"კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაციამ მას და მის დაცვის ქვეშ მყოფს არ მისცა საშუალება, ესარგებლათ მათთვის ყველაზე უსაფრთხო კომუნიკაციის ფორმით - წერილობით. ადვოკატი განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა მათ მხოლოდ ტელეფონით კომუნიკაციის საშუალება აქვთ, ეს მათ უჩენს განცდას, რომ უსმენენ. მარიკაშვილის თქმით, ამ პირობებში ციხის ადმინისტრაციამ მელაშვილს არ მისცა უფლება, ადვოკატისთვის მოსაზრებები წერილობით მიეწოდებინა.
"ადვოკატსა და ბრალდებულს არაფერი უზღუდავს უფლებას, დაცვის სტრატეგიაზე მოსაზრებები, ოფიციალური კორესპონდენციის გარეშე, ციხის ადმინისტრაციის კონტროლს მიღმა გაცვალონ... როგორ მივიდა ადმინისტრაცია დასკვნამდე, რომ დოკუმენტი შინაარსობრივად პირადი ხასიათის კორესპონდენციას წარმოადგენდა?!. თუკი შინაარსი იყო პრობლემა ადმინისტრაციისთვის, გამოდის, რომ მათ დოკუმენტი წაიკითხეს, რაც უმძიმესი ჩარევაა დაცვის უფლებაში", - წერს მარიკაშვილი "ფეისბუკზე" და კითხულობს, რომ თუ არ წაუკითხავთ, მაშინ რის საფუძველზე შეზღუდეს ადვოკატსა და ბრალდებულს შორის დოკუმენტების ურთიერთგაცვლა.
პენიტენციურ სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ივერი მელაშვილის წერილი მათ არ წაუკითხავთ. უწყებაში აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, ვისთვისაც პატიმარს ციხის ადმინისტრაციის გავლის გარეშე შეუძლია წერილის გადაცემა და ამ ჩამონათვალში ადვოკატი არ შედის. მათ შორის არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ა.შ.
"ვინაიდან ამ შეხვედრაზე ადვოკატს არ განუცხადებია, რომ წერილი განკუთვნილი იყო კანონში არსებული ჩამონათვალიდან რომელიმე პირის მიმართ, ციხის ადმინისტრაციამ მიიჩნია, რომ ეს წერილი იყო პირადი ხასიათის", - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
ასევე ნახეთ ივერი მელაშვილის წერილის საკითხზე ადვოკატს პასუხობს სპეციალური პენიტენციური სამსახურიპროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.