8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტო განცხადებას ავრცელებს

8 წლის გიგი თბილისში, აფრიკის დასახლებაში აშენებული ერთოთახიანი სახლის წინ (მარცხნივ) და სამოთახიანი ბინა ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში, რომელიც დევნილთა სააგენტოს მტკიცებით გიგის ოჯახს გადაეცა.

დევნილთა სააგენტო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ჩანგელიების ოჯახის საბინაო უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში. განცხადების თანახმად, დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა.

„დევნილ ოჯახს მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით. ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით.

ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული”, - აღნიშნავს დევნილთა სააგენტო.

დევნილთა სააგენტოს ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ორგანიზაციის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“(PHR) წარმომადგენელს ანა არგანაშვილს, რომელიც ამ ოჯახის უფლებებს იცავს. ანა არგანაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული ოჯახი ბინას დეკემბერში ელოდა, მაგრამ ბინის გასაღები ჯერ ხელში არა აქვთ. ანუ ანა არგანაშვილის თქმით, ამ დროისათის ოჯახს ბინა არა აქვს.

ასევე ნახეთ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის ბიჭისა და შშმ მშობლების სახლის შესანარჩუნებლად სასამართლოს მიმართეს

„გადაცემის პროცესი იციან, რომ მიმდინარეობდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ დღეს არა აქვს ხელში გასაღები. ამათ ის იციან, რომ პენსია რაც უნდა ეჭამათ, ამით ააშენეს სახლი და ეხლა არ ესმით, რატომ უნგრევენ და ეს ჩემთვის ძალიან ლოგიკურია“, - გვითხრა ანა არგანაშვილმა. მისი თქმით, მაშინ როცა სესხი აიღეს და სახლის შენება დაიწყეს, 4-5 თვის წინ, ბინა ნამდვილად არ ჰქონდათ.

ანა არგანაშვილის თქმით, ჩანგელიების ოჯახს აქვს 2 მოთხოვნა: თუ სახელმწიფო ბინის დანგრევას აპირებს, აუნაზღაუროს ის თანხა, რაც საპენსიო სესხით აიღეს და მეორე, არ დაანგრიონ ბინა მანამ, სანამ ზუგდიდის ბინის გასაღები არ ჩაბარდებათ.

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ანა არგანაშვილი "ფეისბუკის" პოსტითაც გამოეხმაურა.

სახლის დანგრევის შეჩერების თხოვნით, PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა, 19 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

PHR-ის ცნობით, ოჯახს სახლის დაცლის ვადა 20 დეკემბრამდე მისცეს. 20 დეკემბერს დილიდან 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლთან აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ იმისთვის, რათა შესაბამისი უწყებისთვის მისი დანგრევის საშუალება არ მიეცათ. ჩანგელიების სახლთან, მოლოდინის მიუხედავად, დღეს ტექნიკა არ გამოჩენილა.