“ოსკარის” რეალური კანდიდატი გამოჩნდა

“მანკი” (“Mank”, 2020, რეჟისორი დევიდ ფინჩერი, აშშ)

დევიდ ფინჩერის ახალ ფილმს, რომელსაც ქართულ საიტებზე “მენკი” უწოდეს, ამერიკელი კინოდრამატურგის, ჰერმან მანკევიჩის, ბიოგრაფია დაედო საფუძვლად. თუმცა ფინჩერი აქაც თავის სტიქიაშია - იწყებს კონკრეტულიდან და გადადის ზოგადში, რომელსაც რაღაც მომენტში ამ კონკრეტულთან თითქოს აღარაფერი აკავშირებს. “ზოდიაქოში”, მაგალითად, ეს სვლა დოკუმენტური სიზუსტიდან “ლაბირინთულ” აბსურდამდე მას ეფექტურად გამოუვიდა, “სოციალურ ქსელებში”, ჩემი აზრით, ნაკლებად. შეიძლება იმიტომ, რომ ფეისბუკი იმდენად ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, რომ ფინჩერისეული განზოგადების პროცესში ჩართვა გართულდა. თუმცა “ფინჩერისტებს”, როგორც ვიცი, “სოციალური ქსელებიც” ძალიან უყვართ.

მაგრამ დავუბრუნდეთ ფინჩერის ახალ ფილმს, რომლის გასაგებად არაა საკმარისი მოგწონდეს ამ რეჟისორის სტილი და ერთნაირად გიყვარდეს მისი ყველა სურათი. “მანკისთვის” მნიშვნელოვანია ისტორიული კონტექსტი, რომელიც სცილდება ჰერმან მანკევიჩის ბიოგრაფიას.

წლების წინ კანის კინოფესტივალის ყოფილმა დირექტორმა, ჟილ ჟაკობმა, ფრანგულ ენაზე გამოსცა ამერიკელი კინოკრიტიკოსის, პოლინ კეილის, ის რეცენზიები, რომლებშიც განსაკუთრებით იგრძნობა ამ ავტორის სარკასტული ტონი. წიგნის შესავალში ჟაკობი იხსენებს კეილის ყველაზე სკანდალურ ესეს, “კეინის მოყვანას”, რომელშიც ავტორი ისტორიულ უსამართლობად მიიჩნევს ჰოლივუდში ორსონ უელსის ფილმის, “მოქალაქე კეინის”, სცენარის ავტორის, ჰერმან მანკევიჩის, დავიწყებას. ის ამტკიცებს, რომ “ყველა დროის და ხალხის” ფილმად აღიარებული “მოქალაქე კეინის” სტრუქტურა, მთავარი გმირის სახე, მისი წარმოდგენა განსხვავებული ხედვის წერტილებიდან - ყველაფერი ეს მანკევიჩის იდეაა და არა გამოუცდელი ორსონ უელსისა, რომელმაც “კეინის” შემდეგ კიდევ ბევრი ფილმი გადაიღო, მაგრამ თავის შედევრს ოდნავაც ვერ მიუახლოვდა. ჟილ ჟაკობის მტკიცებით, “მოქალაქე კეინის” გენიალურობას ნამდვილად არ განსაზღვრავს მხოლოდ ის, რასაც ამერიკელი კრიტიკოსი სცენარისტს მიაწერს. ჟაკობი წერს, რომ “კეინს” უკვდავებას, პირველ რიგში, გამოსახულება ანიჭებს, რეჟისორისა და ოპერატორის ერთობლივი ნამუშევარი. და, რაც მთავარია, ჟაკობი პირდაპირ მიმართავს ამერიკელ კრიტიკოსს: “დიახაც, ორსონ უელსს გადაღებული აქვს “კეინის” დონის ფილმები და, შესაძლებელია, უფრო კარგი ფილმებიც”... ჟილ ჟაკობის აზრით, კინემატოგრაფიული საზოგადოება სულ მალე დაივიწყებს კეილის რეცენზიას, “მოქალაქე კეინი” კი კვლავ დარჩება ისტორიაში, როგორც 25 წლის ორსონ უელსის ფილმი.

