თელავის პოლიციასთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა

თელავის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციის შენობასთან კარვის გაშლა სცადეს. დაპირისპირება პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ამ ფაქტს მოჰყვა.

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, აქცია პოლიციასთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პირველ იანვარს, თელავის თეატრთან განთავსებულ მათ კარავს ავტომობილი განზრახ შეეჯახა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ მომხდარის შესახებ იცის, თუმცა რეაგირებას არ ახდენს. აქციის მონაწილეები პოლიციის უფროსთან შეხვედრას და მათ წინააღმდეგ მომხდარ ფაქტზე დამნაშავის დასჯას მოითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კარვის დაზიანების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებენ. ამ მუხლით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის დაზიანებისთვის დგება. ამ ეტაპზე არავინაა დაკავებული.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტებას თელავში 5 დეკემბრიდან შეუერთდნენ. აქცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თავდაპირველად ორმა სამოქალაქო აქტივისტმა დაიწყო, შემდეგ კი მათ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. თელავის თეატრთან ერთი მცირე, მეორე კი დიდი ზომის კარავია გაშლილი. კარავზე წარწერებია: "არჩევნების გაყალბება ისჯება კანონით", "საქართველო ოკუპირებულია რუსი ოლიგარქის მიერ".