ლოკდაუნები, ავტორიტარიზმის გაფართოება და პოსტპანდემიური სამყარო

ავტორი: რონ სინოვიცი

კოვიდ-19-ის გამო შემოღებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა სხვადასხვა ქვეყნის, კერძოდ, აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის ხელისუფლებებს შესაძლებლობა მისცა კიდევ უფრო განემტკიცებინათ ერთპიროვნული მართვის სადავეები.

თუმცა არის გამონაკლისი, მაგალითად, ყირგიზეთი, სადაც, პანდემიის დროს ჩატარებული სადავო არჩევნების გამო დაწყებული სახალხო მღელვარების შედეგად, კიდევ ერთხელ შეიცვალა ხელისუფლება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცებამ გააძლიერა რწმენა, რომ პოსტპანდემიური სამყარო „ნორმალურ კალაპოტში“ ჩადგომას 2021 წლიდან დაიწყებს, მაგრამ, უფლებადამცველების თქმით, ამისთვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა, რომ ნორმალურ, პანდემიამდელ მდგომარეობაში დაბრუნება შეძლოს სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელმაც ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსის პრინციპის დაცვით თავიდან უნდა აიცილოს მთავრობის მიერ ჭარბი ძალაუფლების პერმანენტული გახანგრძლივება, საზოგადოების ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც 2020 წლის განმავლობაში ზოგჯერ მანკიერად გამოიყენებოდა.

ავტორიტარიზმის ცდუნება

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (Transparency International), კარგა ხანია, შფოთავს იმ საგანგაშო ნიშნების გამო, „რომ პანდემია თავის შემდეგ დატოვებს გაზრდილ ავტორიტარიზმსა და შესუსტებულ კანონის უზენაესობას“.

„COVID-19-ით გამოწვეულმა კრიზისმა კორუმპირებულ და ავტორიტარულ ლიდერებს შესაძლებლობა მისცა სახიფათო კომბინაციით გადაეტანათ საზოგადოების ყურადღება და შეესუსტებინათ კონტროლი. კორუფცია ყვავის, როდესაც ძირი ეთხრება ისეთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა; როდესაც იზღუდება მოქალაქეთა უფლება გამოხატონ პროტესტი, გაწევრიანდნენ გაერთიანებებსა და საინიციატივო ჯგუფებში სახელმწიფო სახსრების კონტროლის მიზნით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში.

ვაშინგტონში მდებარე ბრუკინგსის ინსტიტუტის მეცნიერ-თანმშრომელი, ახლო აღმოსავლეთის საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი შადი ჰამიდი განმარტავს, რომ პანდემიის გამო ავტორიტარიზმის თეორიამ „ნოყიერი ნიადაგი“ პოვა ავტრორიტარული რეჟიმების პრაქტიკულ საქმიანობაში, ხოლო ზოგიერთმა ასპექტმა, როგორიცაა კორონავირუსის მატარებელ ადამიანებზე თვალთვალის სქემა თუ ზედამხედველობის გაძლიერება, შესაძლოა ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს პოსტეპიდემიურ პერიოდშიც გაუჩინოს „ავტორიტარიზმის ცდუნება“.

„პანდემიის განმავლობაში და შემდეგაც მთავრობები, როგორც ჩანს, შეეცდებიან გამოიყენონ დროში გაჭიანურებული კრიზისები შიდა ოპოზიციის დასასუსტებლად და სამოქალაქო თავისუფლებების შესაზღუდავად“, - ასკვნის ჰამიდი ბრუკინგსის ინსტიტუტის ანგარიშში, სახელწოდებით „მსოფლიოს გახსნა“.

ამ საფრთხეების ფონზე ჰამიდი ფრთხილი ოპტიმიზმით ლაპარაკობს პოსტპანდემიურ მსოფლიოში პოლიტიკური თავისუფლებების აღორძინებაზე და ფიქრობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნა „დაეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და მასობრივ საპროტესტო მოძრაობებს თავიანთი პლატფორმები და სატკივარი უფრო დიდ აუდიტორიებამდე მიიტანონ“.

„დემოკრატიულმა მთავრობებმა შესაძლოა სცადონ ინფორმაციის დამალვა და შელამაზება ან, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებდა, გაიოლებულად წარმოადგინონ კრიზისი, მაგრამ ეს მათ იშვიათად ხელეწიფებათ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი დამალვის მცდელობა ხელისუფლების მხილების კიდევ უფრო მძლავრ სურვილს გაუღვივებს პრესას, საკანონმდებლო შტოს და სამოქალაქო საზოგადოებას“, - ასკვნის ჰამიდი.

