„ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები შეაფასა „ფორმულა“-სთან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
„მე არ ვეთანხმები კანონს, რომელიც წარადგინეს. მე არ ვეთანხმები არცერთ კანონს, რომელიც აფერხებს ოპოზიციის განვითარებას ან ოპოზიციური პარტიების ხელმისაწვდომობას მედიასთან. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩევლებს და საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეთ, რათა პასუხი მოსთხოვონ თავიანთ ლიდერებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. იმედი მაქვს, რომ ამ კანონის მიღებამდე მის მიზანშეწონილობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ“, - თქვა კელი დეგნანმა.
პარლამენტმა დღეს, 23 დეკემბერს, პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც პარტიებს, რომელთა დეპუტატებიც მანდატზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდებათ.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მანდატებზე უარის თქმის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ კანონპროექტი და პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ კანონპროექტი დასკვნებისთვის ვენეციის კომისიას ან ეუთო/ODIHR-ს გაეგზავნოს.