კობახიძემ ოპოზიციიდან არჩეული დეპუტატები „ნახევრად სერიოზულად" დაახასიათა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თავად თქვა, ოპოზიცია ნახევრად სერიოზულად დაახასიათა:

„დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია.

  • ძალიან დაგვაკლდა გიგა ბოკერიას და მისი 3-პროცენტიანი პარტიის ფასდაუდებელი რჩევები საპენსიო რეფორმის გაუქმებასთან და კატასტროფული საბიუჯეტო დეფიციტის წარმოქმნასთან დაკავშირებით;
  • ძალიან დაგვაკლდა სალომე სამადაშვილი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ სწორედ „ქართული ოცნებაა“ ჭეშმარიტად პროდასავლური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი მიხეილ სააკაშვილის და გუბაზ სანიკიძის ჭაობშია ჩარჩენილი. თუმცა ამ დარბაზში ის მაინც ჩვეული დამაჯერებლობით დაიწყებდა იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლება ქვეყანას ჩრდილოეთისკენ მიაქანებს;
  • ძალიან დაგვაკლდა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის, ელენე ხოშტარიას მიერ სხდომათა დარბაზში აჟღერებული რუსეთის ჰიმნი;
  • პარლამენტში ძალიან დაგვაკლდა რუსულად ნამღერი „თბილისო“.
  • ძალიან დაგვაკლდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური შემადგენლის პრორუსული პროპაგანდა;
  • ძალიან დაგვაკლდა გიორგი ვაშაძე-აღმაშენებლის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზში ჩატარებული სწრაფი კოვიდ-ტესტი;
  • ძალიან დაგვაკლდა პროსტიტუციისა და ნარკომანიის პროპაგანდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესრულებით;
  • ძალიან დაგვაკლდა ნიკანორ მელიას „ვაჟკაცური“ პროვოკაციები;
  • ძალიან დაგვაკლდა სხდომათა დარბაზში მოსხმული ტოქსიკური სითხე;
  • ძალიან დაგვაკლდა ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე, უბრალოდ, დაგვაკლდა;
  • ძალიან დავაკლდა შალვა ნათელაშვილის კომპეტენცია და პატიოსნება;
  • ძალიან დაგვაკლდნენ სულხან სიბაშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი, ესენი რას გაგვიკეთებდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც დაგვაკლდნენ", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაგრძო: „ეს ნახევრად სერიოზულად. სერიოზულად კი უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია პარლამენტს ყველა შემთხვევაში აკლია. ისეთიც კი, როგორიც ის არის. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ხოლმე მათ პარლამენტში შემოსვლისკენ და ეს მოწოდება ამ ტრიბუნიდანაც კიდევ ერთხელ უნდა გავაჟღეროთ. ოპოზიცია უსათუოდ ჭირდება პარლამენტს, უფრო მეტად კი ოპოზიცია აკლია ქართულ პოლიტიკას. ქვეყანას ჭირდება ნამდვილი ოპოზიცია, მწვავე და კრიტიკული, მაგრამ არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ მოწოდებული, არა კრიმინალური, არამედ სუფთა წარსულით გამორჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ოპოზიცია ძალიან მალე ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით ჩვენი პოლიტიკური სისტემა სწორი მიმართულებით მიდის“.

მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა.