„ენმ“ და „ევროპული საქართველო“ ტერორისტულ აქტზე არიან წამსვლელები - გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, ტერორისტულ აქტებზეც კი არიან წამსვლელები:

„მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, გავრილოვი... ვინაიდან დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, თუნდაც [გიორგი] გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს… არაფერს არ გამოვრცხავ. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე”, - აცხადებს ვოლსკი.

გია ვოლსკის კომენტარი ეხება მისი თანაპარტიელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები სერგეი გავრილოვთან ერთად მოქმედებდნენ.

სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატია, რომელიც საქართველოს „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ეწვია. გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, ოპოზიციონერი ლიდერების ორგანიზებით, მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.