რუსეთისა და თურქმენეთის მსგავს ქვეყნებში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით შენიღბულ ავტორიტარულ ტენდენციებში თავი იჩინა პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერთა დევნამ და პრესის თავისუფლების შეზღუდვამ.

ავტორიტარული მთავრობები ცდილობდნენ ძლიერ შეევიწროებინათ სამოქალაქო საზოგადოებები, რათა მათ არ ჰქონოდათ შესაძლებლობა ეკონტროლებინათ მთავრობები და არ დაეშვათ პანდემიასთან ბრძოლის სახელით აღმასრულებელი ძალაუფლების გაფართოება.

ოპონენტების ჩახშობა ბაქოში

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილხამ ალიევის, მთავრობა.

მარტის თვეში ბაქომ შემოიღო მკაცრი სასჯელი მათ მიმართ, ვინც დაარღვევდა ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემოღებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, არ დაემორჩილებოდა მკაცრი კარანტინით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის სანიტარიული პირბადის სავალდებულო ტარებას.

ბაქო, აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, 3 000 $-ის ოდენობის ფულადი ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა იქნა შემოღებული ამ წესების დარღვევისათვის, ვირუსის გავრცელებაში ბრალდებულ პირებს კი ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უფლებდამცველმა ორგანიზაცია „ჰუმან რაითს უოჩმა“ (HRW) გააფრთხილა ბაქო, რომ კორონავირუსის გავრცელებისთვის „სისხლის სამართლის სასჯელი არ წარმოადგენს კანონიერ და თანაზომად პასუხს ისეთ საფრთხეზე, როგორიცაა ვირუსის გავრცელება“.

აშშ-ში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის აზრით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით ასეთი კანონის არადანიშნულებისამებრ გამოყენება ძალიან იოლად შეიძლება „უმცირეობის ან დისიდენტების წინააღმდეგ“ .

ზაფხულში, როდესაც აზერბაიჯანის საზოგადოებაში გაძლიერდა უკმაყოფილება მეზობელ სომხეთთან მთიან ყარაბაღის გამო წარმოქმნილი კონფლიქტის მოწესრიგების პროცესით, ალიევის მთავრობას ოპონენტების კრიტიკა დაატყდა თავს ზღვარგადასული კორუფციის, ეკონომიკის უყაირათო მართვისა და პანდემიის წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლის გამო.

ამის პასუხად პრეზიდენტმა ალიევმა დაიწყო რეპრესიები, რაც, „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, დიდი ანგარიშით, აღქმული იქნა ხელისუფლების ოპონენტებისა და დემოკრატიის მომხრე ძალების გზიდან საბოლოოდ ჩამოშორების მცდელობად.

ივლისში აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა ალიევის მოწინააღმდეგე ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ 120-ზე მეტი წარმომადგენელი და მათი მომხრე დააკავა.

აქედან ორ ცნობილ ოპოზიციონერს, „სახალხო ფრონტის“ წევრ მაჰამად იმანლისა და ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის, მამად იბრაჰიმის, შვილს, მეჰდი იბრაჰიმოვს, ბრალი სწორედ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საგანგებო წესების დარღვევისთვის წაუყენეს.

ბრალდების მასალების გაცნობის შემდეგ HRW-მა დაადგინა, რომ იმანლი სულ ტყუილად დაადანაშაულეს საჯარო სივრცეში უპირბადოდ ყოფნის გამო კორონავირუსის გავრცელებასა და მოქალაქეთა სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნაში.

იბრაჰიმოვის დაპატიმრების ბრალდება კი ეფუძნება პოლიციის ჩვენებას, თითქოს კორონავირუსით ინფიცირებული ოპოზიციონერი, ყველაფერთან ერთად, კიდევ არასანქცირებულ ქუჩის აქციაშიც ღებულობდა მონაწილეობას.

მაგრამ იბრაჰიმოვის ადვოკატების თქმით, საპატიმროში ჩატარებულმა შემოწმებამ ცხადყო, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღმოჩნდა კორონავირუსის მატარებელი.

თავად იბრაჰიმოვმა კი განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების დარღევისათვის მას ბრალი მას შემდეგ წაუყენებს, რაც ხელისუფლებამ შეიტყო, რომ იგი ცნობილი ოპოზიციონერი მოღვაწის შვილია.

