ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრად დარჩენის შემთხვევაში არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება, - აცხადებს სომხეთის ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვაზგენ მანუკიანი, რომელიც შიშობს, რომ თუ ფაშინიანი არ მიიღებს ოპოზიციის შეთავაზებას და არ დატოვებს თანამდებობას, მაშინ არჩევნები სომხეთში „საზოგადოების გახლეჩას“ გამოიწვევს.
სომხეთში ვადამდელი არჩევნების გამოცხადებას, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და პარლამენტის დათხოვნა, თუ ის ორჯერ ვერ შეძლებს ახალი მთავრობის ფორმირებას.
მაგრამ ნიკოლ ფაშინიანი გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილება, რაც ეროვნულ კრებას მისცემს შესაძლებლობას, გამოაცხადოს თვითდათხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომის გარეშე.
ნიკოლ ფაშინიანის გადაყენების მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციური ძალები ამ ვარიანტს კატეგორიულად უპირისპირდებიან
„იგი (ფაშინიანი) უნდა გადადგეს ვადამდელ არჩევნებამდე, მე განხილვაც კი არ მინდა იმ ვარიანტისა, როდესაც იგი რჩება პოსტზე და ქვეყანაში ტარდება ვადამდელი არჩევნები. არავითარი „თუ“, ვიდრე ის არ გადადგება, სომხეთში არ იქნება არავითარი არჩევნები, ან, ღმერთმა უწყის, თუ არჩევნები როგორ შიდა დაპირისპირებაში გადაიზრდება. იქნება ბრძოლა ბოლომდე, ყოველ ურნასთან იქნება ჩხუბი, დაიღვრება სისხლი. მას ეს უნდა?“, - აცხადებს მანუკიანი.
იმავე აზრისაა ოპოზიციური გაერთიანება „მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, რომელმაც სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი, დაასახელა „გარდამავალი, ანტიკრიზისული მთავრობის“ ხელმძღვანელად ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე.
25 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკით გაავრცელა მიმართვა, რომელშიც წერს, რომ მზად არის დატოვოს თანამდებობა, თუკი ხალხი ასე გადაწყვეტს, რაც 2021 წლის რიგგარეშე არჩევნებზე უნდა გამოჩნდეს.
სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აკისრებს პასუხისმგებლობას მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ტერიტორიების დაკარგვისა და ათასობით ადამიანის დაღუპვის გამო.
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეს ოპოზიციური მოძრაობა არის „[ყოფილი] ელიტების ბუნტი“.