დაუბრუნებს თუ არა თელავს თვითმმართველობის სტატუსს გუნდი, რომელმაც ეს სტატუსი ჩამოართვა

თელავი

2017 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა მერობის კანდიდატად ცხვარი წარადგინეს. ეს იყო პირველი აქცია-პერფორმანსი მას შემდეგ, რაც თელავმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა. ამის შემდეგ დღემდე, პერმანენტულად, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ფორმით, მათ შორის აქციებითა და პეტიციებით, მოითხოვენ, რომ თელავს დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.

ეს თემა აქტუალური იყო 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც. ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმით არიან დაკავებული, მიიჩნევენ, რომ თელავის მომავალი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი სტატუსის დაბრუნების შემდეგ არის შესაძლებელი. არჩილ მჭედლიშვილი მათ შორისაა, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს ამ სტატუსის დასაბრუნებლად. ამბობს, რომ 2014 წლიდან 3 წლის განმავლობაში, როცა თელავი თვითმმართველი ქალაქი იყო, ყველაზე მეტი პროექტი განხორციელდა.

„მაშინ როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური ყურადღება კონცენტრირებული და მიმართული იყო მხოლოდ თელავზე და იმ სამ წელიწადში უფრო მეტი გაკეთდა, ვიდრე მანამდე და მას შემდეგ, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. ახლა ისევ სტაგნაციის ეტაპზე ვართ. არ არსებობს სტრატეგია იმისა, მაგალითად, რა იქნება 10 წლის შემდეგ ან როგორი უნდა იყოს თელავი. გენერალურ გეგმაზე მუშაობა არ არის დასრულებული. ბევრ ისეთ რამეზე გაჩერდა მუშაობა, რომელიც იმ პერიოდში დაიწყო“.

თელავი

სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი და ახლა უკვე დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი დადებითად იყო განწყობილი მათი მოთხოვნის მიმართ. მჭედლიშვილის თქმით, რადგან ქადაგიშვილს პარლამენტში თანამდებობაც აქვს, დაელოდებიან, რა ინიციატივებს დააყენებს თელავისთვის თვითმმართველობის სტატუსის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუმცა დიდი მოლოდინი არ აქვს, რომ ქალაქს თვითმმართველობას დაუბრუნებს გუნდი, რომელმაც მას ეს სტატუსი ჩამოართვა. სამოქალაქო აქტივისტი მიზეზებს ასახელებს, თუ რატომ არის აუცილებელი თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნება.

„ირაკლი ქადაგიშვილთან ერთ შეხვედრას დავესწარი, სადაც შეკითხვა დავსვი, თუ რას გააკეთებდა თვითმმართველობის გასაძლიერებლად იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტში მოხვდებოდა. ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა განწყობებით არ მიიღება გადაწყვეტილებები. ზოგადად, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ვლაპარაკობთ, ჩემთვის ძნელია პროგნოზი გავაკეთო, იმიტომ რომ ერთ დღეს რაღაც საკითხს სხვანაირად უყურებენ, მეორე დღეს მათი ხედვა რადიკალურად განსხვავბულია. „ქართული ოცნების“ პირობებში მიიღო ქალაქმა სტატუსი და ამავე მთავრობამ წაგვართვა. ვერ გაიგებ, რომ გაიღვიძებენ, რა იქნება“.

დღევანდელი „ოცნების“ ხელმძღვანელობაში არის რამდენიმე ადამიანი, რომლის პიროვნული პრინციპის ამბავი არის, რომ ქალაქებისთვის არ მოხდეს თვითმმართველის სტატუსის აღდგენა...
ირაკლი მელაშვილი

2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების ისევ გაუქმება მესამე სექტორს და დარგის სპეციალისტების ნაწილს მაშინაც და ახლაც უკან გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნიათ. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 2017 წელს, ფაქტობრივად, არგუმენტების გარეშე ჩამოერთვა 7 დიდ ქალაქს სტატუსი. მელაშვილის თქმით, მაშინ ერთ-ერთი მიზეზი იყო ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდა, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ეს ხარჯები არ შემცირებულა, მიუხედავად იმისა, რომ 7 ქალაქს სტატუსი ჩამოერთვა. მელაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ ადამიანები, რომლებიც დიდი ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის აღდგენას ემხრობიან, მაგრამ მთავარი სიტყვა ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნისო:

„დღევანდელი „ოცნების“ ხელმძღვანელობაში არის რამდენიმე ადამიანი, რომლის პიროვნული პრინციპის ამბავი არის, რომ ქალაქებისთვის არ მოხდეს თვითმმართველის სტატუსის აღდგენა. ისინი თავის დროზეც ეწინააღმდეგებოდნენ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდას ჩემთვის სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზებით, მაგრამ მაშინ დამარცხდნენ. შემდეგ რევანში აიღეს 2016 წელს, როდესაც შეძლეს ამ გადაწყვეტილების გატანა. დღეს ეჭვი მეპარება, რომ ეს მათთვის პოლიტიკური პრინციპის საკითხი იქნება, თუმცა „ოცნებაში“ არსებობს ერთი უნივერსალური მექანიზმი: თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, მაშინ ასე გადაწყდება, რომ აღდგეს“.

თელავი

რადიო თავისუფლებას სურდა მოესმინა პასუხი შეკითხვაზე, რას აპირებს მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი იმისთვის, რომ თელავმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაიბრუნოს, ან რას გულისხმობდა ის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას, როდესაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ თვითმმართველობების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა. ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.

კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას...
საია

ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობს. მანამდე ის იყო კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, მათ შორის იმ პერიოდში, როდესაც თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდა.

2017 წელს, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ერთობლივი გამოკვლევა მოამზადეს. როგორც მაშინ საიას თავმჯდომარე სულხან სალაძემ განაცხადა, კვლევის მიხედვით, დადგინდა, რომ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ შეესაბამებოდა ამ ქალაქებში არსებულ რეალობას და დასაბუთება მოკლებული იყო საგნობრივ მსჯელობას. კვლევის მიხედვით, მაშინ მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რის საფუძველზე აცხადებდა, რომ არ გაუმჯობესებულა მოქალაქეთა ჩართულობა, სერვისების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა.

2017 წელს თელავთან ერთად თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთსა და ზუგდიდს.