ კი, დაავადებამ სახელად - COVID-19, დედამიწაზე 1 853 005 ადამიანი შეიწირა. ახალი კორონავირუსი კი შეხვდა 85 599 504 ადამიანს.
სწორედ ამ დაავადებას უნდა შეებრძოლონ ვაქცინები, რომლებიც 2021 წლის მთავარი ვაქცინები უნდა გახდნენ და რომლებსაც იმედით მოელის მთელი მსოფლიო.
PS: საქართველოში, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით კორონავირუსის პირველი ვაქცინა სავარაუდოდ მარტ-აპრილში უნდა შემოვიდეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინა ერგება საქართევლოს. ვიცით ის, რაც 13 ნოემბერს განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, რომ საქართველოს წინმსწრებად უკვე გადახდილი აქვს 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო თანხის ნაწილი - 4 მილიონი აშშ დოლარი.