გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის სახურავის დაზიანების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დასადგენად გამოძიება დაიწყო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წარმართავს. გამოკითხეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტი, კომპანიის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ (სამუშაოების შემსრულებელი კომპანია) ხელმძღვანელი და ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამებოდა რეაბილიტაციისას რეალურად გაწეული სამუშაოები პროექტით განსაზღვრულს და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს საქმე მას შემდეგ გადაეცა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის, დაზიანების გამო გამოძიების დაწყება მოითხოვა.
საია ორი მიმართულებით დაობს - კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება - განადგურება და სამსახურებრივი გულგრილობა.
გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც განგაში ატყდა გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი - ღვთისმშობლის შობის - ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავის დაზიანების გამო, კიდევ ერთი, თუნუქის დამცავი ფენის გაკეთება გადაწყდა. დაზიანებული სახურავის დროებითი გადახურვა ისევ ძველ შემსრულებელ კომპანიას დაავალეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ კომპანიამ ისევ დაარღვია დროებითი გადახურვის მოწყობის ვადები. მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია ისევ განაგრძობს დაზიანებული სახურავის დაფარვას. 10 დღეში თუნუქით უნდა იყოს გადახურული სახურავის ყველა ის სეგმენტი, საიდანაც ტაძარში შეიძლება წვიმის ან დამდნარი თოვლის წყალმა გაჟონოს. „გაზაფხულზე უცხოელი ექსპერტების ჩართვით დაიწყება კვლევა, რათა დადგინდეს მიზეზები, რის შემდეგაც გამოსწორების პროცესი დაიგეგმება“, - აცხადებს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ბექა ბარამიძე.
ღვთისმშობლის შობისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებში დამონტაჟდა სპეციალური სისტემა, რომელიც კედლის მხატვრობაზე მიკროკლიმატური პირობების გავლენას აფასებს. “ტენიანობა და ტემპერატურა წლის ოთხივე სეზონზე გაიზომება და სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალებას მისცემს“, - აცხადებენ სააგენტოში.
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სახურავის რეკონსტრუქცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მოჭიქულმა კრამიტმა გასულ ზამთარს ვერ გაუძლო და დაზიანდა, რის შემდეგაც ტაძარში ფრესკებზე წყალი ჩავიდა. მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის, კედლის მხატვრობის კონსერვაციისა და რეკონსტრუქციის დაწყებამდე აუცილებელი იყო ტაძრის დაზიანებული სახურავის შეცვლა, თუმცა, რეკონსტრუქციის მიუხედავად, რომელზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, პრობლემა ვერ მოგვარდა.