ბელარუსის მიერ საზღვრის ჩაკეტვა

ოპონენტები ასევე ადანაშაულებენ ბელარუსის ავტოკრატ მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შემოღებული მკაცრი ზომები, საბოლოო ჯამში, რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ჩასახშობად გამოიყენა.

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის მიერ გამოყენებული პოლიციური რეპრესიების უფრო მასშტაბურ სტარატეგიაში COVID- 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემოღებული ზომები ლუკაშენკას მთავრობისთვის მხოლოდ ერთ-ერთი პოლიტიკური ინსტრუმენტია.

უფლებადამცველ ჯგუფ „ვიასნას“ მიერ დეკემბერში გავრცელებული ანგარიშით, 2020 წელს ბელარუსში პოლიტიკურად მოტივირებული სულ მცირე 9 000 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ.

ყოველდღიური საპროტესტო აქციები ყველაზე დიდი საფრთხეა ალიაქსანდრ ლუკაშენკასთვის, 26 წლის განმავლობაში „რკინის ხელით“ რომ მართავს ქვეყანას.

ლუკაშენკამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც არალეგიტიმურად მიიჩნევს ბელარუსის ოპოზიცია, დასავლეთის ქვეყნები და ინსტიტუტები.

ამ პერიოდში ქვეყანაში უკვე საკმაოდ იყო გავრცელებული კორონავირუსი, მაგრამ თავდაპირველად კორონავირუსს უგულებელყოფდა ბელარუსის რეჟიმი, რომლისთვისაც ქვეყანაში არსებობდა დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო - „უცხოეთის მარიონეტი ოპოზიცია“ და ქუჩებში გამოსული მისი ასობით ათასი მხარდამჭერი.

მაგრამ მას შემდეგ, რაც თვეების განმავლობაში ოპონენტების წინააღმდეგ გატარებული სასტიკი რეპრესიების მიუხედავად, ვერაფრით შეანელა ანტისამთავრობო აქციების მუხტი, ბელარუსის რეჟიმმა გადაწყვიტა კორონავირუსიც გამოეყენებინა ოპონენტებთან ანგარიშსწორებისთვის. როდესაც ცოტა ხნის წინ მინსკმა უცხოელებისთვის მთლიანად ჩაკეტა სახელმწიფო საზღვარი, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, საზღვრის დაცვის კომიტეტმა, ეს გადაწყვეტილება „კორონავირუსის გავრცელების პრევენციით“ ახსნა.

ბელარუსი მესაზღვრე. 2020 წლის 18 მარტი.

ეპიდემიურ შეზღუდვებს რეჟიმი რომ პოლიტიკური მოტივით შიდა ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს, ამას ყველაზე ცხადად პირადად ლუკაშენკას საქციელი მოწმობს. ეპიდემიის საწყის სტადიაზე იგი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა კორონავირუსის არსებობას.

ნოემბრის ბოლოს, COVID-საავადმყოფოში ვიზიტის დროს, ლუკაშენკამ სრულიად უგულებელყო უსაფრთხოების პროტოკოლი და ყოველგვარი პირბადისა და სანიტარიული ხელთათმანების გარეშე ეკონტაქტებოდა და ხელს ართმევდა მედპერსონალს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც იძულებული გახდა ქვეყანა პრეზიდენტის არჩევნების მეორე დღესვე დაეტოვებინა, რეჟიმის მიერ სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვა იმის ნიშნად მიიჩნია, რომ ლუკაშენკა „პანიკამ“ მოიცვა.

თვალთვალის მდგომარეობა რუსეთში

მოსკოველი ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემია რუსეთის შემთხვევაში იმის მაგალითი აღმოჩნდა, თუ სადამდე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება მოქალაქეებზე თვალთვალისთვის შეზღუდული ზომების გასაძლიერებლად.

მარტის ბოლოს სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს უფლება მისცა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად სავალდებულო წესები შემოეღო.

კანონით ხუთ წლამდე პატიმრობა განისაზღვრა „საგანგებო სიტუაციის დროს“ ყალბი ინფორმაციის „შეგნებულად“ გავრცელებისათვის, ხოლო 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესების დარღვევისთვის.

აპრილში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ადგილობრივ ხელისუფლებებს ნება დართო თავად დაედგინათ შეზღუდვების მოცულობა ეპიდემიასთან საბრძოლველად.

