ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა „არასანქცირებულ აქციებში" მონაწილეთა ერთიანი ბაზა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნა არასანქციერებულ აქციებში მონაწილეთა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, რომელსაც ძალოვანი უწყების წამრომადგენლები „შემდგომ საქმიანობაში გამოიყენებენ“, - ამის თაობაზე ქვეყნის სახელმწიფო ტელეარხ „ბელარუს 1“-თან ინტერვიუში ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იური ნაზარენკამ თქვა.

„ასეთი ბაზის შექმნა ეს არის უდიდესი ბიძგი, ვიტყოდი, ნახტომი“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მანამდე, დამოუკიდებელმა საინფორმაციო სააგენტო „ბელაპლანმა“ სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელა ცნობა, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული თვალთვალი დაიწყო არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისათვის მანამდე ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული მოქალაქეების მიმართ.


ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ერთიან საინფორმაციო სისტემაში უკვე შეტანილია ინფორმაცია არა მარტო აქციებში მონაწილეთა, არამედ ასევე ტელეგრამის არხების ადმინებისა და ჩათების მომხმარებელთა შესახებ. მითითებულია მათი სქესი, ასაკი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილები, გართობა და განათლება.


ასეთი სახის ინფორმაცია ბელარუს სამართალდამცველებს დაეხმარება ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ ადმინისტრაციული მართლწესრიგის განმეორებითი დარღვევის გამო სამართლებრივი დევნის განხორციელებაში.


ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

პოლიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. არის ცნობები დაკავებულების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ბელარუსის ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას ავტორიტარული ფორმით თითქმის სამი ათწლეულია მართავს, უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან.