“მეფე შიშველია” - ხელისუფლება ქუჩაში დატოვებულ პოლიტიკურ გზავნილებს ებრძვის

2020 წელს პანდემიამ თავისი კვალი დაატყო ქუჩაში გამოსული მოქალაქეების საპროტესტო აქციებსაც. წყლის ჭავლს, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებებს და სოლიდურ ჯარიმებს, რასაც ხელისუფლება წინა წლებშიც იყენებდა აქტივისტების წინააღმდეგ, კომენდანტის საათის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიც დაემატა. ბათუმში ათობით პოლიციელი ოპოზიციის ბუშტებს ხეთქავდა, თბილისში კი - აქტივისტების ჩანთებში შეშას ეძებდა.

2020 წელს ხშირად ისმოდა სიტყვათშეთანხმება “აქცია-პერფორმანსი” - აქტივისტები პროტესტის ახალ ფორმებს ეძებდნენ და ამ პროცესის პარალელურად ისჯებოდნენ ძველი ფორმების გამოყენებისთვის, როგორიცაა მაგალითად სტენსილების გაკეთება ქუჩებში. 2020 წელს ხელისუფლებამ წინა წლებთან შედარებით ნაკლები ფული დახარჯა ქუჩის მხატვრობის ფესტივალების ორგანიზებაში და მეტი მონდომება გამოიჩინა პოლიტიკურ წარწერებთან ბრძოლაში.

როგორ ჩნდება და ქრება ქუჩებში პოლიტიკური ტექსტები

“ხმების ქურდი. რუსი ოლიგარქი!” - ამ წარწერის გამო 1 დეკემბერს ორი აქტივისტი 1000 ლარით დააჯარიმეს. მათ პოლიტიკური მესიჯი ნაცრისფერი საღებავით და დიდი ზომის ასოებით მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე, საავტომობილო გვირაბის ბეტონის კედელს შიგნიდან მიაწერეს. გვირაბის თავზე “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის “შუშის სასახლეა”.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაჯარიმებისას წარწერის ავტორებს, თამთა გოგოლაძეს და შუშანა მაცაბერიძის უთხრეს, რომ ეს ადგილი “კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონაა” და მასი დამახინჯება ისჯება. წარწერა გათენებამდე გადაღებეს, არადა ამ გვირაბში სხვა, უფრო ძველი, არაპოლიტიკური წარწერები ისევ არის. გადაღებილი, არაწაშლილი ტექსტიც უფრო თვალშისაცემია, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური განცხადება.

აქტივისტებმა ჯარიმა გაასაჩვრეს. ეს პირველი პოლიტიკური ტექსტი არ ყოფილა, რომელიც მათ ქუჩაში დატოვეს. სხვადასხვა დროს თამთა და შუშანა ითხოვდნენ “პროპორციულ არჩევნებს” “ქართული ოცნების” ოფისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მხარს უჭერდნენ “კარტოგრაფების საქმეზე” დაკავებულებს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველგან სადაც საჭიროდ თვლიდნენ, ხატავდნენ ნამგალს და უროს.

შუშანა მაცაბერიძე და თამთა გოგოლაძე

თამთა გოგოლაძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, როცა აქციები, შეკრებები და ხალხმრავლობა საფრთხილოა, ქუჩაში, საჯარო სივრცეში დატოვებული პოლიტიკური გზავნილები მათთვის აზრის გამოხატვის ფორმაა, თუმცა მინაწერების უმეტესობას სწრაფადვე შლიან.

კოჯრის გზატკეცილის გვირაბში გაკეთებულ წარწერებამდე მათთვის ჯარიმა არასოდეს გამოუწერიათ, მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებდნენ, რომ დაჯარიმდებოდნენ ქალაქის იერ-სახის დამახინჯების გამო.

უნებართვო წარწერების, ნახატებს და სიმბოლოების მიხატვა და პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომელიც ამისთვის არ არის გამოყოფილი, ადმინისტრაციული წესით ისჯება.

არსებობს თბილისის საკრებულოს 2014 წლის განკარგულება, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ საარჩევნო პლაკატების გაკვირს წესს და ადგილებს. ამ საკანონმდებლო ჩარჩოებში , კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში საჯარო სივრცეში გამოფენილი ნებისმიერი პლაკატი თუ წარწერა შეიძლება “განისაზღვროს” როგორც უკანონო, დასჯადი საქციელი.

ჩვეულებრივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა არა 1000, არამედ 200 ლარია.

რა გარემოებამ “გაუძვირა” აქტივისტებს ჯარიმის საფასური ხუთჯერ?

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიული რუკის მიხედვით ბეტონის საავტომობილო გვირაბი, რომელიც მას შემდეგ აშენდა, რაც აქ საცხოვრებლად ბიძინა ივანიშვილი გადმოვიდა, ისტორიული განაშენიანების ზონაა, რომელიც ესაზღვრება ლანდშაფტური დაცვის ზონას. ამ ზონაში, გვირაბის სიახლოვეს შენდება “პანორამა თბილისის” ისეთი მასშტაბური ნაწილებიც, რომლებიც თავად გახდნენ ლანდშაფტის ცვლილების მიზეზი.

წითლად შემოსაზღვრული არეალი ისტორიული განაშენიანების ზონაა, მწვანედ შემოსაზღვრული ლანდშაფტური დაცვის ზონა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით დამცავი ზონის დადგენის მიზნებია არასასრურველი ზემოქმედებისგან დაიცვას მის საზღვრებში მოხვედრილი კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ობიექტები, რაც შეიძლება იყოს ძეგლები, ისტორიული განაშენიანება, ქუჩათა ქსელი ან არქეოლოგიური ობიექტები; დაცვის მიმზანი იმ სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურული კონტექსტების შენარჩუნებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ძეგლისა და მისი გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას, ძეგლის, როგორც ისტორიის მოწმის, როლის შენარჩუნებას.

“შეიძლება ვივარაუდოთ რომ გზატკეცილზე არსებული საავტომობილო გვირაბის შიდა ინტერიერი ისტორიული ლანდშაფტია?” - კითხულობს თამთა გოგოლაძე საჩივარში, რომლითაც 1000 ლარიან ჯარიმას აპროტესტებს და პასუხსაც იქვე თავად სცემს: “კითხვა რიტორიკულია და აქვე ნათელია, რომ ბეტონის საავტომობილო ნაგებობის შიდა კედელი ასეთად ვერ ჩაითვლება.”

საბჭოთა კანონი - კიდევ ერთი იარაღი აქტივისტების წინააღმდეგ

უფლებადამცველები და იურისტები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ხელისუფლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის ხშირად იყენებს აქტივისტების წინააღმდეგ. კოდექსი არ ცნობს გამოხატვის თავისუფლებას.

“სტენსილების გაკეთება დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და მერია ვალდებულია, რომ ასეთი საჯარო სიკეთეები იყოს ადამიანების სარგებლობაში იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. 2020 წელს, პანდემიის გამო ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში იყო მასობრივი თავყრილობები, აქციები და სტენსილები რჩებოდა პროტესტის გამოხატვის უსაფრთხო გზად, რითიც შეიძლება მიეწვდინათ ხმა ხელისუფლებისთვის. დაჯარიმება არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანებს ერთმევათ პროტესტის ეფექტურად გამოხატვის უფლება” - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გოცირიძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციიდან.

ეს ორგანიზაცია დიდი ხანია იბრძვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური მუხლების წინააღმდეგ და ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცვას გამოხატვის თავისუფლება. მაგალითად, 2019 წელს საიას სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნორმა, რომელიც კრძალავდა შენობიდან საპროტესტო პლაკატის ან ბანერის განთავსებას მერიის თანხმობის გარეშე, არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას.

საქმე ეხებოდა ოზურგეთში 2015 წლის 15 სექტემბერს დაკავებული სამი აქტივისტის ინტერესების დაცვას. მათ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობა გააპტორესტეს და კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოკიდეს ბანერი წარწერით „მატყუარა მთავრობა.“

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება დაიცვა, 2020 წლის 16 დეკემბერს პოლიციამ თითქმის იგივე ქმედებისთვის, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დანგრევის შემდეგ დაზარალებულთა სოლიდარობის ნიშნად გამართულ აქციაზე, თბილისის მერიის წინ მდებარე შენობიდან ბანერის გადმოკიდებისთვის მაინც დააჯარიმა აქტივისტები.

“სტენსილების მეშვეობით ყველაზე ადვილია სისტემას სახე დააკარგვინო. ქუჩა არც სარდაფია, არც კაბინეტი და არც საპატიმრო, რომ გამრუდებულმა მართლმსაჯულებამ თავისი მახინჯი ბუნების კვალი ოდნავ მაინც დაფაროს... ყოველთვის, როცა ამის გაკეთებას დღისით, მზისით, ყველას თვალწინ იწყებენ - მეფე შიშველია და ხალხი მას დასცინის. სხვანაირად ვერც იქნება, როცა ვხედავთ სტენსილს, რომელზეც პოლიციელი შლის სტენილს. და შემდეგ ვხედავთ პოლიციელს, რომელიც შლის სტენსილს, რომელზეც პოლიციელი შლის სტენსილს... კედელზე მიმდგარი სისტემა, უკვე მეტოქის მოედანზეა” - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი, აქტივისტი, რომელსაც მთელი ღამე დადევდა პოლიცია მაშინ, როცა მეგობრებთან ერთად აკეთებდა 20 ივნისთან დაკავშირებულ საპროტესტო წარწერებს.

“ეგ ნიშნავს რომ ვიღაცამ გაიგო გზავნილი. ყველაფერს არც შლიან, კონკრეტულ რამეებს შლიან მიზანმიმართულად და ყველგანაც ვერ შლიან. ბოლოს და ბოლოს სოციალური მედია არსებობს, სადაც ეს ყველაფერი ისევ არსებობს ” - ამბობს გიორგი გაგოშიძე. სწორედ მას ეკუთვნოდა პოლიციელის ნახატი, რომელის სტენსილს შლიდა და რომელზეც ზუკა საუბრობს.

ეს ნახატი 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელ კიბესთან გაჩნდა. მარმარილოს ნაცრისფერ კედელზე ქართლის დედა ეხატა თვალზე მიფარებული ხელით. ძალიან მალე ქართლის დედა წელსზემოთ გაქრა და მხოლოდ მისი სხეულის ფრაგმენტი დარჩა ნახატად. მის გვერდით გაჩნდა პოლიციელი, რომელიც იმ ადგილს უმიზნებდა, რომელიც ქართლის დედას უკვე წაშლილი ჰქონდა. ნამუშევარი, რომელიც არშემდგარ დიალოგს დაემსგავსა, ამჟამად უკვალოდ არის წაშლილი.

“როცა ქუჩაში რაიმეს აკეთებ, იმისთვისაც მზად ხარ რომ ის შეიძლება წაიშალოს, მთავარია ჩვენ მოვასწროთ და დავსვათ კითხვები”- ამბობს გიორგი გაგოშიძე. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი არჩევნების თემაზეა გაკეთებული ცესკოს მიერ ატვირთული შემაჯამებელი ოქმებით შთაგონებულმა დახატა აინშტაინი, რომელიც "ბალანსს ვერ სვამს."

“ვიღებთ სურათს, სადაც კრიმინალში ჩაძირული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფები ენაგადმოგდებულები დასდევენ საწერ-კალმიან მოქალაქეებს და მანამ იცავენ ყრუ კედლებს მათგან, სანამ ზევიდან არ დარეკავენ, კაი შეეშვითო. ძირითადად ყოველთვის ასე მთავრდება და დასაწერი მაინც იწერება.

და როცა ასეთ პირობებს პანდემიაც დაემატა, წარწერები ალბათ პროტესტის ყველაზე მოსახერხებელ ინსტრუმენტად იქცა. ჩვენი წარწერები ალბათ სხვა შეწუხებულ მოქალაქეებსაც აფიქრებს იმაზე, რომ მთავარია ნება, თორემ ხმის გაჟღერება ნებისმიერ მოსახვევში შეიძლება” - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი. იმის დასტურად, რომ ხელისუფლებას კედლიდან ნათქვამი სიმართლისთვის თვალის გასწორება უჭირს და პოლიციას ყველაზე ნაკლებ საშიშ “კრიმინალებთან” საბრძოლველად იყენებს, 20 ივნისის თემაზე გაკეთებული სტენსილების ამბებს იხსენებს, როცა 16 ივნისს, გამსახურდიას გამზირზე, რკინის დროებით სამშენებლო კონსტრუქციაზე გაკეთებული წარწერის გამო დააჯარიმეს. ასეთი წარწერები "გავრილოვის ღამიდან" ერთი წლის შემდეგ არაერთ ადგილას გაჩნდა თბილისში.

“ბევრი არ მახსენდება, ისეთი საპოლიციო მობილიზება, როგორიც იმ დღეს თბილისის მასშტაბით ვიხილეთ. ერთ საღებავ-სპრეიზე მინიმუმ ათი ეკიპაჟი მოდიოდა. საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, მუნიციპალური ინსპექციის და მერიის ბუნდოვანი თანამშრომლების მანქანები გზების სავალს ნაწილებს კეტავდა. მე დამიწერეს ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე. რომელსაც იმ წუთებშიც, როცა ჯარიმა იწერებოდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თან ერთვოდა განმარტება, რომ მისი მთავარი ნაწილი არაკონსტიტუციურად იყო ცნობილი. თუმცა რომელი ნაწილით დავჯარიმდი მე, დღემდე უცნობია, რადგან არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებდა ჯარიმის იმ თანხას, რაც ადგილზე გამომიწერა მუნიციპალურმა ინსპექტორმა, რომელსაც უწევდა ფეისბუქ-ლაივებითა და ტელეთერებით ათი ათასობით მაყურებლის წინაშე ემტკიცებინა, ეს რკინის ჯართი ჩვენი დედაქალაქის იერსახეაო. ამ საქმეზე დავა ამ დრომდე არ არის დასრულებული” - გვიყვება ზუკა ბერძენიშვილი. მისთვის უბრალო წარწერების ძლევამოსილების ნათელი მაგალითია 28 ნოემბერს იმ ორი აქტივისტის დაკავება, რომელიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან რკინის კონსტრუქციებზე ნამგალს, უროს, საბჭოთა და ოკუპაციის სიმბოლიკას ხატავდა. ისინი აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსს აპროსტესტებდნენ, რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".

