“მჭირდება ოჯახში დამხმარე ქალი, აუცილებელი პირობაა, რომ მოხდილი ჰქონდეს კორონა”.
“ვეძებ Covid-გადატანილ ძიძას”.
“გვჭირდება ექთნები, რეზიდენტები, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონა”.
„დამეხმარეთ, ვეძებ კოვიდგადატანილ დამლაგებელს“.
ეს ფეისბუკსტატუსების ამონარიდებია - პანდემიამ დამსაქმებელთა მოთხოვნების სიაში გააჩინა ახალი პუნქტი: “Covid-გადატანილი”.
მაშინ როდესაც 10 ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, დაიკეტა ბაღები, სკოლები, მასობრივად აკრძალულია ვაჭრობა, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კორონავირუსმა ერთგვარი უპირატესობა მიანიჭა Covid-გადატანილ ადამიანებს. მათ ეძებენ სამედიცინო სფეროშიც და ოჯახებშიც, სადაც ბავშვების მოვლა ან შინაურ საქმეებში მიხმარება სჭირდებათ.
“მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე კოვიდგადატანილი კანდიდატები”, - უთხრეს თავისუფლებას “ძიძებისა და ოჯახის პერსონალის დასაქმების სააგენტოში”, სადაც დაგვიდასტურეს, რომ პანდემიის მეორე ტალღის გავრცელების შემდგომ გახშირდა ისეთი პერსონალის მოთხოვნა, რომლებმაც ინფექციური დაავადება უკვე გადაიტანეს.
“ზოგადად, პერსონალის აყვანაზეც უფრო ცოტა მოგვმართავს. ფრთხილობენ, როგორც ყველა ჩვენგანი. დაახლოებით, 40 %-ს სწორედ ისეთი [დამხმარე პერსონალი] უნდა, ვინც უკვე გადაიტანა ვირუსი, დამადასტურებლად კი საბუთსაც ითხოვენ”.
თათია დვალიშვილიც მათ შორის იყო, ვინც ბავშვებისთვის კოვიდგადატანილ ძიძას ეძებდა. დამადასტურებელ საბუთზე არც უფიქრია, ყველაფერი თავისთავად მოხდა,
გასაუბრების გამოცხადებისას თავად იყო ინფიცირებული.
“ორი ბავშვი მყავს, რომლებსაც არ შეხვედრიათ კოვიდი და თავის დაზღვევის მიზნითაც მინდოდა. რეალურად ვისაც ჯერ კოვიდი არ აქვს მოხდილი, სახლში ყოფნას ამჯობინებენ, რადგან ეშინიათ. შესაბამისად, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი და თამამად დადის სამსახურში. ჩვენი ძიძაც იქამდე მუშაობდა, სანამ ვირუსი შეხვდებოდა. მას შემდეგ, რაც გაიარა ეს პერიოდი, დაიწყო ჩვენთან მუშაობა. გასაუბრებაზეც მითხრა, რომ ბევრი შემოთავაზება ჰქონდა”.
სალი გულორდავაც კოვიდგადატანილ ძიძას ეძებს.
“პანდემიის დაწყებისთანავე დავითხოვე ძიძა და ახლა ამ ნიშნით ვფიქრობ შერჩევას. არც ის მინდა, რომ ძიძა იყოს პირველწყარო და არც ის, რომ ჩვენ ვიყოთ ძიძის ოჯახისთვის ინფიცირების წყარო. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია, რომ მსგავსი პასუხისმგებლობები ავარიდოთ ერთმანეთს“, - ამბობს ის.
ძიძისთვის სტანდარტულზე მეტი ჰონორარის გადახდას არ ფიქრობს, ისედაც დამატებით ტრანსპორტის ხარჯის ანაზღაურება მოუწევს და, შესაბამისად, ხარჯიც უფრო მეტი ექნება.
გვანცა სამხარაძემ ამავე ნიშნით შეარჩია შვილის კერძო მასწავლებელი. Covid- გადატანილი მასწავლებელი ერთგვარი “ჯანმრთელობის გარანტი” გახდა მცირე პერიოდით მაინც.
“რატომ და ოჯახში მყავს ორი პატარა. მაქსიმალურად ვიცავ წესებს და მინდა ისეთი ადამიანი ვიპოვო, ვისზეც გარანტია მექნება, რომ კოვიდს ოჯახში არ მომიტანს”, - ამბობს გვანცა. ნაცნობის დახმარებით სასურველი კანდიდატის პოვნა არ გასჭირვებია.
Covid-გადატანილ მოქალაქეებს პაციენტების მოვლაში დახმარებას სთხოვს რუსთავის საავადმყოფოც.
“ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ Covid-ი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში. ანაზღაურებისა და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში”, - წერია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებაში.
თამარ ჯელია რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს განცხადებას გამოეხმაურა და ახლა, როგორც მოხალისე, უსასყიდლოდ ეხმარება ექთნებს და ექიმებს პაციენტების მოვლაში.
სამსახური პანდემიის გამო დაკარგა მას შემდეგ, რაც ის რესტორანი დახურეს, სადაც მენეჯერად მუშაობდა. დიდი ფიქრის გარეშე გადაწყვიტა, სამედიცინო პერსონალს და პაციენტებს დახმარებოდა.
“ნაკლებად ვფიქრობდი ამ მცირე პერიოდში სხვა სამსახურის დაწყებას, მით უმეტეს, ჩემთვის საინტერესო ვაკანსიაც არ მინახავს ბოლო დროს. ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურად ვიყენებ ამ დროს როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმას ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა დაეხმაროს ადამიანი, ვისაც ბევრი თავისუფალი დრო აქვს, ცოტაოდენი მოქალაქეობრივი აზროვნება და ემპათიის უნარი”.
იმის მიუხედავად, რომ კერძო საუბრებსა და ფეისბუკპოსტებში შეხვდებით დამსაქმებლებს, რომლებიც კორონაგადატანილ ძიძებს, ოჯახში დამხმარეებსა თუ მასწავლებლებს ეძებენ, ასეთი კრიტერიუმი არ გაჩენილა კერძო კომპანიებისა და სახელმწიფო დაწესებულებების მოთხოვნებში.
როგორც Jobs.ge-ს დამფუძნებელი ლექსო ხუბულავა რადიო თავისუფლებასთან ამბობს, ჯერჯერობით მსგავსი მოთხოვნით მათთვის არავის მიუმართავს და ფიქრობს, რომ კომპანიები მაინც მოერიდებიან მსგავსი კრიტერიუმით კადრის შერჩევას.
“ზოგადად, ვფიქრობ, რომ კერძო კომპანიები პანდემიის პირობებში ისედაც მოერიდებიან პერსონალის აყვანას, რადგან ეს ვაკანსიები ისედაც დისტანციურია. ვინაიდან ჯერ არ შემხვედრია ისეთი კომპანია, რომელიც კორონაგადატანილ პერსონალს ეძებდეს, ვფიქრობ, თავის დაზღვევის უფრო სხვა მეთოდებს მიმართავენ, როგორიცაა ყოველდღიური სკრინინგი, ტესტირება და ა.შ.”.
კერძო პირებისთვის კი სტატუსი კორონაგადატანილი მაინც არის სიმშვიდისა და თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალება. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ ბაღებისა და სკოლების გახსნა უახლოეს პერიოდში არ იგეგმება, კერძო პირებს სულ უფრო სჭირდებათ “უსაფრთხო” ადამიანი, ვინც სახლის საქმეებსა თუ ბავშვის აღზრდაში დაეხმარება.