მართლაც ასე მოხდა. გავიდა წლები. უელსს კვლავაც იხსენებენ ყველა დროის ფილმის ავტორად. ჰოდა ახლა უკვე დევიდ ფინჩერმა გადაწყვიტა სამართლიანობის აღდგენა და მანკევიჩის წინ წამოწევა. თუმცა არა იმდენად ორსონ უელსის ხარჯზე. გარკვეული თვალსაზრისით, პირიქითაც - “მანკი” თავიდან ბოლომდე “მოქალაქე კეინის” რეჟისორული გადაწყვეტის, სახვითი გადაწყვეტის, ხმოვანი რიგის, “ფლეშ-ბეკების” სერიის განმეორება-სტილიზაციაა, კომბინირებული გადაღებებით და კინოსთვის უკვე ეგზოტიკური წაფენებით.

სინეფილებისთვის “კეინის” მიზანსცენების ამოცნობა, იმ დროინდელი ჰოლივუდის სახეების გამოცნობა მართლა ცალკე სიამოვნებაა. მაგრამ კონკრეტული სახეები და ე.წ. “ისტორიული სიმართლე” დევიდ ფინჩერის ახალ ნამუშევარში ისევ ზედაპირზე გვაქვს, აი, ამ ზედაპირის მიღმა კი თანამედროვე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი გვთხოვს დავფიქრდეთ ხელოვანის როლსა და მისიაზე, შემოქმედების არსზე და, ცხადია, იმ სისტემაზეც, რომელიც ჰოლივუდმა თავის შიგნით შექმნა. როგორ შეიძლება მოიპოვო გამარჯვება ამ სისტემაში? რაზე უნდა თქვა უარი და რატომ უნდა მოგინდეს გაემიჯნო თავისუფლების მოთხოვნილებას? ფაქტობრივად, მეორდება “მოქალაქე კეინის” მთავარი კითხვა - მაინც რას ნიშნავს “ვარდის კოკორი” (ორსონ უელსის შედევრის მთავარი სახე): დაკარგული ბავშვობაა? დაკარგული სახლია? დაკარგული სიყვარულია? განუხორციელებელი ბედნიერებაა? თუ ყველაფერი, ყველაფერი ერთად?

კინოინდუსტრიის ფარისევლობის მხილება და თვითკრიტიკა ყოველთვის იყო დამახასიათებელი ჰოლივუდისთვის. ამერიკულ კინოში უყვართ იმის ჩვენება, თუ რამდენად ყალბია მითი ნიჭიერ ახალგაზრდაზე, რომელმაც თავისი შრომით, ნებისყოფით, წინააღმდეგობის გადალახვის უნარით წარმატება მოიპოვა და ვარსკვლავი გახდა. სულ ახლახან არ ვნახეთ, მაგალითად, “ლალალენდი”? ეკრანზე გრძელდება მითის კრიტიკული გადააზრება, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ჰოლივუდი კვლავაც ამ მითის საზღვრებშია მოქცეული. დევიდ ფინჩერის ფილმში სოციალური და პოლიტიკური ფონი უაღრესად მნიშვნელოვანია - ვხედავთ ერთს, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ის, რასაც ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია, რომელსაც ეს ხალხი არჩევნების დროს ჩამოიხსნის ხოლმე (ფილმის მოქმედების ნაწილი კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნების ფონზე ვითარდება). წარმატების იდეა ჰოლივუდში (და არამარტო ჰოლივუდში) ისევ რჩება სიცოცხლის მოტივაციად, არსებობის სტიმულად... და რადგანაც ამ იდეალზე არსებობს, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად რეალურია ამბავი ნიჭიერ კაცზე, რომელსაც სახელისა და დიდებისთვის თითქოს არც უცხოვრია.

