ჯო ბაიდენმა საჯაროდ გაიკეთა COVID-19-ის ვაქცინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 დეკემბერს საჯაროდ გაიკეთა COVID-19-ის ვაქცინა თავის მშობლიურ შტატ დელავერის საავადმყოფოში.

ბაიდენის თქმით, ვაქცინას საჯაროდ იკეთებს, რათა ხალხს აჩვენოს, რომ მზად იყვნენ ვაქცინაციისთვის, როცა ის მათთვის ხელმისაწვდომი გახდება.

„არაფერია სანერვიულო,“ თქვა მან.

78 წლის ბაიდენს გაუკეთეს Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა. თავისი ასაკის გამო ის მაღალი რისკის ჯგუფშია.

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქებას იმსახურებს ვაქცინის პროგრამის რეალიზაციის დაწყებისთვის.

ამჟამად აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 318 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18 მილიონს უახლოვდება.

ბაიდენის თქმით, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა მისი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, როცა პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს 20 იანვარს.

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გაიკეთებს ვაქცინას, განაცხადა ბაიდენის გარდამავალმა გუნდმა. ბაიდენის თქმით, მისი მეუღლე, ჯილი რამდენიმე დღეში აიცრება.

ბაიდენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხალხი დაუჯერებს ექსპერტებს და პირბადეებს იხმარს შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე.