რადიო თავისუფლების გამოძიებით გაირკვა, რომ ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, ნათესავებმა დაახლოებით, 785 მილიონი დოლარის ქონება შეიძინეს, სულ მცირე, ექვს სახელმწიფოში 20 წლის განმავლობაში.
გამოძიების შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა 22 დეკემბერს, არ ასახავს სრულად იმ ინვესტიციებს, რომლებიც უძრავ ქონებაში ჩადეს ნაზარბაევის შვილებმა, შვილიშვილებმა, ნათესავებმა თუ ყაზახეთის პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულმა სხვა პირებმა, მაგრამ ამ ინვესტიციების დოკუმენტირების და შეფასების პირველი მცდელობაა. ზოგიერთი ელემენტი ადრეც ყოფილა ყურადღების ან დავის საგანი მედიაში.
მდიდრული ვილა ბორცვზე კანში, საფრანგეთში, მძაფრი დავის საგანი იყო ნაზარბაევის ძმას, ბოლათსა და მის ყოფილ ცოლს, ნაირა ყურმანგალიევას შორის, ისევე როგორც შესანიშნავი ბინა უოლ სტრიტზე, ნიუ იორკში, ცენტრალურ პარკზე ხედით.
შესანიშნავი კარ-მიდამო ოკეანის პირას კოსტა ბრავაში, ესპანეთში, ეკუთვნის ნაზარბაევის მეორე შვილის, დინარას, ქმარს. ეს არეალი მუდმივი დავის საგანი იყო, რადგან ადგილობრივი ეკოლოგები ეწინააღმდეგებოდნენ მისი მფლობელების სურვილს, იქ გამავალი გზა გადაეკეტათ.
ბრიტანეთში რამდენიმე ობიექტი ეკუთვნით ნაზარბაევის უფროს შვილს, დარიღას და მის ვაჟს, ნურალის. ეს ქონება ბრიტანეთის, დანაშაულთან ბრძოლის, უწყების სამიზნე გახდა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ფული, რომლითაც იქნა შესყიდული უძრავი ქონება, შეიძლებოდა არაკანონიერი წყაროდან ყოფილიყო. თუმცა, სასამართლომ ბრალდება უარყო.
დარიღას ეკუთვნის ასევე სახლების ბლოკი ბეიკერ-სტრიტზე ლონდონში, რომელთა შეძენა მოხდა ანონიმური კომპანიების გზით.
1991-დან 2019 წლამდე ნაზარბაევი ერთპიროვნულად და მტკიცედ მართავდა ყაზახეთს და მეტოქეთა მხრიდან მისი გამოწვევის ყველა მცდელობას მკაცრად აღკვეთდა. ამ პერიოდში ყაზახეთში კეთილდღეობა ამაღლდა, თუმცა კორუფციამ და ნეპოტიზმმა ღრმად გაიდგა ფესვები.
კორუფციასთან ბრძოლის აქტივისტები თვლიან, რომ კლანური ტიპის სისტემა, რომელსაც სარგებელი მოაქვს ელიტის გარკვეული ჯგუფისთვის, პერსპექტივაში საშიშროებას წარმოადგენს.