ვლადიმირ პუტინი

ექსპერტების აზრით, ამით რუსეთის ზოგიერთი რეგიონი ერთგვარ საცდელ პოლიგონად იქცა იმის დასადეგნად, თუ რამდენად შეეგუებოდნენ რუსეთის მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან თვალთვალისა და ზედამხედველობის გაძლიერებას.

რუსეთის რეგიონის ხელმძღვანელობისათვის ამ უფლების დელეგირებამ უსიამოვნო პოლიტიკური რეაქციისაგან დაიცვა კრემლი მაშინ, როცა საზოგადოება აშკარად შეშფოთებული ჩანდა მოლოდინით, რომ კოვიდსიტუაციის სამართავად მთავრობისათვის მინიჭებული გაფართოებული უფლებამოსილება პოსტპანდემიურ რუსეთშიც გაგრძელდებოდა.

იმავდროულად, სამართავად კრემლმა გადადგა შესაბამისი ნაბიჯი პანდემიის პირობებში რუსეთის ხელისუფლების საქმიანობის შესახებ თავისუფალი ინფორმაციის ნაკადის გასაკონტროლებლად.

აპრილში რუსმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს სამედიცინო მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი, ანასტასია ვასილიევა, რომელმაც ღიად ილაპარაკა იმ ნაკლოვანებებზე, რომლებიც შეიმჩნეოდა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

„გასაოცარია, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას კრიტიკისა უფრო ეშინია, ვიდრე თავად მომაკვდინებელი COVID-19-ის პანდემიის“, - ამბობს ნატალია ზვიაგინა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენლის“ რუსეთის სექციის დირექტორი.

უფლებადამცველი ასკვნის, რომ ვასილიევას დაპატირმებით ხელისუფლებამ გამოააშკარავა თავისი მოქმედების „ნამდვილი მოტივი“.

„ისინი მზად არიან დასაჯონ მედმუშაკები, რომლებიც გაბედავენ და დაუპირისპირდებიან რუსეთის ოფიციალურ ნარატივს და ფარდას ახდიან საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არსებულ ნაკლოვანებებს“, - აცხადებს ზვიაგინა.

რუსეთის მიერ კოვიდვითარების მართვის მიზნით, სახელმწიფო დუმამ 2020 წელს აამოქმედა ასევე კონტროლისა და თვალთვალის მექანიზმი, როდესაც რამდენიმე მედიაორგანიზაცია, მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება „უცოხეთის აგენტების“ სიაში შეიტანა.

ივლისში მოსკოვის პოლიციამ ათობით ჟურნალისტი დააკავა სახელმწიფოს მხრიდან მედიისა და თავისუფალი აზრის შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის.

ბევრ შემთხვევაში, „ჰიუმან რაითს უოჩის“ თანხმად, პოლიციამ ჟურნალისტებს ბრალად წაუყენა კორონავირუსის წინააღმდეგ შემოღებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების დარღვევა, მაშინ როცა დაკავებულებს ერთმანეთზე მიწყობით ათავსებდნენ ე.წ. “ავტოზაკებში“, სადაც არავითარი სოციალური დისტანცია არ იყო დაცული.

რუსეთის ხელისუფლებამ ხაბაროვსკში ეპიდემიური სიტუაცია გამოიყენა იმისათვის, რომ აღეკვეთა იქ საპროტესტო გამოსვლები, რაც ამ რეგიონის გუბერნატორის, სერგი ფურგალის, დაპატიმრებას მოჰყვა, ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით.

ხაბაროვსკის მინუციპალური ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, კოვიდსაწინააღმდეგო სავალდებულო დეზინფექციის მიზნით, პოლიციამ დემონსტრანტების შეკრების ადგილს ლენტა შემოავლო.

მაგრამ ხაბაროვსკში კვლავაც აგრძელებენ შეკრებას ყოფილი გუბერნატორის მომხრეები, რომლებიც უკმაყოფილო არიან პუტინის მმართველობით და ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრებას მოსკოვის მხრიდან ადგილობრივი ამომრჩევლების ნების უპატივცემულობად მიიჩნევენ.

დემონსტრაციების აკრძალვა ყაზახეთში, ინფორმაციის კონტროლი უზბეკეთში

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, მაისის ბოლოს ხელი მოაწერა კანონს, რომელმაც გააძლიერა მთავრობის კონტროლი მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებაზე.

კორონავირუსის გლობალური პანდემიის პირველ ეტაპზე ამოქმედებული ეს კანონი მკაცრად განსაზღვრავს, თუ სად და რამდენ მოქალაქეს აქვს შეკრების უფლება.

