ევროკავშირში უკვე წელს დაიწყება Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება

სამედიცინო პრეპარატების ევროპულმა სააგენტომ 21 დეკემბერს მოიწონა ევროკავშირის ტერიტორიაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, რომელიც კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech-მა შექმნეს. როგორც მოელიან, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში დაადასტურებს ევროპის კომისია.

როგორც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ვაქცინის სერტიფიცირება ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაცია უკვე ახალ წლამდე შეიძლება დაიწყოს. რიგ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და იტალიაში ის დაიწყება საშობაო დღესაწაულის შემდეგ, 27 დეკემბერს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ვაქცინას პირველ რიგში ხანდაზმულთა სახლების მაცხოვრებლებს გაუკეთებენ.

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა COVID-19-ის პირველი ვაქცინაა, რომელიც ევროკავშირში დარეგისტრირდა. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში პრეპარატი ოდნავ უფრო ადრე დაამტკიცეს გამოყენებისთვის. აშშ-ში ასევე დაამტკიცეს კორპორაცია Moderna-ს ვაქცინის გამოყენება.

ევროკავშირში ვაქცინაციის დაწყების შესახებ ცნობები დაემთხვა ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის შესახებ, რაც, სპეციალისტთა თქმით, დაკავშირებულია ვირუსის ახალი შტამის გამოჩენასთან, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება. ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ შეწყვიტა დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა. ასეთივე აკრძალვა დააწესა ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა.

ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში შეინიშნება ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის დაჩქარება. ზოგ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე მკაცრ საკარანტინო ზომებს აწესებენ.