COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიდან სამი კვირის თავზე, კვლავ მაღალია ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი.
ამ ეტაპზე, ეპიდემიოლოგები მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა და ახალი შემთხვევების ყოველდღიური რიცხვი მნიშვნელოვნად აღარ იზრდება, თუმცა, 22 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა, რაც უკანასკნელი 5 დღის განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 5 დღის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 824-დან 2981-მდე მერყეობდა. ცხადია, აქ გასათვალისწინებელია ტესტირების ყოველდღიური მაჩვენებელიც, რომელიც შაბათ-კვირას, საგრძნობად იკლებს, თუმცა, ამ ფონზეც, მაგალითად, 19 დეკემბერს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით 19 000-მდე ტესტი ჩატარდა, გამოვლინდა ინფიცირების 2900 ახალი შემთხვევა, 22 დეკემბრის მონაცემებით კი, როდესაც ქვეყანაში 17 000 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსი უფრო მეტ, 3064 ადამიანს დაუდასტურდა. ეს მონაცემი იმაზე მეტყველებს, რომ დასტაბილურების მაჩვენებელი საკმაოდ მყიფე, თუმცა, საგრძნობია 5 დეკემბერთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი, 5450 შემთხვევა გამოვლინდა.
შეზღუდვების ფონზე, კვლავ მზარდია ინფიცირების რიცხვი დედაქალაქში, სადაც ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მოდის. თუმცა, ზრდის ტენდენცია შეინიშნება რეგიონებშიც, მათ შორის, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში.
მაღალია გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი და ბოლო 22 დღის განმავლობაში ის 31-დან 53-მდე მერყეობს. უმეტესწილად, გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი სცილდება 40-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ყოველ ერთ საათში, კორონავირუსით დაახლოებით 2 ადამიანი იღუპება.
შეზღუდვების დაწესებიდან სამი კვირის თავზე, გვაქვს თუ არა ის შედეგი, რასაც ველოდით? სწორედ სამკვირიანი პერიოდი სახელდებოდა ვადად, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად უნდა გაუმჯობესებულიყო. შეიძლება ჩაითვალოს, რომ სამი კვირის თავზე, დღეში 3000-ზე მეტი ახალი შემთხვევა, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მაჩვენებელია?
„მეტის მოლოდინი არც გვქონდა“ - ასეთია "ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის" დამფუძნებლის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ექიმ ვახტანგ კალოიანის პასუხი ამ კითხვებზე. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, იმ შეზღუდვებით, რომლებიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს და იმ მობილობით, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, უფრო ეფექტური შედეგის მიღწევა, ვერ მოხერხდება. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეძლოს და ყოველდღიური მაჩვენებელი აღარ გასცდეს 3000-ს:
„რეალურად, დღეს, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად არის დღეში 2000-3000 ახალი შემთხვევისთვის. იქნება ეს ტექნიკური აღჭურვილობა, ადამიანური რესურსი, საწოლების რაოდენობა და ა.შ. რატომ მივიღეთ დეკემბრის დასაწყისში უკონტროლო სიტუაცია, როდესაც ინფიცირებულებისთვის კლინიკებში ადგილი აღარ იყო? იმიტომ, რომ ქვეყანამ ვერ გათვალა, რომ შესაძლოა ყოველდღიური მაჩვენებელი 5000-ს გადასცდენოდა. 2000-3000 შემთხვევის გატარება დღეს ქვეყანას შეუძლია. ამ ეტაპისთვის, ეს იქნება იდეალური გამოსავალი, რომ როგორმე ეს მაჩვენებელი არ გაიზარდოს და შემდეგ უკვე ამ რიცხვმა ნელ-ნელა დაიწიოს“.
ვახტანგ კალოიანი ინფიცირების მაჩვენებლის რეალურ კლებას მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ანუ იანვარ-თებერვალში, არ ელოდება. როგორც ის ამბობს, ლაპარაკი იმაზე, რომ ერთ ან ორ კვირაში ინფიცირების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება, მხოლოდ ცრუ მოლოდინს გააჩენს მოსახლეობაში.
ის, ამ ეტაპზე, არც შეზღუდვების მოხსნის მომხრეა და ფიქრობს, რომ დღეს მოქმედი რეგულაციების თუნდაც მცირე ხნით შემსუბუქებამ, შესაძლოა, ქვეყანა კვლავ დეკემბრის პირველ დღეებში დააბრუნოს:
„ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის შესაძლოა, ტრაგედიის ტოლფასიც კი იყოს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი ჩვენ ამ რეჟიმითა და შეზღუდვებით ვერ შევინარჩუნეთ ის ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც დღეს გვაქვს, უახლოეს პერიოდში მოგვიწევს ბევრად უფრო მძიმე ლოკდაუნის გამოცხადება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო მძიმე იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ შეზღუდვებმა მოიტანა ის, რომ დღეს ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, ლაპარაკია ჩვეულებრივ, სტაციონარულ საწოლებზე, თუმცა, ისევ დგას დღის წესრიგში კრიტიკული საწოლების, ანუ რეანიმაციული საწოლების რაოდენობის პრობლემა. გვყავს მძიმე პაციენტები, რაც გულისხმობს რეანიმაციული საწოლების ხანგრძლივად დაკავებას. გავითვალისწინოთ, რომ ინფიცირების რიცხვის ზრდა პირდაპირ პროპორციულია მძიმე პაციენტებისა და შემდეგ უკვე გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდისა. დღეს ჩვენ მილიონ მოსახლეზე 547 გარდაცვლილი გვყავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, ეს მდგომარეობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ მოცემულობით, შეზღუდვების შემსუბუქება, თუნდაც წინასაახალწლო დღეებში, არ არის კარგი გადაწყვეტილება. დღეს საქართველოში ინფიცირების რეპროდუქციის მაჩვენებელი ერთნახევარზე მეტია, რაც ნიშნავს, რომ შეზღუდვების მოხსნა არ არის უსაფრთხო. თუკი ამ ყველაფერს პოლიტიკურ ინსინუაციებსა და ინტრიგებს მოვაცილებთ, ეს არის ძალიან მარტივი, ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი ერთზე მეტია, ე.ი. შეზღუდვების მოხსნა საშიშია“.
