"ბიონტექი" ცდილობს გაზარდოს კორონავირუსის ვაქცინის წარმოება

გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ბიონტექი“ (BioNTech) აცხადებს, რომ აფართოებს თავისი ვაქცინის წარმოებას იმ დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რასაც სხვა დამტკიცებული ვაქცინების არარსებობა იწვევს.

„დღევანდელი სიტუაცია არაა სახარბიელო. წარმოიქმნა სიცარიელე, რადგან არ არის სხვა დამტკიცებული ვაქცინა და ეს სიცარიელე ჩვენი ვაქცინით უნდა შევავსოთ“, - განაცხადა 1 იანვარს „შპიგელთან“ ინტერვიუში BioNTech-ის თანადამფუძნებელმა, უგურ საჰინმა.

კომპანია „ბიონტექმა“ ამერიკულ „ფაიზერთან“ პარტნიორობით შეიმუშავა საკუთარი ვაქცინა, რომელიც გასულ წელს მოიწონა ევროკავშირმა და კავშირის ქვეყნების გარდა ასევე წარმატებით გამოიყენება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მომდევნო თვეში „ბიონტექი“ გეგმავს გერმანიაში ახალი საწარმოს გახსნას, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს 2021 წლის პირველ ნახევარში დამატებით გამოუშვას კიდევ 250 მილიონი დოზა პრეპარატი.

უფრო ადრე BioNTech-ი და Pfizer-ი გეგმავდნენ 2021 წელს 1,3 მილიარდი დოზის ვაქცინის გამოშვებას, რაც საკმარისია 650 მილიონი ადამიანის ასაცრელად.