“ჩვენი მხარე დუმდა. პარლამენტთან აქტივისტები გაჩნდნენ და რკინის დროებით კონსტრუქციაზე ხატვა დაიწყეს. სისტემამ ისევ მყისიერად დაკარგა სახე და რაც პირველი მოიმოქმედა, ნათია ლეთოდიანის, აფხაზეთის ომში ცალ და 20 ივნისის აქციაზე მეორეთვალდაკარგული ვეტერანის შვილის დაჭერა, წათრევა, მანქანაში ჩატენვა და დაკავება იყო. ამის ფონზე ნაშუადღევს, ხელისუფლების თავის მართლება, რომ რუსული მხარე ცრუობს და სინამდვილეში არ დადიან გავრილოვის ჭკუაზე, უკვე ასმაგად უსუსურად ჟღერდა.” - ამბობს ზუკა ბერძენიშვილი.

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ პოლიციამ როცა გაიგო ვინ დააკავა, პარლამენტთან შეკრებილებს თხოვა დაშლილიყვნენ მათი სწრაფად გამოშვების სანაცვლოდ, რაზეც ცალსახა უარი მიიღეს. საქმე, რომელსაც ზუკა იხსენებს, ახლაც სასამართლოშია. ნათია ლეთოდიანს და შუშანა მაცაბერიძეს პოლიცია დაუმორჩილებლობას ედავება. საქმეში არ დევს კამერების ჩანაწერები, მოწმე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა სასამართლოზე თქვა, რომ მისი კამერა აქციაზე საღებავმა დააზიანა.

ასევე ნახეთ როგორ მოჰპარა ხელისუფლებამ არტისტებს ქუჩა

პანდემიის დროს თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც იყენებდნენ ქუჩის წარწერებს პროტესტის ფორმად და იქაც იგივე ხდებოდა - პოლიცია და ხელისუფლება - შლიდა წარწერებს და აჯარიმებდა მათ ავტორებს.

გორის რაიონულმა სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა “ევროპული საქართველოს” წევრს იერსახის დამახინჯებისთვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ რუსეთის დროშა დახატა მერიის წინ გორის მერის დაბადების დღის საჩუქრად.

გორის მერმა, კონსტანტინე თავრაზაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი ქართული სოფლებიდან იბომბებოდა. 2019 წელს კი, როცა საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში ახალი ღობეების მონტაჟი დაიწყეს და სოფლის კუთვნილი მიწის ნაკვეთები ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს, მერს არ შეუწყვეტია შვებულება და აჭარის ზღვისპირეთში დასვენება. მოგვიანებით მან ახსნა, რომ რუსებთან მაინც ვერაფერს გააწყობდა.

ცოტა ხნის წინ ფეისბუქში გაჩნდა გვერდი “ხობის შიკრიკი”, რომლის ავტორებიც ამბობენ, რომ ქუჩაში წარწერები დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაცმიხვდნენ რომ მერიის, საკრებულოს და პარლემენტარების ოფიციალური გვერდებიდან მათი კრიტიკული კომენტარები იშლებოდა და მათი ხმა ადრესატამდე ვერ აღწევდა.

“ჩვენ გვინდა უსაფრთხო, თანასწორ, სამართლიან გარემოში ცხოვრება. ჩვენი მიზანია ხობში მცხოვრებმა ადამიანებმა დაძლიონ შიში და ღიად შეძლონ პრობლემებზე საუბარი და მოითხოვონ ამ პრობლემების მოგვარება” - ამბობენ ისინი.

“გარემო საშიშია”, “ნუ მაკონტროლებ”, “ემსახურე ხალხს”, "ხალხს შია" - ესაა ხობში ბოლო პერიოდში გაჩენილი წარწერები. ამბობენ, რომ გზავნილი კიდევ ბევრი აქვთ.

გარდა წარწერებისა, რომლებიც ღიად პოლიტიკურია და რომელთა ავტორებსაც სურთ ვიცოდეთ, რას წერენ ისინი კედლებზე, ქუჩები არაერთ სოციალურ და პოლიტიკურ, ანონიმური ავტორების გზავნილებს ინახავენ.