დღეს რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ მყიფე დასტაბილურებაზე შეიძლება ლაპარაკი და არა გაუმჯობესებაზე, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს ეპიდემიოლოგი მაია ბუწაშვილიც.
ის ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან ნაკლებად ემხრობოდა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებასა და ამით მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. ასე ფიქრობს დღესაც, თუმცა, მიაჩნია, რომ რაკიღა წინასაახალწლო დღეებში გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება, მაშინ უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება, რომ როგორც ბიზნესმა, ისე ხელისუფლებამ, მაქსიმალურად გააკონტროლოს და უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება:
„ბევრი ბიზნესი სწორედ ახლა, ამ ერთ კვირაში აპირებს თუნდაც მინიმალური თანხის მოზიდვას იმისათვის, რომ ამოსუნთქვის საშუალება ჰქონდეთ. ეს ძალიან პრინციპული საკითხია და ამიტომ, ძალიან ძნელია ასე ხელაღებით თქვა, რომ აი, ყველაფერი ჩავკეტოთ. არ მოვხსნათ შეზღუდვები. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ შეზღუდვების დროებით მოხსნა ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამით ინფიცირების ზრდას შევუწყოთ ხელი. მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული ადამიანების დიდი რაოდენობით კონცენტრაცია მაღაზიებთან. უნდა მოწესრიგდეს ქუჩის რიგები, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ნიღბების მოხმარების წესები. ის შეზღუდვები, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, მხოლოდ კონკრეტული ბიზნესისთვის თუ ტერიტორიებისთვის არ უნდა იყოს დაწესებული. პირადად მე, ძალიან მაწუხებს ის სიტუაცია, რაც დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. სწორედ ეს არათანმიმდევრულობა გვღუპავს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რადგან ადამიანებს უჩენს ნიჰილიზმს, რომ რანაირად შეიძლება, ერთი ხელით უშვებდე იმას, რაც მაგალითად ნაძვის ხესთან ხდება და მეორე ხელით, ადამიანების გარკვეულ ნაწილს არ აძლევდე ამოსუნთქვის საშუალებას“.
აქვე შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 22 დეკემბრის მონაცემებით, ერთჯერად, 300-ლარიან დახმარების მისაღებად, უწყებას 83 173 მოქალაქემ მიმართა. ეს არის იმ პირთა ნაწილი, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
საკოორდინაციო საბჭოს 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ზეგიდან, ანუ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ქვეყანაში მოქმედი გარკვეული შეზღუდვები მსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები იხსნება. თუმცა, კვლავ შეზღუდული იქნება როგორ საზოგადოებრივი, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება. არ გაიხსნება ასევე ბაზრობები. რაც შეეხება პირველი იანვრის ღამესა და 7 იანვრის ღამით, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას, ის კვლავ ძალაში რჩება, ანუ, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნება.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დარწმუნებულია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის თუნდაც ორი ღამით გაუქმება, ნეგატიურად აისახება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. მისივე თქმით, საფრთხის შემცველი იქნება მაღაზიებს გარეთ გაჩენილი რიგებიც:
„ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სერიოზული გავლენას მოახდენს წინასაახალწლო დღეები, რადგან ჩვენ, ექიმებმა, რაც არ უნდა მოწყალე თვალებით ვთხოვოთ საზოგადოებას, ძალიან გთხოვთ, ახალ წელს სხვანაირად შეხვდით და ძალიან გთხოვთ, ნათესავები არ ესტუმროთო, ეს ასე არ მოხდება, 70-80% მაინც არ დაგვიჯერებს. ეს კი 10-14 დღეში აუცილებლად მოახდენს გავლენას ეპიდემიის ტრაექტორიაზე“.
„ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებათა ინსტიტუტის“ პროექციის თანახმად, 22 ნოემბრიდან, საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში იმყოფება. იმ შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს, პიკმა დეკემბრის ბოლოდან დაღმა სვლა უნდა დაიწყოს. ამავე ინსტიტუტის პროექციის თანახმად, პირველი აპრილისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3400-ს უნდა გადააჭარბოს. 22 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 2182-ია.