პარლამენტმა ახალი მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ მთავრობას. რეგისტრაცია სულ 85-მა დეპუტატმა გაიარა, ახალ მთავრობა ზუსტად ამდენი ხმით დამტკიცდა. ყველა მათგანი "ქართული ოცნების" დეპუტატია.

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა და 2021-2024 წლების პროგრამა: "ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის".

"ქართული ოცნების" მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის თითქმის უცვლელი შემადგენლობა და პროგრამა 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრად წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი უნდა შეცვალოს.

ახალი მინისტრთა კაბინეტი ასეთია:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათია თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

დღევანდელ სხდომას ოპოზიციის 60 დეპუტატიდან არავინ ესწრებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით პარლამენტს უკვე მიმართა. ზღვარგადალახული 8-ვე ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ მათ მმართველმა პარტიამ არჩევნები გაუყალბა.