ახალი შეზღუდვებისა და რთული ბიუროკრატიული პროცედურის გარდა, ოპონენტების თქმით, მოქალაქეებს შეკრების ჩასატარებლად ყაზახეთში სჭირდებათ ხელისუფლების ნებართვა, რაზეც უარის სათქმელად მთავრობას უამრავი მიზეზი აქვს.

ყაზახეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემია გამოიყენა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაეძლიერებინა ზეწოლა მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო სექტორზე.

ყაზახეთის მეზობელ უზბეკეთში პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი, თავისი მმართველობის პირველ წელს, 2016 წლის ბოლოს, ქებით მოიხსენიებდა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს და ოდნავ შეარბილა კიდეც თავისი წინამორბედის მიერ შემოღებული მკაცრი შეზღუდვები.

მაგრამ კორონავირუსით შექმნილი კრიზისის დროს გამწვავდა ბრძოლა ახალფეხადგმულ თავისუფალ მედიასა და მის მაკონტროლებელ სახელმწიფო უწყებას, მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სააგენტოს (AIMC), შორის.

თავდაპირველად ტაშკენტის ხელისუფლება აცხადებდა, ქვეყანა წარმატებით უმკლავდება კორონავირუსის პანდემიასო.

მაგრამ ზაფხულში რამდენიმე მედიასაშუალებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების ეს ნარატივი. ჟურნალისტებმა დაიწყეს ჩაღრმავებული ძიება პანდემიის გავრცელების მასშტაბებისა და გარდაცვლილი პაციენტების რეალური რაოდენობის დასადგენად.

ნოემბრის ბოლოს AIMC-ის დირექტორი ასაჯონ ხოჯაევი კანონის წინაშე „სერიოზული პასუხისმგებლობით“ დაემუქრა ასეთი რეპორტაჟების ავტორებს, რამაც სერიოზული ეჭვი გააჩინა, რომ ქვეყანაში შეიძლებოდა განახლებულიყო მედიის თავისუფლების იმ ტიპის ავტორიტარული შეზღუდვა, როგორიც ისლამ ქარიმოვის დროს იყო.

აჯანყება ყირგიზეთში

კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე პარიზში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტები უსაზღვრებოდ“ ყირგიზეთს მიიჩნევდა მედიის საქმიანობის მხრივ ყველაზე ღია ქვეყნად ცენტრალურ აზიაში.

მაგრამ ყირგიზეთის ეს შედარებითი ღიაობა და თავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მარტის ბოლოს, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემოღებული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გამო.

მედიის დიდ ნაწილს შეექმნა დაბრკოლება სამთავრობო ღინისძიებებზე აკრედიტაციისა თუ იმ ადგილებში თავისუფალი გადაადგილების უფლების მიღების თვალსაზრისით, სადაც მკაცრი კარანტინის შეზღუდვები ვრცელდებოდა.

ეპიდემიის ფონზე ყირგიზეთში იფეთქა ძალადობრივმა პროტესტმა. ამის მიზეზი გახდა, კარანტინის მკაცრი აკრძალვების მუხედავად, ქვეყანაში 4 ოქტომბერს გამართული სადავო საპარლამენტო არჩევნები.

პოლიტიკური დაძაბულობა დასრულდა მორიგი აჯანყებითა და პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის პოსტიდან გადადგომით, რამაც გზა გაუხსნა ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევენების დანიშვნას. თუმცა დედაქალაქ ბიშკეკში კვლავ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის შემოღება, რომლის დროსაც აკრძალულია საჯარო შეკრებები და დემონსტრაციები.

ევროპის სადაზღვევო კომპანია „გრედენდო“ ჯგუფის ანალიტიკოსი პასკალინ დელა ფაილე მიიჩნევს, რომ პანდემია საერთოდ აძლიერებს სოციალურ დაძაბულობას, რომელიც, თავის მხრივ, მძლავრ პოლიტიკურ მღელვარებას ასაზრდოებს.

ყირგიზეთის, ისევე როგორ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, შემთხვევაში დაძაბულობის ფონს ქმნის ჯანდაცვის გაუმართავი სისტემით გამოწვეული უკმაყოფილება და კორონავირუსის გავლენის შედეგად კიდევ უფრო გამწვავებული ეკონომიკური სიდუხჭირე, რასაც, ექსპერტის აზრით, თან დაერთო საზღვარგარეთ სამუშაოს საშოვნელად წასული მოქალაქეების ფულადი გზავნილების მკვეთრი შემცირება.