შთაბეჭდილება რჩება, რომ თავიდან ჰერმან მანკისთვის სრულიად საკმარისი იყო ფული, რომელსაც თამაშისა და ვისკისთვის იშოვიდა. მანკის პროტესტი, ყოველ შემთხვევაში, ისე, როგორც მას განასახიერებს ჰარი ოლდმანი (ვფიქრობ, ამ როლისთვის ოლდმანს “ოსკარი” გარანტირებული აქვს), იყო... “არ მინდა!”. “კეინამდე” მას არ უნდოდა, თითქოს ეზარებოდა გათქვეფა იქ, სადაც პოლიტიკოსები, მედია, არტისტები, ყველა ერთად ცხოვრობს ორმაგი სტანდარტებით, ინტრიგებით, სადაც პირმოთნეობა არსებობის ნორმად ქცეულა.

მაგრამ “მანკი” არაა მხოლოდ ფილმი თანამედროვე ხელოვანისთვის თითქმის წარმოუდგენელ თვისებაზე - დამალოს თავისი სახელი (მთელი თანამედროვე ხელოვნება ხომ არსებითად ეგომანთა დიდი სამჭედლოა), “მანკი” არის ფილმი უხილავის ხილვაზე, დამალულის აღმოჩენაზე.

ჰერმან მანკის სახელს უკავშირებენ ჰოლივუდის ოქროს ხანაში გადაღებული არაერთი ფილმის წარმატებას. მაგრამ მანკის სახელი იმ ფილმების ტიტრებში ან არ ჩანს, ან რაღაცნაირად ბუნდოვნად ჩნდება. მანკის სახელი გამქრალია, რადგანაც ჰერმან მანკი არ თამაშობდა თამაშის იმ წესებით, რომლებიც ჰოლივუდში იყო დამკვიდრებული. როგორც კი ამ წესებს გაემიჯნები, ისტორია მაშინვე ამოგაგდებს... და ყველა დაგივიწყებს. თუკი, რა თქმა უნდა, არ გამოჩნდა ვინმე გადარეული, როგორიც იყო, თუნდაც, პოლინ კეილი, ანდა, თუნდაც, დევიდ ფინჩერის მამა, რომელმაც “მანკის” სცენარი დაწერა, ანდა თავად დევიდ ფინჩერი, დღემდე რომ ვერ მიაღწია ჰოლივუდში იმ აღიარებას, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის.

აღადგენს რა ამერიკას დიდი დეპრესიის შემდეგ, ამერიკას, რომელიც მაინცდამაინც არ იმჩნევს იმას, რაც ხდება ევროპაში 30-იანი წლების დასასრულს, აღადგენს რა ჰოლივუდს, რომელიც აქ მთლიანად საკუთარი ნარცისიზმითაა მოცული, ფინჩერი შეგვახსენებს, რომ კინო კოლექტიური ხელოვნებაა და ავტორის სახით რეჟისორის გამოყვანა არის უსამართლობა. უფრო მეტიც, კინო არა მარტო კოლექტიური ხელოვნებაა, კინოს კიდევ ერთი ავტორი ჰყავს, შესაძლებელია, მთავარი ავტორი - რეალობა, ცხოვრება. და სწორედ “კამერაში მოხვედრილი” (ზოგჯერ სრულიად შემთხვევით) ეს ცხოვრებაა დევიდ ფინჩერის ფილმის მთავარი გმირი. ამ შემთხვევაში ვინ არის ის კონკრეტული პერსონაჟი, რომელსაც ფინჩერმა “მანკი” მიუძღვნა, უკვე ნაკლებად საინტერესოა - ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორისთვის კონკრეტული ისევ საბაბია იმისთვის, რომ ზოგადსა და მარადიულზე დაგვაფიქროს. ანუ უხილავი გადააქციო ხილულად და მერე, პირიქით, ისევ უხილავისკენ, აბსტრაქტულისკენ დაგვაბრუნოს. ესაა სწორედ დევიდ ფინჩერის ლაბირინთი, რომელიც, ვფიქრობ, ამჯერად მაინც უნდა დააფასოს ამერიკის კინოაკადემიამ.