საერთაშორისო პარტნიორები სახიფათოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „კავკასიური პლატფორმის“ შესახებ. ისინი რისკებს უკავშირებენ რეგიონში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მწვავე ფაზის შეჩერების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დროში ემთხვევა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ინიციატივას - რეგიონში ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ, 6 ქვეყნის და მათ შორის - საქართველოსა და რუსეთის მონაწილეობით.
- კონკრეტულად რას გულისხმობს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთ სადავო განცხადებაში?
- რატომ იქცა მწვავე დისკუსიის საგნად კავკასიაში ახალი პლატფორმის შექმნის იდეა?
- კონკრეტულად რა რისკებსა და საფრთხეებს ხედავენ "პლატფორმის" იდეაში ექსპერტები საქართველოსთვის?
21 დეკემბერს ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელი იქნება „ჩვენი გაცოცხლების წელი“ და საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორე ხარისხოვანი“.
ამ სიტყვებით სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მიმართა, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ონლაინ ცერემონიაზე.
„კავკასიური პლატფორმა“ მან სწორედ ყარაბაღის სისხლისმღვრელი კონფლიქტის შეჩერების პროცესში საქართველოს პასიურობის კონტექსტში ახსენა და თქვა, რომ კიდევ ერთხელ მიესალმება „მშვიდობის აღდგენას“ კავკასიაში.
ონლაინკონფერენციის ვიდეოჩანაწერის ეს კონკრეტული ფრაგმენტი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ტვიტერითაც გაავრცელა, რასაც აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში, იან კელის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"ეს "მშვიდობის აღდგენა" რუსეთის ჯარების მიერ ხორციელდება და რატომ უნდა საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს ხმის მიცემას რუსეთისა და ირანისთვის - ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?" - წერს იან კელი სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე გავრცელებული ვიდეოგანცხადების საპასუხოდ.
კელის კომენტარმა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯესის ყურადღებაც მიიპყრო. გენერალმა ჰოჯესმა დაწერა:
"შეცდომა...განა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სუვერენიტეტს არ განასახიერებს? რატომ უნდა მიესალმოს საქართველო გეგმას, რომელიც რუს ოკუპანტებს აძლიერებს მისი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებზე? რატომ უშვებს საქართველო რუსი "მშვიდობისმყოფელების" მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას სომხეთის მიმართულებით, როდესაც რუსულ ჯარებს საქართველოს მიწა აქვთ ოკუპირებული?"
ბრიტანეთში მოქმედი ბიზნეს–პოლიტიკური საკონსულტაციო ფირმის მმართველი დირექტორი, დენიელ ჰამილტონი კი პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ „მყიფე მშვიდობის“ სანაცვლოდ, რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა, საქართველოს საზიანოდ, განუზომლად გაფართოვდა. ის საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაფიქრებისკენ მოუწოდებს
კავკასიური პლატფორმის ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტმა პირველად 2020 წლის 11 დეკემბერს ილაპარაკა პარლამენტის ტრიბუნიდან, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა, ოპოზიციის გარეშე, მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მონაწილეობით იმართებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ:
- „კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით“, „საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი“ და „შესაძლებელია, ვიფიქროთ „კავკასიური მშვიდობის პლატფორმის“ იდეაზე“;
- ეს იქნება პლატფორმა, რომელიც „შეკრებს კავკასიის ქვეყნებს, გარე აქტორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს;
- ეს პლატფორმა „ხელს შეუწყობს ერთობლივი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური თუ კულტურული პროექტების წარდგენასა და განხორციელებას“;
- პლატფორმა „გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს“ და „შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის „hub“- ის როლ“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეს განცხადება დროში დაემთხვა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების მიერ გახმოვანებულ ინიციატივას - რეგიონის ქვეყნების მონაწილეობით ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ.
10 დეკემბერს, ბაქოში, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს უკვე მოქმედი ფორმატების შერწყმისა და შედეგად - 6 სახელმწიფოს გაერთიანებული ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
„რუსეთი, თურქეთი აზერბაიჯანი, ირანი, საქართველო და სომხეთი - ამ ქვეყნებს შეუძლიათ ამ პლატფორმაში გაერთიანება, თუკი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“ - განაცხადა ერდოანმა.
„რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახური თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ „ამ იდეას მხარი დაუჭირა ასევე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა“.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა „კავკასიური პლატფორმის“ შექმნასთან დაკავშირებით, ბევრს სწორედ ბაქოში გახმოვანებული ინიციატივაც გაახსენა. თუმცა, რადიო თავისუფლების შეკითხვის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ - პრეზიდენტის ინიციატივას საერთო არაფერი აქვს სხვა ინიციატივებთან:
„პრეზიდენტის ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდენტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“.
ასევე ნახეთ ილჰამ ალიევი თვლის, რომ მთიან ყარაბაღზე ლაპარაკი უკვე წარსულ დროში შეიძლებამთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართული მხარეებისთვის მოლაპარაკების ადგილად თბილისის შეთავაზების ინიციატივით სალომე ზურაბიშვილი მართლაც რამდენჯერმე გამოვიდა; თუმცა არც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიგვითითა თავის განცხადებაში და ვერც რადიო თავისუფლებამ მიაკვლია პრეზიდენტის ადრინდელ განცხადებებს კონკრეტული „კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის“ შექმნის შესახებ. ერთადერთი იყო პარლამენტის 11 დეკემბრის სხდომაზე გაკეთებული განცხადება.
ამ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილმა „კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის“ შესაძლო მონაწილეებად, კავკასიის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, „გარე აქტორებიც“ დაასახელა.
თუმცა არც 11 დეკემბერს და არც მას შემდეგ, კონკრეტული ქვეყნები არ დასახელებულა. შესაბამისად, უცნობია - იგულისხმა თუ არა პრეზიდენტმა რუსეთი - ქვეყანა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტში ფასილიტატორისა და მშვიდობისმყოფელის როლი მოირგო და იმ ვითარებაში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ითვლება.
სალომე ზურაბიშვილმა ნოემბერში, როცა სომხეთსა და აზერბაიჯანს „ტრაგიკული ომის დასრულება“ მიულოცა, ხაზი გაუსვა მადლიერებას ფასილიტატორების მიმართაც. ამ აქცენტებმა ბევრს მაშინ აფიქრებინა, რომ პრეზიდენტი მადლობას რუსეთს უხდიდა.
ასევე ნახეთ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ყარაბაღზე„როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს ისეთი შეთანხმების გამო მილოცვა, რომელიც კავკასიაში რუსეთის მორიგ ოკუპაციას ამყარებს და ბლოკავს დასავლეთს?“ - ზურაბიშვილი ამ განცხადების შემდეგ იან კელიმაც გააკრიტიკა.
ექსპერტებმა კარგად ვერ გაიგეს - რა ინიციატივა აქვს საქართველოს პრეზიდენტს და როგორ უნდა განხორციელდეს მისი ინიციატივა. მაგრამ როგორც „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, დავით ბატაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოსთვის დამღუპველი იქნება ყველა იმ ტიპის ფორმატში გაწევრიანება, სადაც რუსეთს ერთ-ერთი წამყვანი როლი იქნება.
„ასეთი ფორმატი გაზრდის რუსეთის ზეგავლენას რეგიონში და ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. გარდა იმისა, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, მას აქვს უცვლელი მიზანი, რომ გააკონტროლოს საქართველოს როგორც საგარეო, ასევე შიდა პოლიტიკა.
ვხედავთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტს რუსეთი თავისი ზეგავლენების გასაძლიერებლად იყენებს. საქართველოსთვის თვითმკვლელობა იქნებოდა, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთთან ერთად რაიმე სახის რეგიონალურ ფორმატში ჩართვა, ეს საქართველოს გრძელვადიანი გადარჩენის მიზნებსაც ეწინააღმდეგება...
ნებისმიერ ასეთ ფორმატში რუსეთი შეეცდება ოკუპაციის ლეგიტიმაციას და საქართველოსთვის არახელსაყრელი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის - მაგალითად, აფხაზეთის რკინიგზის თემის თავს მოხვევას“.
„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისთვის, ვალერი ჩეჩელაშვილისთვის მიუღებელია საქართველოს მონაწილეობა ბაქოში დაანონსებულ 6 სახელმწიფოს ფორმატში და მათ შორის იმიტომაც, რომ მასში არ არის ნაგულისხმები ამერიკის შეერთებული შტატები.
„ამ ფორმატში შეტოპვა ნიშნავს, რომ ჩვენ დავუახლოვდებით დაჭაობებულ სივრცეს და არანაირი გარანტია არ გვექნება, რადგან იქ არ იქნება ჩვენი მთავარი საყრდენი - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ - უთხრა ჩეჩელაშვილმა რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება სხვა კავკასიური პლატფორმების საქართველოს ინიციატივით შექმნის შესაძლებლობას, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, „სამწუხაროდ, ვერ დავიკვეხნით იმით, რომ ჩვენ ასეთი როლის თამაში შეგვიძლია“.
ექსპერტი გვეუბნება, რომ მწვავე ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერცერთ ქვეყანას ვერ ექნება სათანადო „წონა“ იმისათვის, რომ მსგავსი ინიციატივებით გამოვიდეს და განახორციელოს კიდეც.