გახარია: დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო

გიორგი გახარია

ახალ წელს ულოცავს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. „მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი ჩვენს თითოეულ თანამემამულეს - საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ; ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს - ჩვენ მხოლოდ მათთან ერთად შევქმნით საქართველოს უკეთეს მომავალს", - აცხადებს გახარია.

მთავრობის მეთაური ყველა განსაცდელის დაძლევის გზად ხედავს ერთიანობას. მისი თქმით, ამ გზით ასრულდება ქართველი ხალხის ოცნება - საქართველო დაიმკვიდრებს საკუთარ ღირსეულ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.

პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ დღეს არ არის რაიმე ნიშნით დაყოფის დრო. „დღეს მთელი ქვეყანა, - მათ შორის პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად უნდა ჩავდგეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქის სამსახურში - ამას გვავალებს ჩვენი ხალხი", - აღნიშნავს პრემიერი.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო წელს უჩვეულო გარემოში ხვდება ახალ წელს: „არ ვმართავთ საზეიმო ღონისძიებებს და მოკრძალებულად, მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვებისთვის, საყვარელ დღესასწაულს. დღეს სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის, განსაკუთრებით კი ჩვენი ხანდაზმულების წინაშე".