კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც აღმოაჩინეს

დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამით, VUI-202012/01 ინფიცირებული აღმოჩნდა იტალიის მოქალაქეც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. იტალიამდე ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა დანიაში, ნიდერლანდსა და ავსტრალიაში.

ითვლება, რომ ახალი შტამის გავრცელება დაიწყო გაერთიანებული სამეფოდან, რადგან კორონავირუსის მუტაციით გამოწვეული ეპიდაფეთქება პირველად დაფიქსირდა დიდი ბრიტანეთის სამხრეთში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მეცნიერებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ეპიდემიოლოგების თანახმად, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ვირუსის ახალი შტამის კვლევის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აწვდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომელიც თავის მხრივ, სიტუაციის განვითარების შესახებ აცნობებს საერთაშორისო თანამეგობრობას.

კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, ლონდონის ჩათვლით, ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი - მეოთხე დონე და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებმა, თურქეთმა, ისრაელმა, კანადამ, ავსტრალიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და ჩილემ.